"ეს ერთადერთი დღესასწაულია, როცა ქართველები და ოსები ერთად აღნიშნავენ ლომისობას"
ამობეჭდვა · 2017-06-15 00:19:00 · 715 ნახვა

აღდგომიდან მეშვიდე კვირას, როცა ოთხშაბათი თენდება, სოფელი მლეთა მომლოცველებით ივსება. "დიდება დიდ ლომისას", - ილოცებიან ამ დღეს არაგვის ხეობის სტუმარ-მასპინძელნი...

სანამ კავკასიონიდან მზის პირველი სხივი ამოანათებს, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, მომლოცველები ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისკენ აღმართს მივუყვებით. ჩემს წინ ფეხშიშველი მიდიან ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, მხრებზე მცირეწლოვანი შვილი ჰყავს შემოსმული. შვიდ კილომეტრიანი ციცაბო ბილიკის ავლას ასე აპირებენ მადლობის ნიშნად - რამდენიმე წლის ლოდინის შემდეგ ამ სალოცავის ძალით შეეძინათ შვილი...

გზა თანდათან რთულდება. თვალწინ იშლება მთიულეთის, ხევისა და ხადას ულამაზესი ხეობები. გზის მეოთხედი რომ ავიარეთ, მაშველთა ჯგუფი შემოგვხდა. რამდენიმე დაშავებული ჩავიყვანეთ ნეიტრალურ ზონამდე, იქიდან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები სტაციონარში გადაიყვანენ. ძირითადი ტრავმები კიდურების მოტეხილობა და დაჟეჟილობააო, - გვითხრეს.

ლეგენდა
ჩრდილში შევისვენეთ. ჩემ გვერდით ჭარმაგი კაცი ჯდება. 82 წლის რეზო პაპა უკვე მეოთხედ ადის ლომისის ტაძარში. დაღლილია, მაგრამ ტაძრის დაარსების ლეგენდას მაინც დიდი ენთუზიაზმით მიყვება:

- "წმინდა გიორგი შვიდი ათასი ტყვის მხსნელია. XIII საუკუნეში თამარის საქართველო გაპარტახდა. ხვარაზმელები, ჯალალ-ედ-დინის სარდლობით, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერს არაგვის ხეობაც დაურბევია და 7000 ტყვედ წაუსხამს, თან წაუღიათ მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი. ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე შეუკრავს- დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, არც კაცი და არც საქონელი აღარ მრავლდებოდა. მისნებს მიზეზად გურჯისტანის ხატი დაუსახელებიათ. განრისხებულ სულთანს მისი საკირეში ჩაგდება უბრძანებია. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. ხატიანი ხარი 7000 ტყვესთან ერთად საქართველოსკენ წამოსულა. მთიულეთში შემოსული ხარი, ამ ციცაბო ბილიკს შესდგომია, მის წვერში ასულა და უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ლომა ხარის პატივსაცემად, არაგვიდან ამ მთის წვერამდე ხალხს ცოცხალი ჯაჭვი გაუბამს და ტაძრის ასაშენებლად არაგვის ჭალის ქვა ხელიდან ხელში გადაცემით აუტანიათ. სალოცავსაც ლომისის წმინდა გიორგი უწოდეს".

თხრობა დაასრულა თუ არა, აღამართს შევუდექით. ცოტაც და წმინდა გიორგის ნიშთან მივალთ, - მამხნევებს მოხუცი. ხორაზმიდან მომავალ ქართველ ტყვეებს, რომლებსაც წინ ხარი ლომა მოუძღოდათ, იქ შეუსვენებიათ და ნიშიც აუგიათ. 

მამა ნიფონტი, დვანის თამარ მეფის ტაძრის მოძღვარი: -"ნათქვამია, რაც უფრო ძნელად მიდის ადამიანი სალოცავთან, როგორც შვილს, ისე იღებს ტაძარი, უწვალებლად მისულს - როგორც სტუმარსო". 

ეკლესიის ირგლივ აკლდამების ნაშთებია. საუკუნეების წინათ სწორედ ამ ტაძართან წყდებოდა თითქმის ყველა მნიშნელოვანი სახალხო, ეკონომიკური თუ სამხედრო საკითხი... . ხელისგულივით მოსჩანს ახალგორი, იქით - ცხინვალი... ეს ერთადერთი დღესასწაულია, როცა ქართველები და ოსები ერთად აღნიშნავენ ლომისობას. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ამის ხმამაღლა თქმა აღარ შეიძლება. ალბათ იმიტომ, რომ დაპირისპირებული ქართველებისა და ოსების ერთად ლოცვის შემთხვევაში რუს "მშვიდობისმყოფელებს" ფუნქცია ეკარგებათ... ქსნის ხეობიდან ლომისაზე რამდენიმე ახალგაზრდა ამოვიდა. ვინაობა არ დაუმალავთ და მომლოცველებისთვის ტრადიციული სიტყვებით მისალმებაც არ მორიდებიათ, ერიდებოდნენ მხოლოდ კამერას, რუს სამხედროებთან უსიამოვნება არ სურთ... 

სალოცავის ეზოში, სამრეკლოს მახლობლად, სისხლის გუბეებია. სჩანს, ჩვენს ასლვამდეც ბევრი ცხვარი დაუკლავთ. უამრავი მომლოცველი ამ წეს-ჩვეულებას ალმაცერად უყურებს - ეს ქრისტიანული წესი არააო. აქ მსხვერპლს ეთნიკური ოსებიცა და ქართველებიც ერთად სწირავენ ლომისას. ორივე ერი თავს წმინდა გიორგის ყმად მიიჩნევს. მსხვერპლშეწირვა - მთის წარმართული დღესასწაული თუ ადრექრისტიანული ხანის ქართული სატაძრო დღესასწაული? ამაზე დღესაც ბევრს დაობენ... ძველი აღთქმის მიხედვით ცხვარი ქრისტეს ზვარაკია. ხოლო, ახალი აღთქმით, ყოვლად დაუშვებელია მსხვერპლშეწირვა. 

სოფელ ქურთადან 67 წლის დევნილი მარიამ მარანელი ლომისობაზე უკვე მეხუთედ ამოვიდა: - "როგორც ახლა, წინა წლებშიც ამოდიოდნენ ლენინგორიდან ოსები. რუსი სამხედროებიც მინახავს აქ დღესასწაულზე. ზედმეტი არასდროს უთქვამთ და უკმაყოფილებაც არასდროს მომხდარა".

 

გაგარძელება