"7-8 წლის ვიქნებოდი მეფობა რომ მოვინდომე. გურიაში შემოვიკრიბე იქაური ბავშვები..."
ამობეჭდვა · 2017-06-19 21:45:00 · 551 ნახვა

ჯერ კიდევ 7-8 წლის ვიქნებოდი მეფობა რომ მოვინდომე. გურიაში შემოვიკრიბე იქაური ბავშვები და მტკიცედ გამოვაცხადე, რომ მეფე ვარ. შემოვიხვიე ტახტის ირმებიანი გადასაფარებელი, ჩავიცვი დედაჩემის ქოშები. თმებში ყვავილები ჩავიმაგრე და ასე დამშვენებული წარვსდექი გურული ბაღნების წინაშე. გამასეირნეთ თქო მოვითხოვე, წამომასკუპეს სამთვალა "კაჩკაზე" და მარბენინეს თაკარა მზის გულზე კაი ხანს. მშიამეთქი გავეცი ბრძანება.

ჭადი და ყველი მომირბენინეს უცებ, დავიწუნე, აგი მჭადი ცივია და არ მინდა თქო. ასე გამოვიგონე მეფობანას თამაში. გავქანცე ბავშვები. ბაბუაჩემი რომ დავინახე ჭიშკარში შემოსული წამოვხტი მეფის კაჩკა - სავარძლიდან. ვიცოდი გამიბრაზდებოდა. "ბაბუა, მეფე გადავარდა რა ხანია, რა უცნაური ბაღანა ხარ, რაცხას შენ არ მოიფიქრებო მითხრა. მერე მისაყვედურა კიდეც, რეიზა ასულელებ ბაღნებსო, მეორედ ამისთანა მასხრობა აღარ გამაგონოო. მერე, გვაინობამდე ვისხედით მე და ბაბუა პარმაღის წინ, მიყვებოდა ათასჯერ მოყოლილ ამბავს, მეფეზე, ბოლშევიკებზე, მენშევიკებზე, ჟადარემიაზე, გურულ ფირალებზე. იმ ღამით ბაბუას მონაყოლიდან გონებაში ჩარჩენილი სულ ერთი ფრაზა მიტრიალდებდა. "თავისუფლებას ბაბუა არაფერი ჯობია ქვეყნად, მთავრობას გაქცეული ტყეში, ნალიაში დამალული ფირალები მინახავს ბაღნობაში და იგენი სხვანაირად წელში გამართულები და ამაყები იყვნენო. თავისუფლებისთვის ბრძოლა ამშვენიერებს და ალაღებს ადამიანსო". 


მეორე დღეს ახალი თამაში მქონდა უკვე გახაზირებული - ფირალი ვიყავი ხის ფიშტოთი და ყაბალახით თავზე.



ავტორი: ქეთი დოლიძე