„ჩინეთი უნდა გამოეცალოს რუსეთს, როგორც პარტნიორი მის შავბნელ საქმეებში“
ამობეჭდვა · 2017-06-15 00:39:00 · 655 ნახვა

რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და, ასევე - ექსტრემიზმი, აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა და ჩინეთმა დააჩქარეს თავიანთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, რათა ასიმეტრიულად გაუწიონ წინააღმდეგობა ამერიკის სამხედრო უპირატესობას. გენერლის სიტყვით, მოსკოვისა და პეკინის ძალისხმევა მიმართული იყო აშშ-ის ნაოსნობის თავისუფლების შეზღუდვისკენ, ასევე, ჰაერში აშშ-ის უპირატესობისთვის შეფერხების შექმნისკენ.

დასკვნის სახით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის მოწინააღმდეგეა.      

ჯოზეფ დანდორფის ჩამონათვალს სრულად იზიარერბენ ქართველი ექსპერტები. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და, ასევე, ექსტრემიზმი აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი გამოწვევაა, მაგრამ ამ ჩამონათვალში ჩინეთის მოხვედრა სრულიად ახალ ელფერს სძენს ამერიკის მოწინააღმდეგეთა ბანაკს. მართალია, ტრამპის ანტაგონისტური დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ ცნობილია, მაგრამ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან ჩინეთის დასახელება მთავარ გამოწვევად ნამდვილად სიახლეა.    

„არ ვიცი, ჩინეთი რამდენად სწორად არის დასახელებული ამ სიაში, მაგრამ რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი რომ ნამდვილად მხარს უჭერენ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს, ეს ფაქტია“,- აცხადებს For.ge-სთან საუბარში ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. მისივე თქმით,  ცალკე მდგომ ამერიკას არ შეუძლია ამ პრობლემასთან გამკლავება. ამ შემთხვევაში, ამერიკის გვერდითაა ევროპაც და, მთლიანად, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი ცდილობს, რომ ეს ქვეყნები სწორ გზაზე დააყენოს.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის აზრით, ამჟამად ყველაზე აქტუალური ჩრდილოეთ კორეის პრობლემაა, რომლის მოგვარებაც დიდ რისკთანაა დაკავშირებული. თუმცა უკვე იკვეთება იმის ნიშნები, რომ ამერიკა კორეის პრობლემის ძალისმიერი ხერხებით მოგვარებას შეეცდება. ყოველ შემთხვევაში, ამერიკა სამხედრო ძალის დემონსტრირებას ცდილობს და, იმედია, კორეის მიმართ წარმოებული პოლიტიკა რაღაც შედეგს გამოიღებს. 

კახა გოგოლაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, ჩინეთიც რისკების შემცველი ქვეყანაა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთი პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ტერორიზმთან. მაშინ, როცა დანარჩენი სამი ქვეყანა აშკარა კავშირშია ტერორიზმთან. უბრალოდ, ჩინეთის პოლიტიკა დასავლეთთან მიმართებით ნაწილობრივ მტრულია და ეს უნდა შეიცვალოს.

„ჩინეთთან ურთიერთობის დათბობა და ჩინეთზე ზემოქმედება აუცილებელია, რათა ჩინეთმა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ. ჩინეთი უნდა გამოეცალოს რუსეთს, როგორც პარტნიორი თავის შავბნელ საქმეებში, არ უნდა უჭერდეს მას მხარს, რადგან ჩინეთი სწრაფად მზარდი ქვეყანაა და ეს გახლავთ ქვეყანა, რომელიც კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, საკმაოდ განსხვავებულია რუსეთის, ირანისა და კორეისგან.

ვერც იმას გავექცევით, რომ  ჩინეთში მოძველებული სოციალისტური სისტემაა და  რეალურად ეს არის ერთპარტიული სისტემა. ნელ-ნელა ეს სისტემაც უნდა შეიცვალოს. მიუხედავად ამისა, ჩინეთის პოლიტიკა მაინც ბევრად უფრო მშვიდობიანია. ის არ არის აგრესიული, მიუხედავად იმისა, რომ თავის რეგიონში, განსაკუთრებით, წყნარი ოკეანის რეგიონში გარკვეული კონფლიქტი, ტერიტორიული პრეტენზიები აქვს თავის მეზობელ სახელმწიფოებთან. ამ დროს კი რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა იარაღის ძალით ემუქრებიან ბევრ ქვეყანას და აფინანსებენ საერთაშორისო ტერორიზმს.

განა შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს? ის ხომ სირიაში პირდაპირ უჭერს მხარს ტერორისტულ მთავრობას, რომელიც საკუთარ მოსახლეობას უსწორდება და მასობრივი განადგურების იარაღს იყენებს. ასე რომ, რუსეთი პირველ პლანზე აყენებს თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევად ყველანაირ აკრძალულ და აუკრძალავ ხერხს მიმართავს, მათ შორის,  ტერორიზმის დაფინანსებასაც“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთს, ირანს, ჩრდილო კორეასა და  ექსტრემიზმს ამერიკის სამხედრო უწყება მოწინააღმდეგებად განიხილავს და ამას თავისი საფუძველი გააჩნია. კონკრეტულად,  ამერიკა და რუსეთი ცივი ომის სტადიაში არიან ერთმანეთთან,  ირანი კვლავაც რჩება თეოკრატიული მმართველობის სახელმწიფოდ და გამოწვევად აშშ-სთვის, ჩრდილოეთ კორეაც ამავე კონტექსტშია. თუმცა ჩინეთის წარმოჩენა სამხედრო მოწინააღმდეგედ ეს უკვე ახალი ფენომენია, რადგან თავის დროზე ჩინეთი არ განიხილებოდა ასეთად. უფრო მეტიც,   ამერიკას ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა. ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა.

„ჩინეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამოხატვა ამერიკის ხედვაა და, ცხადია, ამერიკას სრული უფლება აქვს, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დააფიქსიროს საფრთხეები. სავარაუდოდ, ამას ჩინეთის მხრიდანაც მოჰყვება გამოხმაურება, რადგან ჩინეთსა და ამერიკას შორის სამხედრო დაპირისპირების მომენტები არსებობს. თუნდაც იმავე ტაივანის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკელებმა აღიარეს და, რომელსაც 1949 წლიდან ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს?! ასევე, არსებობს პრობლემა კუნძულებთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირეებს, ანუ აქ იაპონიისა და ფილიპინების ინტერესებზეა საუბარი. ასევე, არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა ჩინეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის სრული და უპირობო მხარდაჭერა, მათ შორის, ბირთვული ძალების განვითარების საქმეში“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომლის აზრითაც, ჩინეთსა და ამერიკას კიდევ ბევრი რამ განასხვავებს. მათ შორის, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. არის კიდევ სხვა საკითხებიც, რომელთა მიხედვითაც, ჩინეთი და ამერიკა მოწინააღმდეგეებად ითვლებიან.