„არ შეიძლება ქართული მიწა ყიდვა-გაყიდვის საგანი იყოს"
ამობეჭდვა · 2017-06-13 00:39:00 · 652 ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ქართული მიწა უცხოელებისთვის ყიდვა-გაყიდვის საგანი არ უნდა გახდეს. როგორც გიორგი ხანიშვილმა რადიო „კომერსანტის" გადაცემაში ,,ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად" აღნიშნა, იმ წლებში, როდესაც უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა ნებადართული იყო, ქვეყანას დიდი ინვესტიციების შემოდინება არ უგრძვნია.

 

„ჩვენ მიწის რესურსებზე თავისუფალი წვდომა გვქონდა, მაგრამ დიდი ინვესტიციების შემოდინება არ დაგვინახავს. უფრო მეტიც, იმ პერიოდში უცხოელი, ვინც შემოვიდა და მიწა ვინც იყიდა, მხოლოდ ყიდვა-გაყივის საგნად იყიდა და არანაირი ინვესტიცია არ განუხოცრიელებია. უბრალოდ დაეუფლა. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ძვირფასი რესურსი - მიწა რეალურ ფასთან მიახლოებული არ არის. არ შეიძლება ქართული მიწა ყიდვა-გაყიდვის საგანი იყოს. თუ ვინმეს უნდა საქართველოში ბიზნესი, იჯარის სახით მიწის რესურსზე წვდომა ექნება და სიკეთეებს თავადაც მიიღებს და გარემოსაც მისცემს. ჩვენ გვჭირდება ინვსტორები, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაინტერესებულნი და არა ყიდვა-გაყიდვით. ეს შეზღუდვა იმას არ გადაწყვეტს, ვინმე ინვესტიციას ჩადებს თუ არა სოფლის მეურნეობაში", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

მისი განმარტებით, საქართველოში მიწის ფასი დაბალია. შესაძლოა, ამით უცხოელებმა ისარგებლონ და კაპიკებად იყიდონ მიწები, ამიტომაც არის საჭირო მიწის მიყიდვის აკრძალვა.

 

„ჯერ კანონი არ მიღებულა და არ ვიცით პარალელურად რა სისტემა იქნება შემოღებული, ამიტომ წინასწარ ამ კანონის ავკარგიანობაზე საუბარი სწორი არაა. ეს არის პოპულისტური თემაა. თბილისში ამდენი უმუშევარია და ამ დროს სოფელში დაუმუშავებელი მიწების სიჭარბეა. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კი იმას ამბობს, უცხოელს მივყიდოთ მიწებიო, როცა ამ მიწების ათვისება ქართველებსაც შეუძლიათ. ადამიანებს, რომლებიც მიწის გასხვისებას ეწინააღმდეგებიან, ერთხელ არ აუღიათ ხელში თოხი და ბარი. სოფლად მცხოვრებ ხალხს მიწა აქვს, მაგრამ არასწორი პოლიტიკის გამო, მასზე გადასახადს არ იხდის და მიწას ბრუნვაში არ აქცევს. ამიტომ ჩემთვის თანაბრად საფიქრალია ისიც, რომ მიწა ბრუნვაში როგორ მოექცეს, თუმცა ისიც საფიქრალია, რომ მავანმა არ ისარგებლოს იმით, რომ საქართველოში მიწის ფასი დაბალია და ეს ძირფასი სიმდიდრე კაპიკებად ხელში არ ჩაიგდოს", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.



ავტორი: commersant.ge