"გაყიდვები განახევრდა" - რა ელით პეკინის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებს?
ამობეჭდვა · 2017-06-25 19:41:00 · 957 ნახვა

პეკინის გამზირზე მოქმედ სავაჭრო ობიექტებს გაყიდვები 30-50%-ით შეუმცირდათ. ტანსაცმლის ბრენდულ თუ არაბრენდულ მაღაზიებში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხმარებლების ნაკადიც ისეთი აღარაა, როგორც წინა წლების ანალოგიურ პერიოდში იყო. "კომერსანტთან" საუბრისას მაღაზიების მფლობელები თუ მენეჯერები მომხმარებელთა რაოდენობის და გაყიდვების  შემცირებას გზის რეაბილიტაციას უკავშირებენ. ერთი ნაწილი იმასაც ამბობს,რომ ივნისის თვე და ზოგადად, ზაფხული ისედაც არააქტიური პერიოდია და ამ დროს სავაჭრო ობიექტებს ხალხი შედარებით ნაკლებად სტუმრობს.


ამასთან, ტანსაცმლის რამდენიმე მაღაზიაში აცხადებენ, რომ 16 ივნისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო და ერთი მხარე გადაიკეტა, დღეები ისე გადის, რომ მყიდველი საერთოდ არ ჰყავთ. რამდენიმე მაღაზიის წარმომადგენელი კი, აგვისტოში, ერთი თვით მაღაზიის დაკეტვასაც არ გამორიცხავს.


აღსანიშნავია ისიც, რომ პეკინის ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლის თითქმის ყველა მაღაზიას ფასდაკლება აქვს გამოცხადებული, რამაც ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მომხმარებელი უნდა მიიზიდოს.


„ორი დღე არაფერი გაგვიყიდია. რომ ვაკვირდები, ჩვენთან ძირითადად მანქანიანი ადამიანები მოდიან. ცალი მხარე რომ ჩაიკეტა, ამან მომხმარებელი მნიშვნელოვნად შეგვიმცირა. მაღაზიის მეპატრონემ თქვა, ასეთი მდგომარეობა თუ იქნება, აგვისტოში მაღაზია უნდა დავკეტო, რადგან აზრი არ აქვს ასეთ პირობებში მუშაობას. ასევე, საუბრობენ, რომ პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის შემდეგ მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ჩემი აზრით, ეს მომხმარებლის ნაკადზე გავლენას იქონიებს, რადგან მანქანების მოძრაობის მიმართულებას დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა "კომერსანტთან" „ნიუ ბუტიკის" კონსულტანტმა.

 

„ერთი კვირის მონაცემებით, ნავაჭრი 30%-ით არის შემცირებული. მომხმარებელი სხვადასხვა დღეებში ხან იმატებს, ხან - იკლებს. სხვა მაღაზიებთან შედარებით, ჩვენ ის პრიორიტეტი გვაქვს, რომ მეტროსთან ახლოს ვართ და მომხმარებელი ასე უფრო ახერხებს ჩვენამდე მოსვლას. ასევე, ამ სეზონზე ფასდაკლება ისედაც გვაქვს ხოლმე და ვფიქრობთ, რომ ახლა ფასდაკლების ხარჯზე მომხმარებელი მოგვემატება", - აღნიშნა „ვაიკიკის" წარმომადგენელმა ეკა რამინაშვილმა.


„ბოლო დღეებში მომხმარებელი საგრძნობლად შემცირებულია, თითქმის განახევრდა. დამთვალიერებლები ასე თუ ისე დადიან, ანუ ის კატეგორია, რომელიც სულ დადის და მხოლოდ ათვალიერებს, მაგრამ არაფერს ყიდულობს. ჩვენ ჩვეულებრივ მუშაობას განვაგრძობთ და თუ რამე ცვლილება იქნება მოსალოდნელი, ამას უფროსობა გადაწყვეტს", - განაცხადა „ავთანდილის" კონსულტანტმა.

 

მომხმარებლის შემცირებაზე საუბრობენ "ჯორდანოშიც". „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხმარებელი საგრძნობლად შემცირდა და ცუდი სიტუაცია გვაქვს. პეკინის ქუჩაზე მანქანების გაჩერება აკრძალულია, რის გამოც ხალხისთვის მოუხერხებელია მაღაზიებში სიარული. თავდაპირველად, მანქანებს გაჩერების უფლება ჰქონდათ, ახლა - აღარ. მომხმარებლის შემცირება ნავაჭრზე მკვეთრად აისახა, თითქმის განახევრდა. მთავარია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მათ შორის ღამითაც და იმედია, დროულად მორჩებიან. მხოლოდ აქ კი არა, ჩვენს ვაჟა-ფშაველას ფილიალშიც იგივე სიტუაციაა და გზის რეალიბიტაციის გამო, მომხმარებელმა იქაც იკლო".


„მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც შემცირებულია, ასე თუ ისე ტურისტები მაინც დადიან და ვაჭრობენ, რადგან ისინი ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ჩვენც და სხვა მაღაზიებმაც ფასადაკლებები დავიწყეთ, რომ მომხმარებელი ასე მაინც მოვიზიდოთ. ეს სამი თვე, სანამ რემონტი იქნება, აქ ნაკლები ხალხი ივლის, ამიტომ ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ კოლმეურნეობის მოედანზე", - აღნიშნა „ჯინსის" მენეჯერმა.

 

„გაყიდვები 30%-ით შემცირდა. ამას მხოლოდ ქუჩის გადაკეტვას ვერ დავაბრალებ. ზაფხულში მომხმარებელი ისედაც ნაკლებია,თუმცა ტურისტები შემოდიან ხოლმე და ვაჭრობენ. ამ წუთას ჩვენ კარგ მდგომარეობაში არ ვართ. სასურველია, რომ გზის რეაბილიტაცია იმ ვადებში მორჩნენ, რა ვადებიც დაგვითქვეს. ჩვენ მაღაზიას ვერ გავაჩერებთ, რადგან ქირას ვიხდით. ხალხის მოზიდვას ფასდაკლებებით ვაპირებ", - აღნიშნა მაღაზია „სტილის" გამყიდველმა.

 


„4 დღე პრაქტიკულად არაფერი გაგვიყიდია. გამვლელები თუ შემოივლიან და დაათვალიერებენ. ჩვენი მუდმივი კლიენტები გვყავს, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან მოსვლა არაკომფორტულია, ის ხალხი ვისაც ფული აქვს, წავა და სხვაგან იყიდის. ამბობენ, რომ გზა შეიძლებას შემდგომშიც ცალმხრივი დარჩეს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ისევ შემცირდება, რადგან მათთვის, ვისაც მაღაზიაში შემოსვლა და რამის ყიდვა უნდა, მანქანით მოსვლა გაცილებით მოსახერხებელია", - განაცხადა „სოლოს" წარმომადგენელმა ესმა დავითიანმა.

 

თბილისის მერიამ პეკინის ქუჩაზე სრული რეაბილიტაციას დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

 



ავტორი: commersant.ge