დოლარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის, ზაფხული მშვიდად ჩაივლის
ამობეჭდვა · 2017-06-17 00:19:00 · 599 ნახვა

ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით გაზარდა. მოჰყვება თუ არა ამ ნაბიჯს დოლარის გამყარება? ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ გლობალურ ბაზრებზე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. შესაბამისად, არც ლარს ემუქრება რაიმე საფრთხე.

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ წელს უკვე მეორედ გაზარდა ძირითადი განაკვეთი. ამ ეტაპზე მისი დიაპაზონი 1-1.25% იქნება (აქამდე 0,75-1% იყო). აშშ-ში საკმაოდ სწრაფად ამკაცრებენ მონეტარულ პოლიტიკას. ბოლოს ასეთი ნაბიჯი სულ რაღაც 3 თვის წინ გადადგეს, როცა მარტში განაკვეთი ასევე 0,25%-ით აწიეს.

მიუხედავად ამისა, დოლარს გამყარებისკენ ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირიქით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ამერიკული ვალუტა პერმანენტულად სუსტდება. აქედან გამომდინარე, ფედრეზერვების გადაწყვეტილება არის არა დოლარის გამყარებისკენ მიმართული ნაბიჯი, არამედ სწრაფი გაუფასურების თავიდან არიდების ერთგვარი გზა. მაგალითად ისიც კმარა, რომ მარტში მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ დოლარმა გააგრძელა დასუსტება და ახლა ევროსთან მიმართებით უკვე 1,12-ის ნიშნულზეა (იანვარში 1,04-ზე იყო).

ქართველ ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ ამერიკის სისტემა შეეცადა, გარკვეულწილად გაეძვირებინა დოლარი, თუმცა მიმდინარე მოვლენები ლარზე პირდაპირ გავლენას არ მოახდენს.

პროფესორი დავით ასლანიშვილი ამბობს, რომ თუ სხვა გლობალური მოთამაშეები არ აჰყვებიან ამერიკის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, ამას არ მოჰყვება დოლარის გარკვეული პროპორციით ცვლილება.

"ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აწია საპროცენტო განაკვეთი მათ მიერ კომერციულ ბანკებზე გასაცემ სესხებზე, რასაც ჩვენ რეფინანსირების სესხს ვუწოდებთ. ის, რომ ამერიკის სისტემამ გაზარდა პროცენტი, თავისთავად ნიშნავს, რომ გააძვირა დოლარი. თუ სხვა გლობალური მოთამაშეები არ აჰყვნენ ამერიკის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს, იგი ვერ გამოიწვევს დოლარის გარკვეული პროპორციით ცვლილებას. ამას ტრამპის პოლიტიკაც უწყობს ხელს, რადგან ის მიიჩნევს, რომ ძლიერი დოლარი ასუსტებს ეკონომიკას, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება ამერიკულ ექსპორტზე.

რაც უნდა მოხდეს, დოლარის გამყარება მეორე ან მესამეხარისხოვანი მოვლენა იქნება ლარზე ზემოქმედების კუთხით. ჩვენთვის მთავარი ფაქტორები უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს. ამ მხრივ გვაქვს პარადოქსული სიტუაცია. ფინანსთა სამინისტროს მაღალ დონეზე აქვს შესრულებული ბიუჯეტის პარამეტრები, თითქმის 1 მლრდ ლარი აქვს სახაზინო ანგარიშზე. თუმცა ეროვნული ბანკი ატარებს საწინააღმდეგო პოზიციას და კომერციულ ბანკებზე გასცემს დიდი ოდენობით რეფინანსირების სესხს. რომ არა ფინანსთა სამინისტროს მიერ ამოღებული 1 მილიარდი, რეალურად ლარის უზარმაზარი მასა გვექნება მიმოქცევაში და ჩვენი ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდებოდა.

ლარს აღსადგენი აქვს ნდობის ფაქტორი, რაც უნდა გამოიხატოს მოსახლეობის მხრიდან დანაზოგის ლარში შენახვის კულტურაში. ამას ლარიზაციის გეგმა ჰქვია და ცოტა რთული მექანიზმი და გრძელვადიანი პროექტი იქნება. ერთი სიტყვით, ლარის კურსზე დოლარზე მეტად რეფინანსირების სესხების ოდენობა და ბიუჯეტში გადასახადის მობილიზება იმოქმედებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ასლანიშვილმა.

ფინანსისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ლარიც დოლართან მიმართებით, სავარაუდოდ, 2,40-იან დონეს შეინარჩუნებს.

"ფედერალურმა სისტემამ საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით გაზარდა, ლარის სავარაუდო მერყეობის შუალედებიც გამოიკვეთა. მოვლენები იმ პროგნოზით განვითარდა, რაც ფედრეზერვების სხდომის გადაწყვეტილებამდე ვივარაუდეთ. კერძოდ, სხდომამდე აშშ-დან საცალო გაყიდვის მოცულობის, სამომხმარებლო და სამეწარმეო ფასთა ინდექსების არასახარბიელო მაჩვენებლების გამოსვლამ დოლარის შესუსტება გამოიწვია. ეს პროცესი რომ არ გაღრმავებულიყო, სისტემის ხელმძღვანელის მხრიდან ამას მოჰყვა განცხადებები და დღის წესრიგში შენარჩუნდა 2017 წელს საპროცენტო განაკვეთის გაზრდის საკითხი. ჯანეტ იელენმა ასევე გამოთქვა ვარაუდი მშპ-ს ზრდის, უმუშევართა რაოდენობისა და ინფლაციის შემცირების შესახებ. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, დოლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა ტემპი მალევე შეჩერდა.

ეს უკვე აშკარად მიანიშნებს, რომ ინვესტორები ბოლომდე მაინც არ ენდობიან იელენის განცხადებას და ისინი კვლავ ყურადღებით დააკვირდებიან აშშ-დან ეკონომიკური მაჩვენებლების გამოსვლას. დღეს და ხვალ მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ შვეიცარიისა და იაპონიის ბანკებიც, თუმცა, სავარაუდოდ, იქ არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხება ქართულ ლარს, სავარაუდოდ, 2,40-იან დონეს ივნისის ბოლომდე შეინარჩუნებს. გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების მაჩვენებელი გაზრდილია, ტურისტებიც საკმაოდ აქტიურობენ და ბიუჯეტი სანიმუშოდ სრულდება, საგარეო ფაქტორების მხრიდან ძლიერი წნეხი ჯერჯერობით არ ჩანს.

ტექნიკური ანალიზის გათვალისწინებით, თვის ბოლომდე ლარის მაქსიმალური რყევის დიაპაზონს განვიხილავთ 2.3980-2.4500-ის ფარგლებში. შემდეგ ვითარება უფრო პროგნოზირებადი იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.