პატრიარქის განცხადების საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირება არასწორად მოხდა– პრემიერი
ამობეჭდვა · 2017-06-19 20:27:00 · 113 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიაზე არასწორად დაუკავშირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. 

„რამდენად მე ვუსმენდი კომენტარებს, ძირითადად ოპოზიციის, მოხდა არასწორად დაკავშირება პატრიარქის განცხადების საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან. არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ვმუშაობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი,  დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი.

რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია, მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ  ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. ეს საკითხი, როგორც პატრიარქმაც ბრძანა, არ არის არც დღეის და არც  ხვალის გადასაწყვეტი. ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა, დასჭირდეს ათწლეული, უფრო მეტი ან ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო. ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს,  იქნება ძალიან დადებითი. 

ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით და  ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გვმართებს“, - განაცხადა პრემიერმა.