სოხუმში გამოსვლები იწყება, ოპოზიციამ ხაჯიმბას 10 დღე მისცა
ამობეჭდვა · 2017-07-03 00:39:00 · 629 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო "პრეზიდენტ" ხაჯიმბას წინააღმდეგ 10 დღეში სახალხო გამოსვლას აანონსებს. პროტესტის მთავარი საბაბი ისაა, რომ "ხელისუფლებამ", დაპირების მიუხედავად, არც ერთი ოპოზიციონერი არ დანიშნა თანამდებობაზე.

თანაც ბოლო დროს მკვლელობა-ყაჩაღობა-გაუპატიურება და ამის გამო ლინჩის წესით გასამართლება თუ შურისძიება ძალიან მოხშირდა, "ხელისუფლება" კი ვერ უმკლავდება კრიმინალს და, ასევე, პროტესტის საგანია ის, რომ გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც "უცხოელი მოქალაქეები" არიან, აფხაზურ ე.წ. პასპორტებს ურიგებენ.

უფრო მეტიც, აფხაზეთში მთავარი ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ყრილობაზე, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და ოპოზიციასთან შესათანხმებლად 10-დღიანი ვადაც მისცეს, ყველაზე მეტად აფხაზეთში არსებულ გაზრდილ კრიმინალსა და "ხელისუფლების" უმოქმედობას, ხშირ შემთხვევაში კი კრიმინალებზე ხელის დაფარებას აპროტესტებდნენ. ყოფილმა "პრემიერ-მინისტრმა" და ახლა ოპოზიციაში მყოფმა სერგეი შამბამ ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ "აფხაზური სახელმწიფო" დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აფხაზეთში ახალგაზრდების ეთნორადიკალებად და კრიმინალებად ჩამოყალიბებაა.

შამბას თქმით, უდიდესი პრობლემაა კრიმინალი, რომელიც არა მარტო ქვეყნის იმიჯს აზიანებს, არამედ ეს უკვე სოციალურ პრობლემად იქცა და განსაკუთრებით ახალგაზრდებში კრიმინალური ცხოვრება ნორმადაა გადაქცეული.

შამბა აფხაზეთის დაღუპვის 2 სავარაუდო საფრთხეზე ლაპარაკობს. მისი განცხადებით, ერთი საფრთხეა ის, რომ აფხაზური ეთნოსი, ენა გაქრეს, სხვა დიდმა ეთნიკურმა ჯგუფებმა შთანთქას, მაგალითად, რუსებმა და სომხებმა.

მეორე საფრთხე კი ახალგაზრდებში რადიკალური ნაციონალიზმის აღორძინებაა.

"ეს არის ეთნორადიკალიზმი, რაც თავად აფხაზებისთვის იქნება დამღუპველი. ეთნიკური რადიკალიზმი აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს აფხაზებსა და სხვა ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის, პირველ რიგში, სომხებთან, რუსებთან და მეგრელებთან, რაც აფხაზურ სახელმწიფოს დაღუპავს. ამით აუცილებლად ისარგებლებენ ჩვენი მტრები," - ამბობს შამბა.

მისი თქმით, ეს არის "მტერი ქართველების" ამაზრზენი თვისების კოპირება აფხაზ ახალგაზრდებში. ამ ყველაფერს კი ეთნიკური საფუძველი აქვს, რადგან აფხაზური ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ებრძოდა საქართველოს ეთნორადიკალიზმს და არა მარტო იმიტომ, რომ ქართული ეთნორადიკალიზმი აფხაზებს ავიწროებდა, არამედ იმიტომ, რომ აფხაზური ინტელიგენციისთვის ამაზრზენი იყო ეთნორადიკალიზმი, როგორც პრინციპი.

"ახლა კი, როდესაც ეს ახალგაზრდებმა დაიწყეს, ამით ჩვენი მტრის გზას ვიმეორებთ და საკუთარ იდეალებს ვღალატობთ. ჩვენ დავამარცხეთ მტერი (ქართველები), მაგრამ რატომ უნდა მივიღოთ მათი ყველაზე ამაზრზენი თვისებები?" - აცხადებს შამბა.

"ამცახარას" ყრილობა 29 ივნისს გაიმართა და საგანგებო რეზოლუციაც მიიღეს. ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას 10 დღეს აძლევს, შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა, მათ შორის გასული წლის 19 დეკემბერში დადებული საგანგებო შეთანხმებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, 19 დეკემბრის შეთანხმებიდან გასვლით იმუქრებიან, რაც არ უნდა მოჰყვეს ამას შედეგად.

გუშინ კი სიდიდით მეორე ოპოზიციურმა პარტიამ - "კიარაზაამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვადის დაწესების გარეშე უკვე გადიან 19 დეკემბრის შეთანხმებიდან.

ცნობისათვის, საქმე ეხება შეთანხმებას, რომელიც 2016 წლის 19 დეკემბერს, სოხუმში დიდი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გააფორმეს, რომელსაც "რესპუბლიკის სტაბილიზაციის შესახებ შეთანხმება" ჰქვია და გულისხმობდა, რომ ხელისუფლება დანიშნავდა ოპოზიციის წარმომადგენლებს "საკონსტიტუციო სასამართლოში" და "ცესკოში", ოპოზიცია კი შეწყვეტდა ხალხის ქუჩაში გამოყვანას. დღეს კი არც ერთი ოპოზიციონერი თანამდებობაზე არ არის.

გარდა 19 დეკემბრის შეთანხმების შესრულებისა, "ამცახარას" უმთავრესი მოთხოვნა ეხება აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში, გალსა და ოჩამჩირეში, მცხოვრები ქართველების ე.წ. პასპორტიზაციის გამკაცრებას.

მოთხოვნაა, რომ "ქვეყნის ხელმძღვანელობა" დაუბრუნდეს ე.წ. საპასპორტო საკითხს, რომ ის "რესპუბლიკის კონსტიტუციასთან მკაცრად შესაბამისობაში იყოს" და გადაიხედოს არც ისე დიდი ხნის წინ მიღებული "კანონი აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ."

"ამცახარას" განცხადებით, თუკი ხაჯიმბა მოთხოვნებს არ შეასრულებს, საზოგადოებაში სტაბილურობის ვერშენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა "პარლამენტს" დაეკისრება.

"ამცახარას" წევრი ალხაზ კვიცინია ყველაზე მწვავე საკითხად კრიმინალს ასახელებს. ამბობს, რომ ყოველდღე ხდება მკვლელობა, ლინჩის წესით გასამართლება, ყაჩაღობა და მსგავსი დანაშაული, "სახელმწიფო" კი აჩვენებს აბსოლუტურ უძლურებას და ზოგჯერ ხელს აფარებს დამნაშავეებს ნათესაურ-კლანური მოსაზრებით.

მისი თქმით, ქვეყანაში შუა საუკუნეების ნორმა - ლინჩის წესით გასამართლება, შურისძიება და ქუჩური გარჩევა დაბრუნდა. ამიტომაც "დეპუტატი" სამართალდამცველი ორგანოების სრულ რეფორმას ითხოვს.

სერგეი შამბამ კი კონსტიტუციის რეფორმის დაწყება მოითხოვა. მისი განცხადებით, ახლა მთავარია, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან როგორმე თავი დააღწიონ, გამოსავალი კი არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლა და ხელისუფლების გადანაწილებაზე ცვლილებების შეტანაა, რადგან გამარჯვებული არ უნდა იღებდეს ყველაფერს.

ოპოზიციის ამ გააქტიურების პარალელურად, ასევე, ცნობილი ხდება, რომ აფხაზეთში 3 ივლისს ჩადის რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვლადისლავ სურკოვი, დიდი ალბათობით, "სიტუაციის დასალაგებლად."

"ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ძალიან უცნაურია, რომ შამბა ამ პროცესში ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის გვერდით აღმოჩნდა, რადგან "ამცახარა" ალექსანდრე ანქვაბის მხარდამჭერი პარტიაა და შამბა ანქვაბს ყოველთვის ებრძოდა.

"გასაგებია, რომ "ამცახარას" უკან ანქვაბი დგას და ის "პარლამენტში" შემთხვევით არ მისულა. მას თავისი გეგმა აქვს და, როგორც ჩანს, ეს გააქტიურებაც ამ გეგმის დასაწყისია. ოპოზიცია აუცილებლად გაამძაფრებს სიტუაციას, აქციები იქნება, მაგრამ მგონია, არა ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, არამედ შემოდგომაზე," - აღნიშნავს ცქიტიშვილი.

იგი ღიმილისმომგვრელს უწოდებს შამბას განცხადებას, რომ აფხაზმა ახალგაზრდებმა ქართველებისგან გადაიღეს ეთნორადიკალიზმი.

"აფხაზეთში რადიკალიზმი ახასიათებს ყველას. ახალგაზრდებმა ეთნორადიკალიზმი და ქართველებისადმი ზიზღი სწორედ უფროსი თაობისგან, შამბას თაობისგან, ისწავლეს. სწორედ მის თაობაში რადიკალიზმის გაღვივების ხარჯზე მოხდა აფხაზეთში ომის დატრიალებაც. ახალგაზრდებში რადიკალიზმი კიდევ უფრო გაღვივდება რუსებისა და სომხების დომინირების გამო, რასაც ძალიან მალე დაინახავენ," - ამბობს ცქიტიშვილი.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ აფხაზეთში კრიმინოგენული სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმეა, ასევე, ძალიან მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა და რადგანაც ახალგაზრდებს გასაქანი არ აქვთ, ეს ყველაფერი მათში რადიკალიზმს და კრიმინალს იწვევს.