რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვა დაუწესეს
ამობეჭდვა · 2017-06-19 00:39:00 · 2410 ნახვა

რუსეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მქონე უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოსკოვის სპეციალური ნებართვის - "გამსვლელი ვიზის" გარეშე ეკრძალებათ, ისე, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს.

ეს შეზღუდვა ფორმალურად, უკვე 2 წელია, მოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზე ბინადრობის უფლებით მცხოვრებ უცხოელთა ნაწილისათვის. თუმცა იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც ეს წესი ეხებათ, სულ ახლახან - 7 ივნისს დაუმატეს კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო და უკრაინა, თანაც ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიას არ გაუშუქებია.

შედეგად, რუსული მედიის ცნობით, პრაქტიკულად, უკვე მასობრივი სახე მიიღო რუსი მებაჟეების მიერ საზღვარზე მატარებლებიდან და თვითმფრინავის რეისებიდან იმ უცხოელების ჩამოსმამ, რომელთაც "გამსვლელი ვიზა" არ აღმოაჩნდათ. უფრო მეტიც - მებაჟეები მათ აჯარიმებენ კიდეც ქვეყნის ტერიტორიიდან "გამსვლელი ვიზის გარეშე" გასვლის მცდელობისათვის.

ასეთ უცხოელებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. უფრო მეტიც, პირველი გახმაურებული პრეცედენტიც სწორედ საქართველოს მოქალაქე ქალბატონს უკავშირდება.

ახალი აკრძალვის შესახებ რუსეთის მოსახლეობამ სოციალური ქსელით გაიგო მას შემდეგ, რაც ესპანეთში გამგზავრებისას ერთ-ერთი პოპულარული რუსი ტელეწამყვანის ოჯახს ქართველი ძიძის გამო აეროპორტში პრობლემები შეუქმნეს. ძიძას, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, "გამსვლელი ვიზა" იმ მარტივი მიზეზის გამო არ აღმოაჩნდა, რომ ახალი რეგულაციის შესახებ არ იცოდა. იგი 2000 რუბლით დააჯარიმეს და უკან გაუშვეს, ოჯახს კი ძიძის გარეშე მოუწია გაფრენა.

ამ ინციდენტის გასაჯაროებას რუსულ სოციალურ ქსელებში მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ამ მოვლენას ასე აფასებენ, რომ "საბჭოთა კავშირი საფლავიდან აღდგა", რადგან სწორედ საბჭოთა კავშირის დროს იყო აკრძალული კავშირის ტერიტორიიდან გასვლა ე.წ. სპეციალური გამსვლელი ვიზის გარეშე, რის გამოც საბჭოთა მოქალაქეების აბსოლუტური უმეტესობისთვის უცხოეთში გამგზავრება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

"გასვლის ვიზის" წესის შემოღებით რუსეთში ცხოვრებას ურთულებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ქართველებს. მაშინ როდესაც საქართველოს 28 მარტიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა აქვს და რუსეთთანაც ცალმხრივად გაუქმებულია ვიზები, მოსკოვმა მიმოსვლის გამარტივების ნაცვლად დამატებითი ბარიერი დააწესა.

ამ თემაზე დებატების შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველმა ბახრომ ისმაილოვმა განაცხადა, რომ "გამსვლელი ვიზების" წესი, რომელიც ძალაში 7 ივნისს შევიდა, იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება, რომლებთანაც რუსეთს არ აქვს სპეციალური შეთანხმება. კონკრეტულად კი ეხება საქართველოს, თურქმენეთის, ევროკავშირის სახელმწიფოების და აშშ-ის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებსაც.

საუბარია იმაზე, რომ ვინც რუსეთში ბინადრობის უფლებას მიიღებს, მას რუსეთის ტერიტორიიდან გასვლის უფლება არ აქვს, ხოლო თუკი მოისურვებს, უნდა აიღოს ნებართვა - სპეციალური "გამსვლელი ვიზა", რომელიც პირველი 4 თვის განმავლობში ერთჯერადია და 20 დღეზე მეტხანს რუსეთის საზღვარს იქით ვერ დარჩები. შემდეგ კი, კანონით, უკვე რამდენიმეთვიანი ვიზის გაცემაც ხდება.

ცნობისათვის, მთელი ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც "ფეისბუქში" ტელეკომპანია "დოჟდის" კრეატიულმა პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა ანა მონგაიტმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ოჯახით დასასვენებლად ესპანეთში მიემგზავრებოდა და თან შვილების ქართველი ძიძა მიჰყავდა. ეს ძიძა კი ცოტა ხნის წინ სწორედ იმიტომ აიყვანა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლა აქვთ და, შესაბამისად, მისი ვიზისთვის წვალება არ დასჭირდებოდა.

თუმცა აეროპორტში მისვლისას მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ რუსეთში ბინადრობის დოკუმენტისა და მუშაობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე, რომელიც გადაწყვეტს ქვეყნიდან გამგზავრებას, ვალდებულია, აიღოს "გამსვლელი ვიზა".

"სწორედ ისე, როგორც სსრკ-ში. ანუ ყველა, ვისაც შენგენის ვიზა არ სჭირდება- ქართველები, უკრაინელები და მოლდოველები, რომლებიც რუსეთში ლეგალურად მუშაობენ, ვალდებულები არიან, რუსეთის სახელმწიფოსგან მიიღონ ნებართვა, მაგალითად, რომ გაემგზავრონ სახლში.

"წამების ოთახიდან გამოვიდა ადამიანი, რომელმაც არა თუ არ გამოუშვა ჩვენი ძიძა ჩვენთან ესპანეთში, არამედ უბრძანა, გადაეხადა 2000 რუბლი ჯარიმა იმის გამო, რომ არაინფორმირებული გამოცხადდა საპასპორტო კონტროლზე," - წერს ჟურნალისტი.

მისივე ცნობით, საპასპორტო კონტროლის თანამშრომელმა მას განუმარტა, რომ ახალი რეგულაციები 10 დღის წინ შევიდა ძალაში, "გამსვლელი ვიზის" მისაღებად 20 დღეა საჭირო და ამისათვის დოკუმენტების მთელი პაკეტია შესაგროვებელი.

"ჩვენი აღშფოთების საპასუხოდ გვითხრეს, რომ ყველაფერი, რაც ხდება აქ, ვიდეოფირზე იწერება და თუ გავაგრძელებდით კამათს, მაშინ პრობლემები შემექმნებოდა მეც. ბავშვები ტიროდნენ. ძიძა გაუშვეს სადღაც, ჯარიმებისა და დამცირების ქვეყანაში - უკან რუსეთში, რომლის მიმართაც ვალდებულია, რომ შეიყვაროს ასე, ტერიტორიიდან გაშვების გარეშე," - წერს ტელეწამყვანი და კითხვას სვამს: რაში სჭირდება სახელმწიფოს ეს გამსვლელი ვიზა - უსაფრთხოებისთვის, ბიუჯეტის შესავსებად თუ ადამიანების დამცირებისთვის?

მის ამ პოსტს ათასობით აღშფოთებული კომენტარი მოჰყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია მათაც მედიით გაიგეს; რომ ეს არის კანონი, რომელიც რუსეთმა მიიღო და მათთვის გაუგებარია, "საქართველომ რა უნდა ქნას".

ასევე გვითხრეს, რომ შვეიცარიის საელჩოს გავლით ორშაბათს გამოითხოვენ ინფორმაციას, რუსული მხრიდან მიიღებენ განმარტებებს - შეიცვალა თუ არა რამე, თუ არიან ინფორმირებულები ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეები და, შესაბამისად, შემდეგ შეეძლებათ კომენტარი.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, უცხოეთში გასამგზავრებლად "გამსვლელი ვიზა" დიქტატორული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი აკრძალვაა.

"ასეთი რამ მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია, სხვაგან - არა. ჩრდილოეთ კორეასა და კუბაშია ალბათ. ყველა დიქტატურას ასე აქვს საზღვრები ჩაკეტილი, რადგან უცხოელების ეშინიათ. ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია. რამე რომ იყოს, კონფლიქტის შემთხვევაში შეიძლება, უცხოეთის მოქალაქეები დააკავონ და მძევლებადაც აიყვანონ," - ამბობს შარაშენიძე.

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, ეს შეზღუდვა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება ავტორიტარული გახდა და ადამიანის უფლებათა იგნორირებით ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის რუსეთში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

"არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქეს სადმე წასვლის უფლებას არ უზღუდავენ, ეს წარმოუდგენელია. საინტერესოა, ამ კანონის მიღების მიზეზი რითია ახსნილი. საქართველოზე შეიძლება გავიგოთ, რომ ევროპისკენ სწრაფვის გამო დასაჯეს, მაგრამ თურქმენეთი საერთოდ ნეიტრალური ქვეყანაა.

"რუსეთში ნაციონალისტური განწყობა მაღალია, ძალიან ბევრი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს და, აქედან გამომდინარე, არც მიკვირს, რომ ადამიანის უფლებების იგნორირების ხარჯზე ამგვარი შეზღუდვა დააწესეს," - დასძენს კაკაჩია.



ავტორი: "რეზონანსი"