კიდევ ერთი სამშენებლო აფიორა და თაღლითობას შეწირული ბინის მესაკუთრეები
ამობეჭდვა · 2017-06-30 12:57:00 · 4277 ნახვა

„ ჩვენ წარმოვადგენთ ქ. ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N124 მდებარე მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში არსებული ფართების  მესაკუთრეებს. აღნიშნული კორპუსის მშენებლობა დაიწყო 2011 წლის დასაწყისში ამხანაგობა „თამარ მეფის სანაპირო N124“-ის მიერ, პროექტის მიხედვით უნდა აშენებულიყო შვიდი სართული, ჩვენს მიერ საცხოვრებელი ფართების შეძენა მოხდა მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში 2011 წელს და 2012 წლის დასაწყისში. აშენდა მხოლოდ ექვსი სართული ე.წ. „ღია  კარკასის“ მდგომარეობით, ხოლო 2012 წლის მარტიდან მშენებლობა ფაქტობრივად შეწყდა და მიუხედავად პასუხისმგებელი პირების მხრიდან არაერთი დაპირებისა დღემდე აღარ განახლებულა.

 

დღემდე უშედეგოდ ვცდილობთ ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი გზებით პრობლემების მოგვარებას, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პირებთან, რომლებიც კარგად მოფიქრებული და განხორციელებული თაღლითური საქმიანობით, ჩვენი ნდობისა და მოტყუების გზით დაეუფლნენ სხვის კუთვნილ  დიდი ოდენობით თანხებს.  

 

მიგვაჩნია, რომ თქვენი მხრიდან ჩვენი პრობლემებით დაინტერესების შემთხვევაში შევძლებთ საზოგადოებისათვის ცნობილი გავხადოთ  თაღლითთა ჯგუფის საქმიანობა, ამასთან საბოლოოდ დასრულდეს ჩვენს მიერ თაღლითების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავა და მათ მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რათა დამთავრდეს მათი დანაშაულებრივი საქმიანობა.“

 

ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ MediaMall”- ში მოვიდა.

 

წერილის ავტორები არიან ადამიანები, რომლებიც 5 წელია კორპუსის დასრულებას და საკუთარი ბინების მიღებას უშედეგოდ ცდილობენ.

 

მათ გვთხოვეს გაგვერკვია რას ფიქრობენ ამხანაგობის წევრები ბინის დასრულების თაობაზე და მოგვეძია ინფორმაცია აღნიშნული კორპუსის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე.

 

როგორც დაზარალებულები ჩვენთან საუბარში აცხადებენ,  5 წელია ამხანაგობის ხელმძღვანელობა და წევრები სხვადასხვა დაპირებებით და შეთავაზებებით ცდილობენ მათ მოტყუებას და რეალურად არაფერი კეთდება, უარესიც კორპუსის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შესაძლოა ერთ დღეს საერთოდაც ჩამოიშალოს.

 

მათივე თქმით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას  ხელმძღვანელობდნენ ქ. ქობულეთის ადგილობრივი მცხოვრებლები მალხაზ ზოიძე, რომელიც არსებული ინფორმაციით მსჯავრდებულია სხვისი თანხების მითვისებისთვის  და ამირან კომახიძე,რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე, ისინი არ წარმოადგენდნენ ამხანაგობის წევრებს, თუმცა ამხანაგობის წევრებად ფიქტიურად დაფიქსირებული ყავთ ადამიანები, რომლებთანაც აკავშირებთ ახლო ნათესაური და მეგობრული ურთიერთობები. მათ მიერვე ამხანაგობის თავმჯდომარედ რეგისტრირებულია  მალხაზ ზოიძის ბიძა მუხრან ზოიძე, რომელიც წარმოადგენს ბუტაფორიას,მის მოვალეობაში შედის მხოლოდდამხოლოდ ამირან კომახიძის და მალხაზ ზოიძის დანაშაულებრივი საქმიანობის შენიღბვა და მათი უკანონო მითითებების აღსრულება.

 

„ ასევე მათი უშუალო ჩარევით და მონაწილეობით ხდებოდა მშენებარე კორპუსის ვითომდა ამხანაგობის წევრების  ფაქტიურად კი მათი კუთვნილი ფართების გასხვისება. ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას გამყიდველებთან ერთად უშუალო იღებდნენ მონაწილეობას შემძენებთან მოლაპარაკებებში და გვპირდებოდნენ  შემძენებს, რომ  საცხოვრებელ ფართებს ჩაგვაბარებდნენ ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში, ვინაიდან შემძენებს შეძენილ ქონებაში გადახდილი გვაქვს ე.წ. „თეთრი კარკასის“ საბაზრო ღირებულება კვადრატულ მეტრში დაახლოებით 800-იდან 900 აშშ დოლარამდე,  თუმცა როგორც ჩვენის მიერ ასევე სხვა კეთილსინდისიერი შემძენების მიერ გადახდილი თანხები არ მოხმარებია საცხოვრებელი კორპუსის დასრულებას და ამირან კომახიძემ და მალხაზ ზოიძემ ეს თანხები მიითვისეს. დღეის მდგომარეობით მშენებლობის დასრულებაზე პასუხისმგებელი ზემოაღნიშნული  პირები   თავს არიდებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას - საცხოვრებელი კორპუსის დასრულებას. უფრო მეტიც ჩვენ კეთილსინდისიერ შემძენებს, რომლებიც ფაქტობრივად ექვსი წელია ვართ მათგან მოტყუებული დაზარალებულები, გვავალდებულებენ გადავიხადოთ მათ მიერ საცხოვრებელი ფართების ჩვენზე მოყიდვამდე აღებული შეუსრულებელი ვალდებულებების  ხარჯები ( არქიტექტურის, მშენებელი ორგანიზაციების, მერიის),მათ ყოფნით თავხედობა და გვიყენებენ ულტიმატუმს თუ გვსურს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულება  ჩვენ უნდა მოვახდინოთ დამატებით საკუთარი თანხების გაღება, რაც სცილდება ყველანაირ მორალურ, ზნეობრივ და სამართლებრივ ჩარჩოებს და რა თქმა უნდა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებსაც“ - აცხადებენ დაზარალებულები.

 

 

აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობენ  ის პირები, რომლებსაც დაზარალებულები ადანაშაულებენ,  თითოეული მათგანი თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას და ერთმანეთს აბრალებს თანხების გაფლანგვას, რის გამოც მოხდა კორპუსის მშენებლობის შეჩერება.

 

როგორც ამირან კომახიძემ MediaMall”- ს  განუცხადა ის თვითონაც დაზარალებულია და მათგან განსხვავებით ის 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო დაზარალებულია.

 

„მე არ უნდა ჩამებარებინა, თქვენ არასწორად გეუბნებიან ეს ხალხი, ვისაც ჩააბარეს თანხა და ვინც ბინები გასცა ეს არის მუხრან ზოიძე, მეც ისეთივე დაზარალებული ვარ და ასჯერ მეტიც, მომისმინეთ ერთი წუთით, სასამართლო მიდის უკვე მეექვსე წელია, მე ყველაზე დიდი დაზარალებული ვარ, მესაკუთრე მე ვიყავი, ინვესტორი ვინც მოვიდა და ვინც აიღო ვალდებულება, მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობაზე და ელოდებიან პროცესის დამთავრებას . მეექვსე წელია ვერ გაერკვია სასამართლო და თქვენ მე ეხლა მირეკავთ რომ ...მე არაფერ შუაში  ვარ, სამჯერ თუ არა ორჯერ მეტი ზარალი მე განვიცადე, ასე ტელეფონით ამას ვერ გაარკვევთ, ვინც იყო მანდ ამხანაგობის თავმჯდომარე, ვისაც ქონდა ვალდებულება აღებული რომ სახლი უნდა დაესრულებინა, ვინც ხალხს მიყიდა ბინები, ზუსტად მეც იმას ვებრძვი და ხალხიც მას ებრძვის.  მილიონი კითხვა არის მანდ, პირველი ვინც არის ვალდებული რომ ეს სახლი დაემთავრებინა და ჩაებარებინა, ხალხისგან აღებული თანხით,  ეს არის მუხრან ზოიძე.  კიდევ დავამატებ, მაგისი ძმისშვილი არის მალხაზ ზოიძე, ეგ არის მაგ მშენებლობის წარმმართავი, მაგრამ ბიძამისი უფრო ჭკვიანი ეგონა, ფინანსები ვისაც ეხებოდა , ამიტომ ის იყო ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე ამ ამხანაგობის წევრები, 6 კაცი იყო მისი მხრიდან, ისინიც დაზარალებულები არიან... ეს ძალიან რთული საქმეა, უზენაეს სასმართლომდეც კი მივიდა. ახლა უკვე  საქმე დამთავრების სტადიაში მიდის, მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე, რომ მაგათ ეს თანხები მიითვისეს, ათასი მაქინაციებით, ყალბი ხელშეკრულებებით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის რომ ამ ხალხის თანხები მიეტაცებინათ. მუხრან ზოიძეს და მალხაზ ზოიძეს ვადანაშაულებ თანხის გაფლანგვაში“- აცხადებს ამირან კომახიძე.

 

თუმცა როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჩვენთან საუბარში აცხადებს, მან ბინა უშუალოდ ამირან კომახიძისაგან იყიდა და თანხაც მას გადასცა.

 

„დიახ , მე გადავეცი უშუალოდ ამირან კომახიძეს  ბინის საფასური, ის მპირდება რომ აშენდება ბინა, მაგრამ კონკრეტულად როდის არ იცის.  მე იმ მეორეს არ ვიცნობ საერთოდ, მე მინდა გაკეთდეს საქმე, მე ვიცი რომ კომახიძეებიც დაზარალებულები არიან, თუმცა ეს ნაკლებად მაინტრესებს. იმ ვარიანტში რომ ფული არ აუღია ტყუის, რადგან მე მასთან გადავიხადე ფული და მისი რძლისგან ვიყიდე ბინა. თვითონ იყო იქ და რძალზე იყო მინდობილობა გაკეთებული.“

 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, აიღო თუ არა ნამდვილად კომახიძემ თანხა რომელიმე მესაკუთრისგან,  ჩვენ ამირან კომახიძის შვილს, მამია კომახიძეს დავუკავშირდით.

 

მან უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ მსგავსი რამ საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს და მამამისს თანხა არ აუღია.

 

თანხის გადაცემა საერთო არ ფიგურირებს მამაჩემზე,  ეს ჩვენ ვართ თვითონ დაზარალებულები, ჩვენი საკუთრებაა იქ და როგორ გადასცა მამაჩემს. ახლა კიდევ მოგვარების საკითხი დგას, სადღაც 1 თვის თავზე გათავისუფლდება ყველანაირი ქონება და მშენებლობა დასრულდება. 1 თვე ჭირდება ამ ყადაღების მოხსნას, ეს რომ დასრულდება აქედან გამომდინარე მობინადრეები შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, თანხას შევკრებთ თუ სართულებს დავადგამთ და იმით დავასრულებთ მშენებლობას.  თუ ისინი წინააღმდეგი წავლენ სართულის დამატების, მაშინ თანხას დაამატებენ და ისე დასრულდება ეს კორპუსი.  მე ჩემს თავზე ვიღებ მშენებლობას, უბრალოდ შესათანხმებელი ვარ მობინადრეებთან, რას და როგორ მოვიქცევი, ჯერ  ნაადრევია ამ ყველაფერზე სუბარი, ვიდრე ეს ყადაღებიდან არ გათავისუფლდება, ეს ამხანაგობის კორპუსი, რომელიც ჩადებულია ბანკშიც, ყადაღაც ადევს,  იპოთეკებიც არის და წინასწარ საუბარი ზედმეტია, მაგრამ მე თანხმობა განვაცხადე,  კი ბატონო , ამ კორპუსს ავიღებ ჩემ თავზე, თუ მომცემს საშუალებას დამატებითი სართულები“- განგვიცხადა მამია კომახიძემ.

 

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ამხანაგობის თავმჯდომარეს, მუხრან ზოიძეს და ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, მალხაზ ზოიძეს, რომელსაც უშუალოდ თანხების აღებაში და გაფლანგვაში ადანაშაულებენ, როგორც დაზარალებულები ასევე  ამირან კომახიძე.

 

მუხრან ზოიძის თქმით, ფაქტიურად მალხაზ ზოიძე იყო  სახლის თავმჯდომარე, და ის ფიქტიურად , მხოლოდ ქაღალდზე იყო გაფორმებული.

 

კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, რაში გაიხარჯა  ბინის მესაკუთრების მიერ გადახდილი თანხები, ზოიძემ შემდეგი პასუხი გასცა:

 

„თანხები გაიხარჯა მშენებლობისთვის რა თქმაუნდა , რაც შემოსული იყო მთლიანი თანხა, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორთან და ამ წლის ბოლომდე დამთავრდება მაგ სახლის ჩაბარება. რაც შეეხება დამატებითი თანხის გადახდას, მისი  გადახდის სურვილი თვითონ მესაკუთრეებმა გამოთქვეს, მაგრამ მის გარეშე მოხდება. გადაწყვიტეს ინვესტორი ენახათ, რომელიც დაამატებს სართულს და ამის ხარჯზე დამთავრდება სახლი წლის ბოლომდე“.

 

ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხი გაგვცა მალხაზ ზოიძემ. მან თავიდან განაცხადა, რომ უკვე იწყება შიდა სამუშაოები და ახალი წლისთვის წესით უნდა დასრულდეს, თუმცა შემდეგ განაცხადა რომ,   წინა ხელისუფლების პერიოდში ყველაფერი დაკარგა, მათ შორის მშენებლობის თანხებიც მათ მიითვისეს და შესაბამისად არ აქვს პასუხი დასრულდება თუ არა აღნიშნული კორპუსის მშენებლობა.

 

„ახლა იწყებენ უკვე, დავიწყებთ ჩვენ, ახლა წელს უნდა დასრულდეს შიდა სამუშაოები და დამთავრდება. მანდ სასამრთლო იყო, ნაციონალების დროს წამართვეს ყველაფერი და სასამართლო იყო და მედავებოდნენ ვითომ მათი ფულით დავიწყე მშენებლობა და მე იქეთ დაზარალებული ვარ, ჯერ სასამართლოს მიმართეთ და მოკითხეთ და მერე მოდით ჩემთან და მე მელაპარაკეთ.  ხოდა ბიზნესები რომ მქონდა იმ მთავრობამ წამართვა ყველაფერი და ჯერ ისინი დამიბრუნეთ და მერე მაქფერ 5 - ს გაგიკეთებთ საჩუქრად“

 

რაც შეეხება დაპირისპირებას მეორე ხელმძღვანელ პირთან, ამირან კომახიძესთან, მალხაზ ზოიძე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მას არანაირი დაპირისპირება კომახიძეებთან არ აქვს.

 

„მე ამირან კომახიძესთან დაპირისპირებას არ ვადასტურებ და ტყუილად ნერვებს ნუ მიშლით,  იქით იმდენი რაცხები მაქვს წართმეული, ჯერ ის დამიბრუნეთ რაც წართმეული მაქვს და მერე მოიკითხეთ ეგ საქმე, ქობულეთში მარტო მე ვაკეთებდი ყველაფერს. დასაქმებული მყავდა მთელი ქალაქი და რომელიმემ ყურადღება მომაქციეთ,? "ზონტიკის" ქვეშ ვიცხოვრო? სახლები წამართვეს, მანქანები წამართვეს, სასტურმო წამართვეს და მაგ მშენებლობიდან ფულებს ზიდავდნენ და კაი გეხვეწები მაცალე რა ერთი.....“

 

ასევე ერთ-ერთმა დაზარალებულმა  ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ხელმძღვანელი პირები, კორპუსის დასრულებისთვის დამატებით თანხას ითხოვენ.

 

„მათ კიდევ მოგვთხოვეს 5 სართულის დაშენება, რომელიც ჩვენი სახსრებით  უნდა დაგვეშენებინა და გვეჩუქებინა კომახიძისთვის, რადგან ის მიწა,  რაზეც კორპუსი აშენდა ჩემი წინაპრების არისო, რომელიც მიჰყიდა ზოიძეებს, მათი კინკლაობა ჩემთვის მიუღებელია, იქნებ თამაშობდნენ .  ის ინფორმაცია, რომ ინვესტორი ვითომ ნაპოვნია, მინიმუმ 2 წელია ტრიალებს. ჩვენ წავედით თანხმობაზე რომ გადავიხდით კიდევ თანხას, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში სისულელეები წერია, წერია რომ საჭიროა თანხა 80 დოლარიდან და ზემოთ საჭიროების შემთხვევაში და არა კონკრეტული თანხა. მე ისედაც დზარალებული, რომელმაც კვადრატულში 1000  დოლარი გადავიხადე, კიდევ გაურკვეველ თანხას მთხოვ? ასეთ სისულელეზე არ წავალ . ძალიან დავიღალეთ ასე ჰაერში სიტყვების ყრით“- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

 

ვიდრე მასალაზე ვმუშობთ ჩვენ ასევე დავუკავშირდით ერთ-ერთ დაზარალებულს, ნუნუ ბერიძეს, რომელიც სხვებთან შედარებით, უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს მიმდინარე დავასთან დაკავშირებით.

 

როგორც  ბერიძე აცხადებს კომახიძის ბიჭებს  რამდენიმე  დღის წინ შეხვდა და ისინი საკუთარ თავზე იღებენ მშენებლობის დასრულებას  და დაზარალებულები კუთვნილ ბინებს აუცილებლად  მიიღებენ.

 

„3 ჯერ თუ 4 ჯერ შევხვდით , ამათმა მითხრეს რომ მალხაზ ზოიძე  უნდა მოვაცილოთ ამ სახლს, იმას აქვს 76 კვადრატული  ბინა, სხვის სახელზე გაფორმებული, ის თუ ამ სახლს არ მოვაშორეთ ცუდ დღეშ ჩავდგებითო.  მე მითხრა მამუკამ,  მაცალე 3 დღით მივდივარო  და  კვირის ბოლო მე მოვაგვარებ მაგ საქმეს და გეტყვი პასუხსო და ველოდები კვირის ბოლოს რა იქნება. მე ამ მამუკასთან მაქვს უშუალო კავშირი, შემეხმიანა თვითონ და მელაპარაკა ეს ყველაფერი. უბრალოდ მათ უნდათ 1 სართულის დაშენება რომ ხარჯები გაასწოროს.  ამაზე კი ალბათ ყველა მეპატრონე თანახმა ვიქნებით ოღონდ როგორმე შევიდეთ და.. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მოგებითო, რადგან ეს ბიჭი სამ ძალიან ავტორიტეტულ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს და დამპირდა რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერსო“

 

როგორც  MediaMall” - თვის დღეს გახდა ცნობილი ამ დროისთვის ნუნუ ბერიძემ, რომელიც ერთ-ერთი დაზარალებულია, ამხანაგობის თავმჯდომარეობის მოვალეობების შესრულება თავად დაიწყო და მუხრან ზოიძე ჩაანაცვლა.

 

 

აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავა კვლავ გრძელდება, როგორ დასრულდება პროცესი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. დაზარალებულებმა დახმარების თხოვნით მიმართეს, როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს. მათ იმედი აქვთ რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად დაეხმარება და ბინები, რომელიც თავის დროზე საკმადო მაღალ ფასად შეიძინეს, დასრულდება. 

 

 

ნახეთ როგორ გამოიყურება კორპუსი ახლა: