ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა – დოკუმენტი
ამობეჭდვა · 2017-06-19 22:07:00 · 155 ნახვა

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიამ  დასკვნა გამოაქვეყნა.

როგორც კომისიის დასკვნაშია ნათქვამი შემოთავაზებული რეფორმა ზოგადად პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს და დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესების კუთხით. ასევე ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს. ამასთანავე ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა სცადოს, ამ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმისთვის ყველაზე ფართო კონსენსუსს მიაღწიოს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარია საქართველოს საარჩევნო სისტემაზე, იმის გამო რომ საქართველო კვლავაც რჩება საკმაოდ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, ერთპალატიანი პარლამენტით, აკლია დამოუკიდებელი სასამართლოს ხანგრძლივი ტრადიცია. მსგავს ვითარებაში პარლამენტში არსებობს უმრავლესობის დომინირების რისკი, კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ ყურადღება მიექცეს ძალთა ბალანსის გაძლიერებას, მაგალითად, მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით.

როგორც კომისიის დასკვნაშია ნათქვამი მოქმედი პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით, პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც პარლამენტში პლურალიზმის გაძლიერებას ემსახურება. თუმცა ხაზგასმულია ის მექანიზმები, რომრლიც პლურალიზმის გაძლიერებას უშლიან ხელს, ესენია: 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება; 5%-იანი ბარიერის მიღმა გადაუნაწილებელი ხმების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება; საარჩევნო კოალიციების (პარტიული ბლოკების) გაუქმება.

„მიუხედავად იმისა, რომ 5%-იანი ბარიერი ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება და როგორც ასეთი, არ ექვემდებარება კრიტიკას, ეს სამი მექანიზმი მოქმედებს მცირე პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და უფრო მეტად სამართლიანი წარმომადგენლობისა და საარჩევნო თანასწორობის პრინციპებისგან გადახვევას წარმოადგენს, ვიდრე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭირო აუცილებლობას“, - ნათქვამია დასკვნაში.

ამ ფონზე ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც იყოს მიღებული, როგორიცაა:

- პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს;

- ან ზედა ზღვრის დაწესება გამარჯვებული პარტიისთვის მისაკუთვნებელ გადაუნაწილებელ მანდატებზე;

- და/ან ბარიერის 2-3%-მდე შემცირება, რაც ასევე ეხება პროპორციული სისტემით დარჩენილი მანდატების გადანაწილებას.

კომისიის დასკვანში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება, როგორც ასეთი, თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა კომისიის თქმით არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პრეზიდენტად მუდმივად და ექსკლუზიურად ირჩევდნენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს:

„პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება, როგორც ასეთი, თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა ამოქმედდება არა მომავალი წლის არჩევნებზე, არამედ 2023 წლიდან.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის მიხედვით პრეზიდენტი აბალანსებს ძლიერ მთავრობას დიდი საპარლამენტო უმრავლესობით. ამის შედეგად, არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პრეზიდენტად მუდმივად და ექსკლუზიურად ირჩევდნენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

ამდენად, საჭიროა პარლამენტში პლურალიზმის მეტად გარანტირება და შეკავებისა და წონასწორობის პრინციპები. ვენეციის კომისია იმეორებს რეკომენდაციას გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად განაწილების და/ან ბარიერის დაწევის შესახებ. ამასთან, რეკომენდაციაა, რომ პრეზიდენტის პირველ რაუნდში ასარჩევად საჭირო იყოს კვალიფიციური უმრავლესობა" - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ვენეციის კომისია კვლავ იძლევა რეკომენდაციას, რომ პარლამენტის როლი გაძლიერდეს. დებულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს მთავრობის თანხმობას, უნდა გადაიხედოს.

დასკვნაში საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზეც, კერძოდ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთებაზე:

„საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით (ან მისი ინტერპრეტაციით), ერთნაირსქესიანი ქორწინების შემოღება შეესაბამება კონსტიტუციას. თუ შემოთავაზებული ჩანაწერი პირდაპირ გამორიცხავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, უნდა განიმარტოს, რომ ეს არ ეხება ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს.

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნები, ვალდებულია შესაბამისობაში მოდიოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და მაშასადამე, უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობების სამართლებრივი აღიარება. (მაგალითად, როგორც, სამოქალაქო კავშირები ან ერთნაირსქესიანი ადამიანების რეგისტრირებული ურთიერთობები)

ფუნდამენტური უფლებების თავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას.", - წერია დასკვნაში.

კომისია რეკომედაციას იძლევა, რომ მკაფიოდ იყოს აღიარებული რელიგიის თავისუფლება ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლში; რეკომენდებულია რწმენისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ლეგიტიმური მიზნების ჩართვა, როგორც მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლში და სამოქალაქო და პლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის მე-18 მუხლში;

-„პოლიტიკური პარტიის ტერიტორიული ნიშნით“ შექმნის აკრძალვა (კონსტიტუციის პროექტის 23 (3) მუხლი) ამოღებული უნდა იყოს;

-რეკომენდებულია, რომ ბავშვთა უფლებები ფორმულირებული იყოს ცალკე საკონსტიტუციო დებულებაში.

მართლმსაჯულების შესახებ თავში კომიისიის დასკვნაში წერია, რომ მოსამართლეთა თანამდებობებზე ყოფნა უნდა გახანგრძლივდეს არაორაზროვანი ვადით; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მიერ არჩევა უნდა ჩანაცვლდეს მათი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით;

- პროკურორის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება სამართლებრივი დევნის თუ არდევნის ინდივიდუალურ შემთხვევებში ცალსახად უნდა გამოირიცხოს. თუ ანგარიშვალდებულება პროცედურებისგან გათავისუფლებას გამოიწვევს, გარანტირებული უნდა იყოს საქმეების სამართლიანი განხილვა;

- რეკომენდებულია, უზრუნველყოფილი იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების არჩევა კვალიფიციური უმრავლესობის მიერ, რომლებსაც პარლამენტი ირჩევს; ანალოგიურად, გენერალური პროკურორის არჩევისას;

- საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იმის აკრძალვა, რომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც საარჩევნო წლის განმავლობაში არჩევნებს არეგულირებს (თუ ეს ნორმა არ იქნა მიღებული შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე), არაპროპორციულად ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის კონსტიტუციურობა.

ვენეციის კომისია სახალხო დამცველთან დაკავშირებით რეკომენდაციას იძლევა, რომ სახალხო დამცველის დანიშნვისთვის პარლამენტში უზრუნველყოფილი იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. კომისიის დასკვნით სახალხო დამცველის 5-წლიანი ვადით არჩევა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა მისი უფრო ხანგრძლივი ვადით დანიშნვა შესაძლოა, უკეთესი იყოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.



ავტორი: newposts.ge