ცოცხალია თუ არა სოსო ოსორაული - ურთიერთგამომრიცხავი ცნობები კონგოდან
ამობეჭდვა · 2017-06-12 16:27:00 · 942 ნახვა

ამ დრომდე გაურკვეველია, ცოცხალია თუ არა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, მათი წყაროს ინფორმაციით, იგი დაიღუპა; ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით კი, ოსორაული ცოცხალია და ამის შესახებ კონგოში მყოფი სხვა ქართველი მფრინავები იტყობინებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ჯარისკაცი კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა 27 იანვარს დაატყვევეს.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც სოსო ოსორაული ოჯახს მიმართავდა. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მეამბოხეები მილიონ დოლარს ითხოვდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ჩანაწერი ძველია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული მხარე ცდილობს, გადაამოწმოს, უტყუარია თუ არა აფრიკიდან მიღებული ინფორმაცია, რომ ქართველი ტყვე შეტაკებისას დაიღუპა. ოსორაულის ოჯახი კი უწყებას უმოქმედობასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი ოჯახის წევრებმა, არასამთავრობო სექტორმა და უბრალო მოქალაქეებმა გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ ოსორაულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის გამოსახსნელად ყველაფერი გააკეთოს.

"ის მაინც გაგვაგებინონ, ცოცხალია თუ მკვდარი", - განაცხადა მფრინავის მეუღლე ნინო ოსორაულმა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია აქვს ის, რასაც მთავრობა აწვდის - რომ "ხელისუფლება მუშაობს ოსორაულის მოსაძებნად".

აქციის მსვლელობისას "მთელი კვირა" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაეგო, მათი მხრიდან კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციას მხოლოდ ოჯახის წევრებს მიაწვდიან.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებს მისი სავარაუდო გარდაცვალების შესახებ აუწყა.

"ჩვენმა წყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოსორაული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. ფაქტობრივი მასალა არ არსებობს, ამიტომ 100%-ით ამას ვერც გაეროს მისია ამტკიცებს და ვერც - ჩვენ. არც თვითმხილველი არსებობს და არც - ცხედარი. ამიტომ 100%-ით ვერ ვადასტურებთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილე ზვიად გოდაძემ.

მისივე ინფორმაციით, ოჯახმა დეტალური ინფორმაცია მიიღო დაკარგული მფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, სხვადასხვა ფოტო და ვიდეომასალასთან ერთად.

"პირველივე დღიდან, რაც ცნობილი გახდა, რომ მფრინავი ტყვედ ჩავარდა შეიარაღებულ დაჯგუფება "23"-ის ხელში, ჩვენი უწყება ყველა რესურსს იყენებს, რომ გაირკვეს მისი ადგილსამყოფელი. ჩვენ ვიმუშავეთ ყველა დიპლომატიური არხის მეშვეობით. ვიმუშავეთ გაეროს მისიასთან, წითელ ჯვართან და კონგოს ხელისუფლებასთან", - აღნიშნა ზვიად გოდაძემ.

მფრინავის მეუღლე ნინო ოსორაულის თქმით კი, უწყების წარმომადგენლები მხოლოდ დაუზუსტებელ ინფორმაციას ფლობენ.

"ბავშვებს დაუბრუნონ მამა, ამას ვითხოვ ყველაზე მეტად. ჩვენც ეს ინფორმაცია გვაქვს ზუსტად, რომ არ დასტურდება არც გარდაცვალება და არც სიცოცხლე. გამოძიება გრძელდება. არც გაერო, არც "წითელი ჯვარი," არავინ ადასტურებს, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილი ნახეს. როგორც ამბობენ, აგრძელებენ მოქმედებას, რომ ინფორმაცია დააზუსტონ, მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მომაწოდონ.

"4-5 თვე გავიდა, გამარკვიონ ბოლომდე, მართლა გარდაცვლილია თუ ცოცხალია. არავისთან პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, ვითხოვ მაქსიმალურის გაკეთებას", - ამბობს ნინო ოსორაული.

ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის განცხადებით, კონგოში მყოფი სხვა მფრინავები მას პერიოდულად ეკონტაქტებიან და რაკი ისინი ამბობენ, რომ ოსორაული ცოცხალია, ამის დამადასტურებელი ფაქტებიც ექნებათ. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მათი ინფორმაცია მცდარი იყოს.

"ჩვენ წლების განმავლობაში ვიმსახურეთ ერთად და, რა თქმა უნდა, კონგოში მყოფ ჩვენს ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებთან პერიოდულად მაქვს მიმოწერა სოციალური ქსელის მეშვეობით.

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია, მივიღე კონგოში მყოფი ჩვენი მფრინავებისგან. ალბათ მათ ამის დამადასტურებელი ფაქტები აქვთ. თუმცა, შესაძლოა, მათი ინფორმაცია არასწორი იყოს", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება გამოსასყიდი თანხის შეგროვებას, გენერლის თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ თანხის მიღების შემდეგ მფრინავს გაათავისუფლებენ.

"გამოსასყიდი თანხის შეგროვებას, არ ვიცი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. არის რისკი. მაგალითად, რა გარანტიაა, რომ თანხის გადაცემის შემთხვევაში ცოცხლად დატოვებენ? ან რამდენად აძლევს ხელს ამბოხებულთათვის თანხის გადაცემა კონგოს ხელისუფლებას? მათ ხომ იციან, რომ ამ თანხით იარაღის შეძენა მოხდება.

"ჯერ კიდევ 4 თვის წინ ვთხოვდი ყველა ჟურნალისტს, არ აეტეხათ ამ თემაზე აჟიოტაჟი, რადგან ამით მეტ ზიანს მიაყენებდნენ სოსოს უსაფრთხოებას. რატომღაც ცხელი თემის გაშუქება უფრო წინა პლანზე დგება, ასეთი საქმეები კი ხმაურით არ კეთდება", - ამბობს ამირან სალუქვაძე, რომელსაც დღეს შეხვედრა აქვს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რათა უწყებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.

"მე რა ინფორმაციაც მქონდა აქამდე, საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაძლებლობების ფარგლებში ჩართული იყო და მუშაობდნენ კონგოს ხელისუფლებასთან, გაეროსთან, წითელ ჯვართან. ვიცი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს ჰქონდათ ეს საკითხი კონტროლზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემზე მეტი ინფორმაცია და კონტაქტები აქვს. ორშაბათს შეხვედრა მექნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, რის შემდეგაც უფრო მეტის თქმა შემეძლება", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

დატყვევებული ქართველი მფრინავის მხარდასაჭერი მომდევნო საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს, 13:30 საათზე, კიდევ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გუშინდელ აქციაზე 2 პირი დააკავეს. ამის მიზეზი მათი მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება გახდა. მათ ბარამიძეს კოდორის გამყიდველი უწოდეს. ინციდენტი მალევე ამოიწურა.