მონარქიის საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გვმართებს - გიორგი კვირიკაშვილი
ამობეჭდვა · 2017-06-19 20:37:00 · 360 ნახვა

მონარქიის საკითხი, როგორც პატრიარქმაც ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის გადასაწყვეტი,-  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციური მონარქიის შესახებ საუბრისას. 

„ჩვენ პატრიარქისადმი უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია.  მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე.  რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმაც ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის, ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა, დასჭირდეს ათწლეული,  უფრო მეტი  ან ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო. ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, ეს იქნება ძალიან დადებითი. 

ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, მხოლოდ და მხოლოდ.  რა თქმა უნდა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გვმართებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, პირადად მიაჩნია, რომ საკითხს ბევრი დადებითი თუ უარყოფითი მხარე აქვს. 

„პირადად ჩემი აზრია, რომ ძალიან საინტერესოა ეს წინადადება, უამრავი დადებითი მხარე გააჩნია და ეს არ არის არანაირად დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ეს მხოლოდ და მხოლოდ იყო არასწორი ინტერპრეტირება, როდესაც დღეს ჩვენ ამ მიმართულებით მოვისმინეთ კომენტარები“, - განაცხადა პრემიერმა.