გაზის გაძვირება ინფლაციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს
ამობეჭდვა · 2017-06-24 00:40:00 · 633 ნახვა

გაზის გაძვირება ინფლაციას გაზრდის და დააჩქარებს. თუკი სპეციალისტების პროგნოზი გამართლდება და ტარიფი 5 თეთრით მოიმატებს, ქვეყანა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,3%-იან სხვაობას მიიღებს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ფასები სხვა მიმართულებით არ გაიზრდება. ასეთი რამ კი წარმოუდგენელია და ბუნებრივი აირის გაძვირება რეალურად აისახება ყველა მიმართულებით - პურის ფასიდან დაწყებული, ელექტროენერგიის ტარიფის ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში ინფლაცია გაცილებით მაღალი იქნება.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, რომ გაზის ახალი ტარიფი მყისიერად გამოიწვევს პროდუქციისა და მომსახურების გაძვირებას, ანუ ყველა იმ სეგმენტში, სადაც კი გაზის კომპონენტი მონაწილეობს. ცხადია, ზაფხულში სატარიფო ცვლილება შეიძლება ვერც იგრძნოს მომხმარებელმა (იაფი სეზონიც მიზანმიმართულად შეირჩა), მაგრამ ზამთარში მაღალი გადასახადი და ფასები მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

"გაზის ტარიფის 5 თეთრით გაზრდა, რეალურად, 11%-ით გაძვირებას ნიშნავს. ეს არცთუ დაბალი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. გაზი არა მარტო სათბობი საშუალებაა, არამედ გამოიყენება სხვადასხვა საწარმოო დანიშნულებით, მათ შორის, მეტალურგიაშიც. ე.წ. დომინოს პრინციპით გაზრდილი ტარიფი ავტომატურად გამოიწვევს სხვა პროდუქტების გაძვირებას, მარტო პურის კომპონენტში სხვაობა 10-15% იქნება.

იგივე შეიძლება ითქვას სატრანსპორტო ხარჯსა და სხვა კომპონენტზეც. მაგალითად, თბოელექტროსადგურები იყენებენ ბუნებრივ აირს ელექტროენერგიის საწარმოებლად. ამიტომ თუ გაზი გაძვირდება, ადრე თუ გვიან დადგება საკითხი, რომ ისედაც ძვირი ელექტროენერგია კიდევ უფრო გაძვირდეს", - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ.

სტატისტიკოსის გათვლით, ინფლაციის საერთო მაჩვენებელიც შეიცვლება, რაც საბოლოოდ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე ნეგატიურად აისახება.

"გაზის ტარიფის 11%-იანი ზრდა დაახლოებით 0,30 პროცენტით დააჩქარებს ინფლაციას. ზაფხულში მოხმარება მინიმალურია და ხალხიც ნაკლებად იგრძნობს ტვირთს, მაგრამ სხვაობა საგრძნობი იქნება ზამთრის პერიოდში. ბუნებრივი აირი ისეთი პროდუქტია, რომელიც სხვა საქონლისა და მომსახურების ფასის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ინფლაციის ჯამური ეფექტი გაცილებით მაღალი იქნება, კონკრეტულად რამდენით, ჯერჯერობით მიჭირს ვარაუდი.

ნებისმიერი გაძვირება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს. საქართველო, როგორც ევროპის ქვეყნები, ბუნებრივი აირის ინტენსიური მომხმარებელია. ევროპაში 1კბ/მ გაზი დაახლოებით 60-70 ევროცენტი ღირს. ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ტარიფი დაახლოებით 4-ჯერ დაბალია, მაგრამ ევროპაში მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა 10-ჯერ მაღალია, ვიდრე საქართველოში. თანაბარ პირობებში რომ დავიანგარიშოთ, ჩვენს მოსახლეობას 2,5-ჯერ ნაკლები შესაძლებლობა აქვს ბუნებრივი აირის შესაძენად, ვიდრე ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

ცხადია, გაზის გაძვირება მეწარმეებს სერიოზულად დააზარალებს. ისინი პირდაპირ აცხადებენ კიდეც, რომ გადასახადის გაძვირების კვალდაკვალ წარმოებული პროდუქციის გაძვირება მოუწევთ. საბოლოოდ კი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დაზარალებული ხალხი დარჩება, რომელსაც მთავრობა ყოველდღე უმეორებდა, რომ კურსის მერყეობას ფასების ზრდა არ მოჰყვებოდა.

ბუნებრივი აირის გაძვირების გამო საფასო ცვლილება უმეტესწილად მოსალოდნელია საცხობებში, საკონდიტროებში, კაფე-რესტორნებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. მეწარმეთა განცხადებით, ტარიფის გაზრდას ასევე საწარმო დანახარჯის მატება მოჰყვება.



ავტორი: "რეზონანსი"