აფხაზეთში საკურორტო სეზონი ჩავარდა, ტურისტების რაოდენობამ 80%-ით იკლო
ამობეჭდვა · 2017-06-27 00:39:00 · 1020 ნახვა

აფხაზეთში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი კლება იგრძნობა, რის გამოც ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, ჩავარდნის პირასაა. როგორც აფხაზური ინტერნეტ-საიტები იუწყებიან, წელს, შარშანდელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა თითქმის განახევრდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში წელს, 2016 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 80% შემცირდა, რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების და მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს, რადგან ტურიზმი ფინანსების მოზიდვის და მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ტურისტული სააგენტო "აფსუა-ტურის" დირექტორმა ელიზავეტა მალანიამ განაცხადა, რომ ეს ტენდენცია უკვე აშკარაა და თითქმის ყველა კომპანიას შეეხო.

"ყველა ტუროპერატორმა აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადი მკვეთრად შემცირდა. მაისში თითქმის არავინ ჩამოსულა. ივნისშიც ცოტა ვიზიტორი გვყავს. 2016 წელს ჩვენი კომპანია მოემსახურა 270 სტუმარს, ამჟამად კი - მხოლოდ 70-ს", - ამბობს მალანია.

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. მათ დაევალებათ, გაარკვიონ, რამ გამოიწვია მიმდინარე წლის სეზონზე ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა. ჯგუფს ასევე არსებული სიტუაციის გამოსწორების გზებზე მოუწევს მუშაობა.

ერთ-ერთი რუსი ტურისტი, რომელიც მეუღლესთან ერთად დასვენებაზე ზამთრის სეზონიდან ფიქრობს, ალტერნატივის სახით ოკუპირებულ აფხაზეთსაც განიხილავდა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, აფხაზეთში არსებულმა ფასებმა აიძულა, სხვა მიმართულება აერჩიათ, რადგან ფასები შემოთავაზებულ სერვისს არ შეესაბამება. ტურისტი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთი, როგორც ტურისტული მხარე, არ არის მოწესრიგებული.

"მთელ კვირასთან" საუბრისას ექსპერტმა პაატა დავითაიამ აფხაზეთში ტურისტული კუთხით გაუარესებული სიტუაცია ნაწილობრივ აფხაზეთში კრიმინალის მაღალი დონით ახსნა.

"ეს ხდება იმის გამო, რომ კრიმინალი არის ძალიან დიდი. მეორეც, კრიმინალის ნაწილია თავად სამართალდამცავი ორგანოები. მთავარი პრობლემა თვითონ აფხაზებშია, რადგან მათ მუშაობა არ უნდათ. მათ მხოლოდ ფულის კეთება უნდათ.

"საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთი ასეთი ანეკდოტი: აფხაზს ჰკითხეს, პროფესიით ვინ იყო, მან კი უპასუხა, რომ - აფხაზი. აფხაზი პროფესია იყო. თუ აფხაზი იყო, თანამდებობაზე ინიშნებოდა. მას არ უნდა ემუშავა.

"ახლა ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს მუშაობა არ იციან, ინფრასტრუქტურა ვერ ააწყვეს, ვერაფერი გააკეთეს. სანაპიროები გაწმენდილი არ აქვთ, ლოჯისტიკაც არ უვარგათ. მით უმეტეს, სამართალდამცავი ორგანოები გამოძალვით მუშაობენ.

"რამდენიმე დღის წინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი გააუპატიურეს, ერთი - 16, მეორე 15 წლის. რეზონანსული საქმეა. აფხაზეთში ამას გამოსვლები შეიძლება მოჰყვეს. ამ ყველაფრის ფონზე, აფხაზეთში დასასვენებლად ვინღა ჩავა?" - ამბობს პაატა დავითაია.

ექსპერტ ლევან კიკნაძეს ჩვენთან საუბრისას ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოდ მიაჩნია.

"აფხაზეთს დამსვენებლები ჰყავს. ბევრს საშუალება არ აქვს, მაგრამ ზღვა უყვართ და, ტრადიციულად, ვინც დადიოდა, ის ისევ დადის აფხაზეთში მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ერთგვარი სიძვირე შეინიშნება. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთი მათთვის მაინც ერთ-ერთ იაფ საკურორტო ზონად რჩება.

"აფხაზეთს ძირითადად რუსეთიდან ეძალებიან. ვითარება სახიფათო და კრიმინალური ყოველთვის იყო, არის და იქნება, ამას ვერ დამალავენ და ვერც გვერდს აუვლიან. დამსვენებლთა იმ ნაწილს, რომელიც დიდი ხანია დასასვენებლად აფხაზეთში დადის, ეს ნაკლებად აღელვებს, რადგან მათთვის ამ მხრივ საშიში მდგომარეობა არ არის შექმნილი.

"ტურისტების რაოდენობამ თუ იკლო, ეს აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის. ძირითადად დამოკიდებულია იმ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაზე, რაც რუსეთშია შექმნილი. მიზეზი ეს არის. რა თქმა უნდა, ისიც, რომ ბევრი თავს არიდებს ასეთ ზონაში მოხვედრას. ვითარება არც ისე სახარბიელოა, როგორც სხვა დანარჩენ კურორტებზე", - გვითხრა ლევან კიკნაძემ.