ქვეყანაში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტია!
ამობეჭდვა · 2017-06-28 00:40:00 · 791 ნახვა

ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერაფრით გვარდება. სპეციალისტები დაუფარავად ამბობენ, რომ ქვეყნის ენერგოპოლიტიკა მცდარია. მთავრობა პრობლემებში სულ უფრო მეტად ეფლობა.

ოფიციალურად არსებული მონაცემით, ბოლო 3 წელიწადში ელექტროენერგიის მოხმარება 16%-ით არის გაზრდილი. კიდევ უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც მთლიანად საქართველოდან მარაგდება და უფასო დენს ლამის გაათმაგებული ძალებით მოიხმარს - როგორც უნდა და რამდენიც უნდა!

როგორც ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემიდან ჩანს, 2014 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მთლიანად იყო 10 მლრდ 715 მლნ კვტ/სთ, 2015 წელს ამ მაჩვენებელმა 11 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო მომდევნო 2016 წლისათვის 12 მლრდ 435 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ბოლო 3 წელიწადში ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში 16%-ით არის გაზრდილი.

საინტერესოა აფხაზეთის დე ფაქტო ტერიტორიის ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბი, რომელიც კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე მთელი საქართველოსი. კერძოდ, 2014 წელს აფხაზეთმა წაიღო 1 მლრდ 638 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია. 2015 წელს ეს მონაცემი, რა თქმა უნდა, გაიზარდა და 1 მლრდ 800 მლნ კვტ/სთ შეადგინა, 2016 წლისათვის კი 1 მლრდ 926 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ამ მონაცემით აფხაზეთის ენერგომოხმარება 3 წელიწადში 18%-ით არის გაზრდილი.

ფაქტია, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის სერიოზულ დეფიციტს განიცდის და იმპორტზე დამოკიდებულებაც წლიდან წლამდე იზრდება. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ სიტუაციას ახალი ჰესების მშენებლობაც ვერ ცვლის.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში 250 მეგავატი სიმძლავრის 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. ასევე განხორციელდა 250 მეგავატი სიმძლავრის ორი თბოსადგურის პროექტი. "ეს არის სადღაც 600-700 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია", - ასე შეაჯამა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა ბოლო 4 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტები.

მისივე ინფორმაციით, უკვე განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების გათვალისიწნებით, 5 წელიწადში ჰიდროსადგურებში განხორციელებული ინვესტიცია 4-5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს 15 ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობა. მათი დადგმული სიმძლავრე არის დახლოებით 650 მეგავატი. ეს არის დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. დასრულების ფაზაშია ონის პროექტი (მშენებლობის ნებართვის აღების კუთხით). ეს არის 170 მეგავატი სიმძლავრის ჰესი. სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება ნამახვანის პროექტზე მოლაპარაკებები ინვესტორთან. ეს არის 430 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. ვფიქრობთ, ამას დაემატება რამდენიმე ასეული მეგავატი სიმძლავრის მცირე და საშუალო ჰესი. კიდევ 1 000 მეგავატამდე გვაქვს პოტენციალი, რომ ამ წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყოს მშენებლობა. ეს არის დამატებით 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, ანუ საერთო ჯამში 5 წლის განმავლობაში, წინა წლის 4 წლის ჩათვლით, მივიღებთ 4-5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას", - განუცხადა "საქმის კურსს" ილია ელოშვილმა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ენერგეტიკის დარგს ინვესტიციების გავლენა არ ეტყობა, დეპუტატ რევაზ არველაძის თქმით, მსხვილი ჰესებისადმი მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება და პროტესტია.

"დიდი პრობლემაა ქვეყანაში, რადგან რეალურად გვემუქრება ელექტროენერგიის დეფიციტი. სულ ახლახან გაიხსნა შუახევიჰესის 180 მგვტ სიმძლავრის ჰესი, ცოტა ადრე - 109 მგვტ სიმძლავრის დარიალის ჰესი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მშენებლობა არ მიმდინარეობს იმ ტემპით, როგორიც ჩვენ გვინდა, რადგან ხელისშემშლელი მიზეზი უფრო ხალხია, ვიდრე ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორცილებს. ავიღოთ თუნდაც ხუდონჰესი, ნესტრაჰესი და სხვა, რომელთა მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ ხორციელდება.

ბოლო დროს ხშირად მესმის მზის ენერგიაზე გადასვლასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა, რეალურად იგი ენერგიის არასტაბილური წყაროა, რომელზეც ვერ დავამყარებთ იმედს. სტაბილური წყარო გვაქვს მხოლოდ ჰიდროენერგიის სახით. მიუხედავად იმისა, რომ მოგვეპოვება ქვანახშირის საკმაოდ დიდი საბადოები, ვერც ამ რესურსს ვიყენებთ, გამომდინარე იქიდან, რომ თბოსადგურები საკმაოდ აბინძურებენ გარემოს", - აცხდებს არველაძე და დასძენს, რომ ჰესების მშენებლობა, სადაც ხელი არ ეშლება, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

"მთავრობა პრობლემას განსაკუთრებით მსხვილი პროექტების განხორციელებისას აწყდება. მოსახლეობის პროტესტის გამო ან საერთოდ არ მიმდინარეობს, ან ძალიან ნელა ხორციელდება. გონივრულად უნდა მივუდგეთ. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც წყალსაცავიანი ჰესები ვაშენოთ. ბევრი მდინარე გვაქვს ისეთი, სადაც ჰესი შეიძლება აშენდეს. ლაპარაკი, რომ ძალიან დიდი ზიანი მოაქვს წყალსაცავს, საღ აზრს მოკლებულია.

წელს ველოდებით 1,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტს, შეიძლება ცოტა მეტიც დაგვჭირდეს. დაახლოებით ამდენი იქნებოდა ხუდონჰესის გამომუშავება და იმპორტი, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდებოდა. საქართველოში 2 წელიწადში 230 მგვტ სიმძლავრის ახალი თბოელექტროსადგური აშენდება, მაგრამ დეფიციტს ვერც ის შეამცირებს.

მოხმარება იზრდება და სანამ ახალ სადგურებს უფრო სწრაფი ტემპით არ ავაშენებთ, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ჰესების მშენებლობაზე უნდა ვიზრუნოთ. მზისა და ქარის ენერგია ვერაფერს მოგვცემს, მით უმეტეს - ზამთარში, როცა ელექტროენერგიას გაზრდილი რაოდენობით მოვიხმართ", - აცხადებს ენერგეტიკოსი.

რაც შეეხება ელექტროენერგიის აფხაზეთისთვის მიწოდების საკითხს, არველაძე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას, გარკვეული მოსაზრების გამო, არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

შეიძლება ითქვას, აფხაზეთის ელექტრომომარაგება ის თემაა, რაზეც დღეს ენერგეტიკოსებსა და პოლიტიკოსებს აბსოლუტურად იდენტური მოსაზრება აქვთ. მათი შეფასებით, ქვეყანამ მიიღო ეკონომიკურად წამგებიანი გადაწყვეტილება, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური გამართლება აქვს. ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი მირონ ფირცხელანი ამბობს, რომ აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით მიდგომა შესაცვლელია.

"ახალი არაფერია, მუდმივად ვსაუბრობთ, გადავახდევინოთ თუ არა აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასური. მიდგომა უნდა შეიცვალოს მთავრობის მხრიდან. როცა სახელმწიფო ვიქნებით, სხვა ენაზე დაგველაპარაკებიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პოლიტიკას არ შევცვლით", - ამბობს ფირცხელანი.

ენერგეტიკოსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ენგურჰესის გამომუშავება გაზრდილია, რაც სეზონური ცვლილებითაა გამოწვეული.

"ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს ჭარბი წყლის რესურსი. იმდენად დიდი იყო გაზაფხულზე წყლის მოდინება, რომ იძულებული გახდნენ, წყალსაცავებიდან წყალი დაეღვარათ. თუკი სწორი რეგულირება ხდება, მაქსიმალური გამომუშავებისთვის ახლა საუკეთესო პერიოდია, შესაძლებელია ექსპორტზე ელექტროენერგიის გატანაც. მათ შორის მოხმარება შიდა ბაზაზრეც შესაძლებელია, თუკი ტარიფებშიც იქნება რეგულირების საშუალება. მიმაჩნია, რომ ელექტროენერგია გაზაფხულ-ზაფხულში გაცილებით ნაკლები უნდა ღირდეს, რაც მარეგულირებელმა კომისიამ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოაგვარა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორი პოლიტიკის გატარებას შევძლებთ", - განაცხადა მირონ ფირცხელანმა.