გაუპატიურებული 13 წლის გოგონა და მისი მოკლული და - ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოება მომხდარზე რეაგირებას ითხოვს
ამობეჭდვა · 2017-06-19 21:07:00 · 338 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში დღეს ქალთა საზოგადოებამ რეგიონში არსებული კრიმინოგენური ვითარება გააპროტესტა ე.წ. დეპუტატებს მიმართა.

„ბოლო პერიოდში რეგიონში შეუქცევადი პროცესები ხდება. სისხლის აღების წესს არაერთი ადამიანი ემსხვერპლა. უკანასკნელმა შემთხვევებმა - 13 წლის გოგონას გაუპატიურებამ და მისი დის მკვლელობამ მამის მიერ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. 

ყველაფერი ეს ეჭვს აჩენს სამართალდამცავი ორგანოების და სამთავრობო უწყებების საქმიანობის მიმართ. 

ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება უკვე საშიში გახდა. გვთხოვთ, სახალხო კრებამ მაინც დააბრუნოს მოვლენები სამართლებრივ ჩარჩოებში, საზოგადოების ჩართულობით შექმნას კომისია, რათა გამოძიებაზე უმკაცრესი კონტროლი დაწესდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მხოლოდ, ამ მიმართვის გავრცელების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საგანგებო სხდომა ჩაატარა დეფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან და ორივე გახმაურებული საქმის უმოკლეს ვადებში გამოძიება მოითხოვა. „არანაირი შეწყალება და არანაირი გამართლება დამნაშავეებს“ - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

დეფაქტო პარლამენტმა კი ორივე საქმე კონტროლზე აიყვანა.

ეშერის მკვიდრი 13 წლის გოგონა 12 ივნისს გააუპატიურეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი, დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. დაცვის ყოფილი წევრი ორდღიანი ძებნის შემდეგ ჩაბარდა ე.წ. სამართალდამცავებს, თუმცა ბრალს არ აღიარებს. 13 წლის გოგონას და კი, 25 წლის ახალგაზრდა 17 ივნისს მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. საქმეში ეჭვმიტანილი საკუთარი მამაა.



ავტორი: 1tv.ge