სტიქია თბილისს, შესაძლოა, კვლავ დაემუქროს
ამობეჭდვა · 2017-06-23 00:39:00 · 798 ნახვა

საქართველოში უხვი ატმოსფერული ნალექის გამო გეოლოგები მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას ელიან. როგორც "რეზონანსთან" გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი აცხადებს, ღვარცოფსაშიშად რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთის რეგიონი, მთიანი აჭარა და კახეთის რეგიონი მოიაზრება, ხოლო მეწყერსაშიშად - მთიანი აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი მცხეთა-მთიანეთის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონები.

რაც შეეხება დედაქალაქს, კვლავ საფრთხის შემცველ ტერიტორიად რჩება მდინარე ვერეს ხეობა. ასევე, საფრთხის შემცველი უბნებია: შეშელიძის, ლიბანის ქუჩები, მუხათგვერდის სასაფლაოს მისასვლელი გზა, მაყაშვილის ქუჩა და მთაწმინდის კალთა.

"უხვ ატმოსფერულ ნალექს წვიმის სახით პარასკევამდე კვლავ ველოდებით, რაც, დიდი ალბათობით, გაააქტიურებს ღვარცოფულ პროცესებს რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთის რეგიონებში, მთიან აჭარასა და კახეთის რეგიონში.

"რაც შეეხება მეწყერ-გრავიტაციულ ზონებს, დიდი ალბათობით, გააქტიურდება ზუგდიდში, მესტია-უშგულისა და თუშეთის საავტომობილო გზებზე, ასევე, შესაძლოა, რიკოთის უღელტეხილზეც.

"მეწყერი კი მთიან აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის ტერიტორიებზეა მოსალოდნელი", - აცხადებს მერაბ გაფრინდაშვილი და აქვე აღნიშნავს, რომ დედაქალაქში კვლავ სახიფათოდ რჩება ვერეს ხეობა.

"დედაქალაქში კვლავ საფრთხის შემცველ ტერიტორიად რჩება მდინარე ვერეს ხეობა, ასევე, საფრთხის შემცველი უბნებია - შეშელიძისა და ლიბანის ქუჩები, მუხათგვერდის სასაფლაოს მისასვლელი გზა, მაყაშვილის ქუჩა და მთაწმინდის კალთა. ამათგან ყველაზე მეტი საფრთხე კი მაინც ვერეს ხეობაშია მოსალოდნელი.

"ხაზგასმით, მინდა, აღვნიშნო, რომ გამოვრიცხავ იმ მასშტაბის სტიქიას, რაც 2015 წლის 13-14 ივნისს მოხდა, თუმცა უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლის შემთხვევაში საგზაო რეციდივები მაინც იქნება.

"რეზონანსის" კითხვაზე, რამდენად არის ხელისუფლება მზად, გაუმკლავდეს სტიქიას და, ამასთან, ეფექტურად გააკონტროლოს სიტუაცია, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი გვპასუხობს, რომ დედაქალაქში უკვე მიღებულია ზომები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სტიქიის შედეგები.

"2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ თბილისის მერიამ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განახორციელეს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება.

"მაგალითად, მდინარე ვერეს ხეობაში გაფართოვდა ჭალა-კალაპოტის ზონა, დაინსტალირდა ადრეული შეტყობინების სისტემები ჰიდროლოგიურ-მეტეოროლოგიური სამუშაოების სახით. ასევე, შენდება ორი მყარნაკადდამჭერი. თუ ღვარცოფი განმეორდა, ეს მყარნაკადდამჭერები შეაჩერებს მყარ მასას და გვირაბები წყალს უპრობლემოდ გაატარებენ.

"ამასთან, ადგილები შერჩეულია იმ პრინციპით, რომ საშუალება გვქონდეს, ღვარცოფის გავლის შემდგომ შევძლოთ ამ მასალის ამოღება, რათა შემდგომი ღვარცოფის გავლის შემთხვევაში თავისუფალი სივრცე იყოს და არ დაგროვდეს ეს მასა, რომელმაც 2 წლის წინ ძალიან დიდი ტრაგედია გამოიწვია", - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, სტიქიის გამომწვევი მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის, ქვეყნის გეოლოგიურ-მორფოლოგიური აგებულება და მეწყრულ-ეროზიული პროცესების მიმართ უკიდურესად დამყოლი ქანები, რითაც საქართველო ნამდვილად გამოირჩევა.

"სტიქიის მთავარი გამომწვევი მიზეზი ქვეყნის გეოლოგიური და მორფოლოგიური აგებულებაა. ჩვენ გვაქვს ვულკანური რელიეფი, რომელიც გეოლოგიურად აგებულია მეწყრულ-ეროზიული პროცესების მიმართ უკიდურესად დამყოლი ქანებით.

"შესაბამისად, ეს არის ორი მთავარი მიზეზი, რასაც შემდგომ ემატება მაპროვოცირებელი ფაქტორები, როგორიც არის უხვნალექიანობა, მიწისქვეშა წყლების რელიეფის ცვლილება და სეისმური ბიძგები ანუ მიწისძვრა.

"ამასთანავე, არ უნდა გამოვრიცხოთ ადამიანის უხეში ჩარევა ბუნებაში. ფერდობების არასწორი მოჭრა, ელექტროკომუნიკაციების არასწორი მოწყობა და ა.შ", - აცხადებს გაფრინდაშვილი.



ავტორი: "რეზონანსი"