ბრაზილია ვენესუელასთვის ცრემლსადენი გაზის მიწოდებას წყვეტს
ამობეჭდვა · 2017-06-20 00:07:00 · 395 ნახვა

ვენესუელის ოპოზიციის თხოვნის გათვალისწინებით, ბრაზილიის მთავრობამ ვენესუელაში ცრემლსადენი გაზის ექსპორტი შეაჩერა. ინფორმაციას  Reuters ავრცელებს.

კომპანია Condor Tecnologias Não-Letais-მა, რომელიც რიო დე ჟანეიროში მდებარეობს, გასულ კვირას არ გაგზავნა ვენესუელაში ცრემლსადენი გაზის ტვირთი, რომელიც ვენესუელის მთავრობასთან დადებული კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

ექსპორტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ბრაზილიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად მიიღეს. 

13 ივნისს, ვენესუელაში დემონტრანტებმა უმაღლესი სასამართლოს შენობა დაწვეს.

ვენესუალის უმაღლესი სასამართლო სამართლებრივ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ყველა მოქმედებას. სასამართლომ კანონიერად ცნო მადურის გადაწყვეტილება, ოპოზიციური წევრების უმრავლესობისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეის დათხოვნის თაობაზე.

დემონსტრაციები ქვეყანაში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პოლიციასთან შეტაკებებში 70-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მოზარდები, ერთ-ერთი 17 წლის ნეომარ ლანდერია.

ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა შეცვალოს სახელმწიფო წყობა და შექმნას 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა.