საქართველო და აშშ "ჯიჰადისტების" პირდაპირ სამიზნეში
ამობეჭდვა · 2017-06-29 00:39:00 · 826 ნახვა

"ტრამპ, შენ და შენი ხალხი, მუსლიმანურ ქვეყნებში დაღვრილი სისხლის თითოეული წვეთისთვის აგებთ პასუხს!" - მსგავსი შინაარსის განცხადება ჰაკერებმა აშშ-ის მმართველი ორგანოების საიტებზე განათავსეს, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ტერორისტული აქტების წინასწარ დაანონსებას ნიშნავს.

 

მათივე თქმით, მაისის თვეში კიბერთავდასხმა ჯერ საქართველოს ერთ-ერთ საიტზე განხორცილდა, სადაც ასევე მუქარის შემცველი ტექსტები და ფოტომასალა აიტვირთა.

 

ჰაკერებმა აშშ-ის რამდენიმე შტატის ოფიციალურ გვერდზე შეაღწიეს, რომელთა აღდეგენითი სამუშაოები და მონიტორინგი ახლაც მიმდინარეობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ჯგუფი სისტემა დზ" აიღო.

 

ანალიტიკოსის, ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჯიჰადისტები აღნიშნული ქმედებით რამდენიმე მომენტს აფიქსირებენ: "მუქარის გასავრცელებლად სოციალური მედია ყველაზე ძლიერი საშუალებაა, რადგან სოცქსელები საერთაშორისო საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ სოციალურ მედიაზე განხორციელებული შეტევები უფრო დიდი ეფექტით სარგებლობს."ამასთან, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ჰიბრიდული ომის ელემენტებზე გადავიდნენ და ამით ჯიჰადისტები აფიქსირებენ, რომ: პირველი, სოციალურ მედიაზე წვდომის ფართო საშუალებები აქვთ; მეორე, ამას აქვს ფოკუს ჯგუფირების ეფექტი, რადგან ყველაზე მრავალრიცხოვან აუდიტორიაზე ახდენენ გავლენას; მესამე, ისინი ახორციელებენ კიბერტერორისტულ შეტევას და მეოთხე, მათ შეუძლიათ ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოყენება", - აცხადებს ვახტანგ მაისაია და აღნიშნავს, რომ მსგავსი შეტავა პირველად საქართველოზე განხორციელდა.

 

"პირველი ასეთი დარტყმა საქართევლოზე მოხდა. ეს იყო საკმაოდ ცნობილი საიტი "ფორ.ჯი". ამ შემთხვევაშიც ზუსტად იმავე სტილით მოხდა თავდასხმა, საიტი გათიშული იყო 12 საათის განმავლობაში და იქაც დაიდო მუქარის შემცველი ტექსტი არაბულ ენაზე.

 

"ასევე, ახლდა ფოტომასალა, სადაც ასახული იყო, აშშ და რუსეთი როგორ ბომბავენ სირიულ ქალაქებს და ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას.

 

"რატომღაც ამ ფაქტს ქართულმა საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია, არადა, ეს იყო საქართველოზე განხორციელებული ყველაზე სერიოზული კიბერშეტევა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ, საქართველო და აშშ აღმოჩდნენ ჯიჰადისტების პირდაპირ სამიზნეებში", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

 

მისივე თქმით, ტექსტი, რომელიც ჰაკერებმა გაავრცელეს, ძალიან სერიოზული და საფრთხილოა, რადგან ამით ფაქტობრივად, ტერორისტული აქტის წინასწარ დაანონსება მოხდა.

 

"როგორც იცით, აშშ-ში უკვე განხორციელდა საკმაოდ სერიოზული ტერორისტული შეტევები, რომლებზეც პასუხისმგებლობა დაიშმა აიღო. ფაქტობრივად, მათ ამ განცხადებით დააფიქსირეს, რომ გააჩნიათ ყველანაირი რესურსი, რათა განახორციელონ როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური ტერორისტული კამპანია. ეს არის ძალიან ყურადსაღები ფაქტი, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული თავდასხმები.

 

"მათ ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ლათინურ ამერიკაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებთან, რომლებიც მათ მომხრეებს არალეგალურად გადასვლის საშუალებას აძლევენ. მათ საკუთარი ქსელები აქვთ აშშ-ში, ისევე როგორც საქართველოში.

 

"სხვათა შორის, ჩემმა კოლეგა მამუკა არეშიძემ, თქვენს გაზეთთან ინტერვიუში თქვა კიდეც ამის შესახებ, "ისლამური სახალიფოს" დაიშის მებრძოლები უკვე საქართველოშიც არიანო", - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მსგავსი კიბერშეტევა საქართველოზე კიდევ განხორციელდეს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

 

"მაშინ, როდესაც ასეთი შეტევა საქართველოზე მოხდა, ამას უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი რეაგირება და ეს უნდა ყოფილიყო დღის მთავარი ამბავი. ეს, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ბუნებრივია, მსგავსი ქმედების კიდევ განხორციელების ალბათობა საკმაოდ მაღალია", - ამბობს ვახტანგ მაისაია.



ავტორი: "რეზონანსი"