დიდი გარღვევა - ამერიკული სამხედრო ძალები უკრაინაში და საქართველოს მოლოდინი
ამობეჭდვა · 2017-06-22 00:40:00 · 1430 ნახვა

უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომელიც უკრაინაში ამერიკული სამხედრო სარეზერვო ძალების განთავსებას ითვალისწინებს, ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, საქართველოსთანაც დაწყებულია, თუმცა, ქართული დიპლომატია არ არის სათანადოდ აქტიური.

ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის საქართველოში განთავსება ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, კვირიკაშვილსა და კერის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული მემორანდუმი სრულ იურიდიულ საფუძველს იძლევა.

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერ ანდრეი პარუბიის განცხადებით, უსაფრთხოების შეთანხმება სპეციალური ოპერაციის ჩატარებას, ერთობლივ სამეცნიერო-ტექნიკურ სამუშაოებსა და უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო რეზერვების განთავსებას ეხებამანამდე, აშშ-ში ვიზიტისას უკრაინის რადას სპიკერმა განაცხადა, რომ აუცილებელია ვაშინგტონთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გაფორმება და კიევისთვის ლეტალური იარაღის გადაცემა. მისივე თქმით, ასეთი თანამშრომლობის პრაქტიკა აშშ-ს უკვე აქვს იაპონიასთან, ავსტრალიასა და ისრაელთან.

კონგრესმენ რიკ ლარსენის განცხადებით კი, კონგრესმა შესაძლოა, 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს უკრაინაში ლეტალური იარაღის განთავსების გამო.

მაისის დასაწყისში სენატმა 2017 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 410, 456 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ პენტაგონს შეუძლია, დახარჯოს 150 მილიონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის კუთხით.

შეგახსნებთ იმასაც, რომ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმყოფება, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

ანალიტიკოსი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინის მსგავსი პროცესები საქართველოსთან მიმართებითაც მიმდინარეობს.

"თუმცა, სამწუხაროდ, ქართული დიპლომატია არ არის სათანადოდ აქტიური იმისთვის, რომ პროცესი ინტენსიური და მძლავრი ტემპით წარმართოს. ეს ყველაფერი კი, ისევ და ისევ უსაფრთხოების უზრლველყოფას ემსახურება და ხელშეკრულების სახეს იღებს", - აცხადებს ირაკლი კიკიანი და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან არის მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, რომ უკრაინის ინტერესებს დაიცავს.

"აშშ უკვე იურიდიულად იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ უკრაინის ინტერესებს დაიცავს. აშშ ერიდება პირდაპირ მკვეთრ ქმედებებს, ისეთს, რასაც ჰქვია, მაგალითად, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, მაგრამ იმ მთავარ შედეგს, რისი მოტანაც გაწევრიანებას შეუძლია, აშშ ორმხრივი ხელშეკრულების დონზე დებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გაზრდის უკრაინის უსაფრთხოებას", - აცხადებს ირაკლი კიკიანი.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ პროცესთან დაკავშირებით, მოცულობაც, ვადებიც და სხვა ყველაფერი პრეზიდენტების შეხვედრისას გადაწყდება.

"მიზანი, ერთი მხრივ, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის შეკავებაა, მეორე მხრივ, ამერიკის ინტერესების გაძლიერება რუსეთის აღმოსავლეთ საზღვრებთან. მთავარია, რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი.

"დახმარების ის მოცულობა, რაც დაანონსებულია, არაა საკმარისი, მოკლე ვადებში საგრძნობლად გაზარდოს უკრაინის სამხედრო პოტენციალი. შესაბამისად, უკრაინას პირველ რიგში დახმარება ეკონომიკური რეფორმების, ანუ ეკონომიკის სწრაფი აღორძინების კუთხით ესაჭიროება, რათა მეტი საშუალება ჰქონდეს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება საქართვლოსთან ანალოგიური პროცესის დაწყებას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის ჩვენთან განთავსება ნაკლებ სავარაუდოა.

"ყველაფერია შესაძლებელი. თუმცა, ამ ეტაპზე, არა მგონია, ამერიკის სამხედრო კონტინგენტის საქართველოში განთავსების საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

"რაც შეეხება დახმარებას, გიორგი კვირიკაშვილსა და ჯონ ქერის შორის გაფორმებული მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ამ კუთხით სრულ იურიდიულ საფუძველს იძლევა და რამდენადაც ცნობილია, საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება.

"აქვე დავსძენ, რომ ჩვენ ბევრი დახმარება გვაქვს მიღებული იმავე ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მთავარია, ამ დახმარებების შენარჩუნება ვისწავლოთ. უარყოფითი მაგალითისთვის იროკეზების ესკადრილიის მაგალითიც საკმარისია", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე რუსეთის რეაქცია ტრადიციულად უარყოფითი იქნება.

"რუსეთი ამ ფაქტს ორი მიმართულებით გამოიყენებს. პირველი, ეს იქნება შიდა მოხმარების პროპაგანდა, მეორე კი - უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერება.

"ამ ეტაპისთვის დასავლეთმაც და რუსეთმაც საკუთარი მიზნების მინიმუმს მიაღწიეს, - უკრაინა აღარ მიტრიალდა რუსეთისკენ, თუმცა, ცხელი კონფლიქტის გამო, ახლო პერსპექტივაში ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ დადგება.

"მაგრამ, თუ მოსკოვი ნატო-ს ნაცვლად უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკულ კონტინგენტს იხილავს, დიდ ვერაფერ შეღავათს მიიღებს. ამიტომ, მოსალოდნელი იქნება უკრაინის პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა დესტრუქციული პროცესების გამოწვევის მიზნით.

"ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე ჰამბურგში ოცეულის სამიტზე. ამ შეხვედრისთვის ცუდი ფონი შეიქმნა სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდებით. ამერიკული კონტინგენტის შესაძლო გამოჩენა უკრაინაში კიდევ უფრო გააფუჭებს ამ ფონს", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ფრაზა: "თუ მოსკოვი ნატო-ს ნაცვლად უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკულ კონტინგენტს იხილავს, დიდ ვერაფერ შეღავათს მიიღებს"

ფოტო: ამერიკაში, თეთრ სახლში პეტრო პოროშენკოსა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინამ სრული მხარდაჭერა მიიღო. "გაიმართა სრულფასოვანი, ძალიან დეტალური შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან. აშშ-ის მხრიდან მივიღეთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა", - განაცხადა პოროშენკომ. პოროშენკოს ინფორმაციით, ცალკე განიხილეს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხი.