გალის ქართველობა სოხუმში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს
ამობეჭდვა · 2017-06-25 23:37:00 · 849 ნახვა

ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ქართველები რუსეთის მოქალაქეობას ითხოვენ. სწორედ ამ მოთხოვნით სოხუმში, რუსეთის "საელჩოსთან," მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. გალელების პროტესტს ბუნებრივს უწოდებენ ქართველი ექსპერტები.

ცნობისთვის, 22 ივნისს სოფელ ნაბაკევში გალში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და რუსეთის ან აფხაზეთის "მოქალაქეობა" მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს იყო პირველი დემონსტრაცია, უფრო ფართომასშტაბიანი კი სოხუმში, რუსეთის "საელჩოსთან" გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გალის რაიონის მოსახლეობის "პასპორტიზაციის" პროცესი სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 2008 წლის 26 აგვისტოს, მოსკოვის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ დაიწყო. ქართველი მოსახლეობა იძულებული გახდა, "სხვადასხვა ხერხით" აეღო "აფხაზური პასპორტები", რადგან ის აფხაზეთში ცხოვრებისთვის და თავისუფალი გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტი გახდა.

2014 წელს კი აფხაზური ოპოზიციის პროტესტის და "პრეზიდენტ" ალექსანდრე ანქვაბის გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი გალის რაიონის ქართველებისთვის აფხაზური "პასპორტების" მასობრივი დარიგება გახდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს კანონდარღვევით ხდებოდა და საჭირო იყო გალელებისთვის "მოქალაქეობის" ჩამორთმევა.

2015 წელს ახლად არჩეულმა "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონის მოსახლეობის "პასპორტიზაციის" მოწესრიგების პროცესი დაიწყო, გალის რაიონის რამდენიმე ათას მოსახლეს რაიონული კომისიების მიერ მინიჭებული "აფხაზეთის მოქალაქეობა" გაუუქმა და კომისიების მიერ გაცემული დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელ ბლანკად გადაიქცა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ ხელფასისა და პენსიის აღება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა შესაძლებელი.

2016 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის "პარლამენტის" მიერ მიღებული "კანონით" "უცხოელთა აფხაზეთის რესპუბლიკაში სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", ბინადრობის უფლება ენიჭებათ იმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე 1991 წლის ჩათვლით დაიბადნენ და აფხაზეთში 1999 წლის 12 ოქტომბრიდან მუდმივად ცხოვრობენ, ხოლო "მოქალაქეობის" მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პირი სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს, მოქალაქეობაზე, იტყვის უარს.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ გალში ძალიან ცუდი პროცესი იწყება, თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ეს პროტესტი გალელების მხრიდან სამართლიანი გულისწყრომის შედეგი იყოს.

"ის, რომ გალში მცხოვრებ ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას ისეთი საბუთი, რომელიც მათ სრულფასოვნებას გაუსვამდა ხაზს, არ აქვთ, ფაქტია. ეს "არჩევნებმაც" დაადასტურა - მხოლოდ სამასამდე ადამიანმა შეძლო მასში მონაწილეობა. ეს ადამიანები მეორეხარისხოვნად გრძნობენ თავს. გარდა ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მათ უებნება, რომ თუ უარს იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ "მოქალაქეობას".

"კონკრეტულად ამ აქციასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა არ გამოვრიცხავ, ეს სამართლიანი გულისწყრომის შედეგი იყოს.

"ძალიან ცუდი პროცესი იწყება. ეს არის ის პროცესი, რომელიც აფხაზეთში ერთხელ უკვე გავიარეთ - ამას ჰქვია დექართველიზაცია. გალის რაიონის ჩამოშორებულ სოფლებში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას უკვე უწერია საბუთებში "ეროვნება აფხაზი". ჯარში ვინც მიდის, ბევრ მათგანს აიძულებენ, რომ ჩაიწეროს "აფხაზი".

"ასევე, ვიცი სამშვილიანი ოჯახი, რომელსაც სვანური გვარი ჰქონდა და იმის გამო, რომ სკოლაში სერიოზული დისკომფორტი ექმნებოდათ, ბავშვებს გვარი შეუცვალეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას არეშიძე.

გალში მცხოვრები ქართველების მიერ გამართულ აქციას ბუნებრივს უწოდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც. მისი თქმით, არსებული მდგომარეობის შესახებ მისთვის კარგადაა ცნობილი.

"აფხაზეთის "მოქალაქეობა" ჰქონდათ, თუმცა შემდეგ გააუქმა დე ფაქტო ხელისუფლებამ, ჩათვალა, რომ არასწორად იყო გაცემული.

"ხალხი გაურკვეველ მდგომარეობაშია. შესაბამისად, მათი გულისწყრომა ბუნებრივია. როცა არ გაქვს ამოსუნთქვის საშუალება, იძულებული ხარ, რადიკალურ ზომებს მიმართო და ეს გააპროტესტო.

"მართლა ძალიან შეწუხებულები არიან. მათი პრობლემები ჩვენთვისაც გასაგებია. ჟენევის მოლაპარაკების ამ რაუნდზე ვრცლად ვესაუბრე ყველა მხარეს, საქმის კურსში ჩავაყენე. ვნახოთ, რა იქნება", - გვითხრა ყოლბაიამ.

"რაც უფრო დრო გადის, მით მეტად მცირდება აფხაზეთის დაბრუნების შანსი", - აცხადებს აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე და ისიც ამ პროტესტს ბუნებრივსა და გასაგებს უწოდებს.

"გალის ქართველ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები აქვს. ვერც აქეთ გადმოდიან და ვერც იქით გადადიან. ცხოვრება უნდათ და ამიტომ ვერ ვიტყვით ვერაფერს, რატომ ითხოვენ მოქალაქეობას. ისეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ იძულებული არიან, ეს ნაბიჯი გადადგან.

"მათ თუ არ მიეცათ ბინადრობის უფლება, ჰაერში გამოკიდებულები რჩებიან. არ შეუძლიათ არც უძრავი ქონების ყიდვა და არც მემკვიდრეობით გადაცემა.

"იქიდან გამომდინარე, რომ გალის მოსახლეობის ნაწილი უფრო რუსეთის მოქალაქეობას ითხოვს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი მართული იყოს. რამდენიმე წლის წინ, როგორც კი ხელი მოეწერა მათ შორის "ჩარჩო ხელშეკრულებას", მაშინვე ვთქვი, რომ თანდათან დავკარგავდით აფხაზეთს.

"რაც დრო გადის, აფხაზეთის დაბრუნების შანსი მცირდება. კრემლი მიზანდასახულად მიდის იქითკენ, რომ აფხაზეთი მოსწყვიტოს საქართველოს", - გვითხრა კიკნაძემ.