ოკუპირებულ ახალგორში ქართველების დიდი რეპრესიები იწყება
ამობეჭდვა · 2017-06-14 00:40:00 · 613 ნახვა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ქართველების წინააღმდეგ დიდ რეპრესიებს აანონსებს და რამდენიმე ბრძანებას გასცემს: პირველი, ცხინვალის შემდეგ ახლა უკვე ახალგორში ქართველების კუთვნილი სახლები, რომლებშიც ბოლო 5 წელია, არ ცხოვრობენ, ჩამოერთვათ და ოსებს დაურიგდეთ.

ანატოლი ბიბილოვი ასევე უკმაყოფილოა იმითაც, რომ ახალგორის სკოლებში სწავლება მთლიანად ქართულად და ქართული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს და ამბობს, რომ როგორც "რესპუბლიკის" დანარჩენ სკოლებში, სწავლება უნდა გახდეს რუსული, ქართული კი რიგით საგნად უნდა დარჩეს.

გარდა ამისა, დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ვისაც სახლების შენარჩუნება სურს, ახალგორში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს, ხოლო ვინც მუდმივად ცხოვრობს, ვალდებულია, აიღოს ე.წ. პასპორტი.

ამ "პასპორტის" მიღებისას კი ერთი რადიკალური მოთხოვნაა, "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეობის მსურველმა სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადოს და ამის შესახებ წერილობითი განაცხადი რეგიონის ე.წ. "კაგებეში" უნდა წარადგინოს.კონკრეტულად კი, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მისი დავალებით მალე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ახალგორში იმ კომუნალური სახლების იდენტიფიცირებას მოახდენს, სადაც მფლობელები 5 წელზე მეტია, არ ცხოვრობენ და მიტოვებულია.

საუბარია იმ სახლებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებშია განთავსებული და ბიბილოვმა ამით ქართველებისთვის სახლების ჩამორთმევა დააანონსა.

"ეს სახლები უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და შემდეგ დაურიგეთ იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ჩვენ ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს წლობით, როდის დაგვიბრუნდებიან. მარტივად გადასაწყვეტი საკითხია - საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი", - აღნიშნა ბიბილოვმა.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველებისთვის სახლის ჩამორთმევის ფაქტები ადრეც ყოფილა, მაგალითად, 90-იანი წლების ომის შემდეგ, როდესაც ცხინვალიდან ქართველები გამოაძევეს, მათი სახლები ოსებმა დაინაწილეს და დღეს ყველა ქართველის სახლში ოსური ოჯახები ცხოვრობენ.

ახლა კი, ცხინვალში ქართველების სახლების მისაკუთრების შემდეგ სეპარატისტებმა თვალი ახალგორის სახლებსაც დაადგეს. ანატოლი ბიბილოვი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ახალგორის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება რუსულით ჩანაცვლდეს.

როგორც ბიბილოვმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განმარტა, სკოლები ე.წ. რესპუბლიკის საერთო განათლების სისტემაში უნდა მოექცეს, რაც სწავლების რუსულ მოდელზე და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს.

"ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი იმისა, რომ სკოლებში ქართული ენა ისწავლებოდეს, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ და სამუშაოდ ისევ აქ ბრუნდებიან.

"ამიტომ ვალდებულები ვართ, შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ. ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი და ამას არ უნდა მოჰყვეს აჟიოტაჟი, თითქოს რაღაც იკრძალება. ჩვენ არაფერს ვკრძალავთ", - აღნიშნა ბიბილოვმა.

საგულისხმოა, რომ ქართული სკოლები უკვე წლების წინ დაიხურა ოკუპირებულ გალის რაიონში რაულ ხაჯიმბას "გაპრეზიდენტების" შემდეგ და ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ერთი ქართული სკოლაც არ არსებობს.

უკვე იგივე ანტიქართულ კამპანიას აანონსებს ახლად "გაპრეზიდენტებული" ანატოლი ბიბილოვიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი სანაკოევი ამბობს, რომ ბიბილოვი ამ განცხადებით ცდილობს, დააშინოს წეროვანში მცხოვრები ქართველები, თუ არ დაბრუნდებიან, სახლებს ჩამოართმევს და უნდა, ამ დაშინებით ისინი დააბრუნოს.

ამბობს, რომ ცხინვალშიც წაართვეს ქართველებს სახლები, სადაც ახლა ოსური ოჯახები ცხოვრობენ და შესაძლოა, მსგავსი სურვილი ჰქონდეთ ახალგორშიც, რომ ოსები შეუშვან ცარიელ სახლებში, მაგრამ ამას იურიდიულად ვერ გააფორმებენ.

"ეს დებილიზმია. როცა საკუთრებაა სახლი, მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრობს თუ არა მფლობელი. არანაირი კანონი არ არსებობს, ადამიანს საკუთრება წაართვა. რა უნდა მოიგონოს ბიბილოვმა?

"დიდი ლიახვის და პატარა ლიახვის ხეობაში მათ ეთნოწმენდა ჩაატარეს და კიდევ შესაძლებელია, იქ დარჩენილ სახლებში ჩაასახლონ ვინმე, მაგრამ ახალგორში ომი არ იყო და წარმოუდგენელია, ეს როგორ უნდა მოხდეს.

"კი, ახალგორიდან უმეტესობა წამოსულია და აქეთ, წეროვანში, ცხოვრობს და ეს ადამიანები ჩადიან კიდეც ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - ამბობს სანაკოევი.

სანაკოევის თქმით, ახალგორში სულ 6 ქართული სკოლაა, სადაც სწავლება სრულად ქართულად ხდება, წიგნებიც თბილისიდან ჩადის და მოსწავლეებმა ქართულად უნდა ისწავლონ, ხოლო თუკი ამ სკოლებში რუსულ სწავლებას შემოიღებენ, ამას ყველა დონეზე გააპროტესტებენ.



ავტორი: "რეზონანსი"