ახალი მუქარა ჩრდილოეთიდან: ემბარგო ქართულ პროდუქციაზე თუ ქართველების რუსეთიდან გაძევება?
ამობეჭდვა · 2017-07-01 00:39:00 · 775 ნახვა

საქართველოსა და ნატოს დაახლოებამ რუსეთის აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის თქმით, თბილისი ხდება რუსეთის შეკავების ნატოსეული პოლიტიკის მონაწილე. ამ სიტყვებში მუქარის შემცველი განცხადება ამოიკითხეს ქართველმა პოლიტოლოგებმა და, შესაბამისად, რუსეთისგან ახალი პრობლემების შექმნას ელოდებიან.

"სამწუხაროდ, მეზობლებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კეთილმეზობლური და თანაბარუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი მანიაკური სიჯიუტით განაგრძობს რუსეთის მიერ მათი ოკუპაციის შესახებ მტკიცებას. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატოსთან შემდგომი დაახლოებისთვის.

"სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში არაფრით განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმისგან. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ, ფაქტობრივად, თბილისს ხდის რუსეთის შეკავების ნატოსეული პოლიტიკის მონაწილედ," - განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ ჩატარდა ფართომასშტაბიანი სწავლება ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობით."უკვე ზედიზედ მეორე წელია, სპეციალურად მუშავდება ევროპიდან სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცხადყოფს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართულებით და სურვილს, მყარად გამაგრდეს სამხრეთ კავკასიაში", - განაცხადა კარასინმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის შეფასებით, კარასინის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად თანმიმდევრულად, სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე.

მისივე თქმით, რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ.

"ევროპული საქართველო, ნატო-ში გაწევრიანებული საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური საქართველო არის გარანტი რეგიონში უსაფრთხოებისა და მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების გარანტიც", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კარასინის განცხადებაში მუქარის შემცველი ქვეტექსტი ამოიკითხეს ქართველმა პოლიტოლოგებმა და რუსეთისგან ახალი თავსატეხის გაჩენას ელოდებიან.

"ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ მოსალოდნელია ახალი სერიოზული პრობლემები. მე, მაგალითად, ვერ ვხედავ ამ ბოლო ხანებში საქართველოს აქტიურობას დასავლეთთან.

"ამ განცხადებას პრევენციული ხასიათი აქვს. ალბათ ჩვენს თანამემამულეებს გამოყრიან რუსეთიდან, მაგრამ კიდევ უფრო კონკრეტულად რა აქვს რუსეთს განსაზღვრული, ამაზე ქართულმა დიპლომატიამ უნდა იმტვრიოს თავი.

"არ შეიძლება ასეთი განცხადებების უყურადღებოდ დატოვება. ან გამოვიდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელი და თქვას, რომ უსაფუძვლოა ეს განცხადება. ცოტა მეტი ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. დასავლეთი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში და პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ.

"ნატოსთან ჩვენ ურთიერთობა გვაქვს განცხადებების დონეზე, რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა. რუსეთი ამას მიეჩვია და ეს სიახლე არაა. ამიტომ არ ვიცი, რას გულისხმობს კარასინი კონკრეტულად", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის თქმით, რუსეთის შესაკავებლად ნატოს პოლიტიკაში საქართველოს გარდა ჩართული არიან უკრაინა და აზერბაიჯანიც. თუმცა, მისივე თქმით, ამჟამად მოსკოვი ორ ფრონტზეა ჩაბმული, ამიტომ საქართველოსთან სამხედრო კონფრონტაციას არ ელოდება.

"რუსეთის შეკავების პოლიტიკა არის ნატოს ნომერ პირველი ამოცანა. აქედან გამომდინარე, რომელიმე ქვეყნის გამოყოფა, ვისაც ნატო რუსეთის შესაკავებლად იყენებს, ძნელია.

"სხვა თემაა ნატოს წევრების გარდა ვინ შეიძლება ჩაერთოს ამ შეკავების პოლიტიკაში. ამ თვალსაზრისით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტიურობა ყოველთვის მრავლისმომცველი იყო.

"საერთოდ, მთლიანად ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის შეკავების ნაწილად მოიაზრებოდა ბელარუსისა და სომხეთის ჩათვლით, თუმცა შემდეგ რუსეთის პოლიტიკამ ამ ქვეყნების ჩამონათვალი გაცხრილა და თამაშიდან ბელარუსი და სომხეთი გავიდნენ.

"დღეს ამ შეკავების პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებიდან უნდა ვიგულისხმოთ საქართველო, ნაწილობრივ აზერბაიჯანი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთთან გაუფუჭდა ურთიერთობა, თუმცა იგი რჩება ამ სამკუთხედის წევრად; უკრაინა თავისთავად, რომელიც დღეს ცეცხლის ხაზზეა", - გვითხრა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ჩანს, რომ რუსეთი საქართველოს ახალ პრობლემებს შეუქმნის და ეს ალბათ ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესება იქნება.

"კარასინის ამ განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგის შემაშფოთებელი სტატია, სადაც ის პირდაპირ წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა ასეთი დაძაბული არასდროს ყოფილა. დაძაბულობა პიკს აღწევსო. იმიტომ, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო ერთვება ნატოს შეკავების სტრატეგიაშიო.

"სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თუ ამ მიმართულებით საქართველო უკან დახევას არ დაიწყებს, დათმობაზე არ წავა, არ არის გამორიცხული, რაღაც გართულებები მოხდესო.

"ამავე სტატიაში ავტორი ამბობს, რომ 2008 წელს რუსეთს უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდა ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. დღეს რუსეთი, ფაქტობრივად, ორ სამხედრო კონფლიქტშია ჩართული - სირიასა და უკრაინაში. ასე რომ, თვითონ რუსეთის მთავრობის იდეოლოგი აღიარებს, რომ რუსეთს არ აქვს საშუალება, ასე ფართოდ გაშალოს ხელი და კიდევ მესამე ფრონტზე აწარმოოს სამხედრო კონფრონტაცია.

"რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ჩამოუყალიბებელი პოლიტიკაც. თუმცა მე მაინც ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან სამხედრო კონფრონტაციას არ ველოდები. ერთადერთი, რაც შეიძლება რუსეთმა მოიმოქმედოს და ეს არცთუ იოლად აისახება საქართველოს მომავალზე, არის ქართულ პროდუქციაზე რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ ემბარგოს დაწესება", - უთხრა "რეზონანსს" ლაგაზიძემ.