დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
ამობეჭდვა · 2017-06-19 20:07:00 · 393 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ სეზონზე პოტენციური საშიშროება უკავშირდება მწერების, მათ შორის ტკიპის ნაკბენებს. ეტაპობრივად დაიწყება კოღოების, ასევე ფლებოტომუსების სეზონი, რომელიც ლეიშმანიოზის გადამტანი მწერია.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ფლებოტომუსები შებინდებისას გამოფრინდებიან. მისი რეკომენდაციაა მშობლებმა თავი აარიდონ ბავშვების შებინდებისას გასეირნებას, ან მათ გრძელსახელოიანი, ღია ფერის სამოსი ჩააცვან.

ამასთან, პაატა იმნაძე მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს ურჩევს, რომ ცხოველები სპეციალური საშუალებებით დაამუშაონ. გასათვალისწინებელია, რომ ტკიპის ხელით მოცილება არ შეიძლება.

კოღოებისაგან თავის დასაცავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი მოსახლეობას დამაფრთხობელი საშუალებებისა და მწერებისგან დამცავი ბადის გამოყენებას ურჩევს, ამასთან, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შავი ზღვისპირეთში სადეზინსექციო სამუშაოებს ატარებს.

კიდევ ერთი რეკომენდაცია რაც ზაფხულს უკავშირდება სიცხის დროს გაგრილება და წყლის მიღებაა.