“იძულებული ვიყავით მიწა გაგვეყიდა“ - როგორ და ვინ გაასხვისა კუმისში არაბებზე მიწები?
ამობეჭდვა · 2017-06-25 23:59:00 · 778 ნახვა

კუმისში არაბების მიერ მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდია აქტიური საუბრები მიდის. ერთ-ერთი ვერსიით, არაბმა ინვესტორებმა იქ გასართობი კომპლექსი უნდა ააშენონ, მეორე ვერსიით კი არაბული სოფელი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.„კომერსანტი"დაინტერესდა, რეალურად ვინ გეგმავს კუმისში აღნიშნული კომპლექსის თუ მთლიანად ახალი სოფლის მშენებლობას, როგორ გასხვისდა არაბებზე ქართული მიწები და როდის დასრულდება მშენებლობა?


როგორც „კომერსანტისთვის"გახდა ცნობილი, ორიოდე წლის წინ აღნიშნული ტერიტორიის 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე, არაბზე გასხვისდა, დანარჩენი 20 პროცენტის მფლობელი კი ეროვნებით  ქართველი ფიზიკური პირია. ჩვენივე ინფორმაციით,საუბარია, კუმისში, 200 ჰექტარ  მიწის ნაკვეთზე, სადაც ინვესტორი რამდენიმე მილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. საუბარია, 2 სართულიანი კოტეჯების და გოლფის მოედნების მშენებლობაზე.


კუმისში, 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთის არაბებზე გასხვისების ფაქტს ადასტურებენ გარდაბნის რაიონის გამგეობაშიც. გამგებლის მოადგილე ზვიად მაჩაბელი „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, რომ 2006 წელს შპს „კუმისი 21-მა" აუქციონის წესით 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც 2016 წელს საქართველოს მოქალაქე, არაბზე გაასხვისა.


მისი განმარტებით, ამ უკანასკნელმა კი ეს ტერიტორია დაყო და უკვე არაბ მოქალაქეებზე გაყიდა. „ახლა მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე შეზღუდვაა, თუმცა, მათ მოასწრეს ყიდვა. 2017 წლის თებერვალში, საჯარო რეესტრის ამონაწერში უკვე ასე ფიქსირდება" -აცხადებს მაჩაბელი. 

 

გამგებლის მოადგილისთვის უცნობია, რა პროექტის განხორციელებას გეგმავენ არაბები,რადგან ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვაზე განაცხადი არ შესულა.

 


რატომ გაასხვისა ქართულმა კომპანიამ არაბებზე მიწები, აღნიშნული კითხვით „კომერსანტმა" შპს „კუმისი 21-ს" მიმართა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, რომ 2016 წელს ლარის დევალვაციის გამო, კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. „2015 წელს, როდესაც ლარის დევალვაცია დაიწყო, კომპანიას დაახლოებით, 1.5 მილიონი დოლარის სესხი ჰქონდა აღებული. ლარის გაუფასურების გამო, საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ, ამიტომ, კრედიტი რომ დაგვეფარა, იძულებულები ვიყავით მიწა გაგვეყიდა. ჩვენ ეს მიწა არაბი წარმოშობის, საქართველოს მოქალაქეზე გავყიდეთ"-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდაბნის გამგეობაში კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განაცხადი არ შესულა, შესაბამისად, ოფიციალურად უცნობია, თუ რას ააშენებენ არაბი ინვესტორები კუმისში, ეს იქნება გასართობი კომპლექსი თუ არაბული სოფელი. "კომერსანტი" აღნიშნულ საკითხზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს და ინფორმაციას, თუ რა განთავსდება აღნიშნულ ტერიტორიაზე, დასახლდებიან თუ არა იქ არაბები, როგორც ამაზე ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობდა, მოგვიანებით კიდევ შემოგთავაზებთ. 



ავტორი: commersant.ge