თბილისსა და ბათუმში არალეგალ უცხოელთა წინააღმდეგ "ქართველთა მარში" დაიგეგმა
ამობეჭდვა · 2017-07-02 23:09:00 · 779 ნახვა

"ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!!" - ასეთი ლოზუნგით 14 ივლისს - თბილისში, ხოლო 16 ივლისს ბათუმში საპროტესტო მსვლელობა "ქართველთა მარში" გაიმართება. შესაბამისი მიმართვა სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა.

ეს ყველაფერი ახალციხეში ირანის მოქალაქის დაკავებას მოჰყვა. კერძოდ კი, ირანელი მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭებთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. მშობლების ინფორმაციით, იგი 13-14 წლის ბიჭებს სქესობრივი კონტაქტის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

მომხდარის შესახებ პოლიციას ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა აცნობა. მისი თქმით, შუახნის მამაკაცი ბავშვებს ქუჩაში ხვდებოდა და ეუბნებოდა, თითქოს თავისი ტელეფონის ნომერი დაავიწყდა და ზარის გაშვებას სთხოვდა. ასე მოზარდების ნომრებს იმახსოვრებდა და შემდეგ უკავშირდებოდა.

მისი თქმით, მამაკაცი პოლიციამ სწორედ მაშინ აიყვანა, როდესაც იგი მოზარდებთან შეხვედრას ცდილობდა.

"ძალიან შეგვეშინდა, 13-14 წლის ბიჭები ქალაქში მარტო დადიან - ხან ცურვაზე, ხან - მასწავლებელთან, სულ შიშში ხომ არ ვიქნებოდით?!" - ამბობს მშობელი "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბრისას.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით წარედგინა, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

დაკავებული ბრალს არც აღიარებს და არც უარყოფს. მან საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა, თუმცა უწყებამ შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა.

"ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს," - აცხადებენ პროკურატურაში.

ახალციხეში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დაიგეგმა აქცია მოწოდებით - "ყველა არალეგალმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!"

როგორც აქციის ორგანიზატორი, მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, 14 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" გაიმართება, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დეპორტაცია და საიმიგრაციო კანონის გამკაცრებაა.

მისივე თქმით, მსგავსი მარშის ჩატარების იდეა, დიდი ხანია, არსებობს, თუმცა მისი დაჩქარება ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული.

აქვე შეგახსენებეთ, რომ მსგავსი სახელწოდების მსვლელობა - "ქართველთა მარში" 2011 წელს "ეროვნული ფორუმის" ინიციატივითაც ჩატარდა. აქციის ორგანიზატორები მაშინდელი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ "სინგაპურის მოდელს" ეწინააღმდგებოდნენ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ მსგავსი მოწოდებები მხოლოდ და მხოლოდ ანტისახელმწფოებრივ მიზანს და ნაციონალისტური განწყობის გაღვივებას ემსახურება.

"სანდრო ბრეგაძე, მოგეხსენებათ, რომ პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევა. ის იყო პოლიტიკური პარტია "საქართველოს დემოკრატიული აღორძინების" წევრი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც პრორუსული პარტია. მსგავსი განცხადებები მისი მხრიდან პირველი არ არის და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

"რა თქმა უნდა, რთული დანაშაულია. ვიცით რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ მსგავსი დანაშაული ჩაიდინა ან მცდელობა ჰქონდა. მაგრამ ისინი არიან ცალკეული კრიმინალები და მათ წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

"საქართველოში ათიათასობით ირანელი, თურქი, ასევე რუსი ტურისტი ჩამოდის და თუ ერთმა კრიმინალური აქტი ჩიდინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოელებმა საქართველო უნდა დატოვონ," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ მსგავსი მოწოდებები რუსეთის ინტერესებს შეესაბამება და არა საქართველოს ან დასავლეთისას.

"ამ შემთხვევაში მსგავს განცხადებებს ისევ ქართული საზოგადოება უნდა აღუდგეს წინ. რომ დავფიქრდეთ, რამდენი ქართველი ჩადის დანაშაულს საკუთარი თანამოქალაქის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი კრიმინალია?! ისინი არიან ცალკეული ადამიანები და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

"ეს არის რუსეთის მიზანი, რომ საქართველო არ განვითარდეს, მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში და არ დაამყარის ურთიერთობა სხვადასხვა სახელმწიფოსთან", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, მსგავსი მოწოდებები ემოციური მიდგომითაა განპირობებული, რაც საკმაოდ საფრთხილოა.

"რამდენადაც ვიცი, აქ მითითებული იყო, რომ საუბარია არალეგალ უცხოელებზე. თუმცა, ვფიქრობ, ეს მაინც უფრო ემოციური მიდგომაა და არა რაციონალური. მთელ მსოფლიოში არალეგალი ქართველებიც საკმაოდ ბევრნი არიან და თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ არალეგალურად ჩასულ ჩვენს თანამემამულეებსაც ასევე მოექცევიან, არ მგონია, რომ ეს გამოსვლა იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება.

"მესმის, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი, უფრო დაცულად იგრძნონ თავი, მაგრამ ეს მიდგომა ამ ფორმით ვერ განხორციელდება. ამან შეიძლება ცუდი ასახვა ჰპოვოს იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები არიან.

"თუკი ეს დისკურსი ძალიან გავრცელდა იმ ქვეყნებში, რომლებზეც ამ განცხადებაშია საუბარი, მაგალითად, ირანში, წარმოიდგინეთ, იქ ჩასულ ქართველებს ანალოგიურად რომ მოექცნენ. მით უმეტეს, რომ ასეთ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია და ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შესაძლოა, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდონ.

"ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მესმის დაცულობის მიმართ ლტოლვის, მეორე მხრივ, ამ პოზიციის მიღება გამიჭირდება მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მეშინია, თუ, ვთქვათ, ირანელების წინააღმდეგ დაიწყება რაღაც პროცესი, ამან შეიძლება ასახვა ჰპოვოს ირანში ქართველების წინააღმდეგ. თუ ანალოგიური დაიწყება თურქების მისამართით, იგივე არ მოხდეს თურქეთში ქართველების მიმართ და ა.შ.," - აცხადებს არჩილ გამზარდია და აღნიშნავს, რომ აქ საუბარია სერიოზულ კრიმინალზე და ამ შემთხვევაში მის ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა.

"ქართველი რომ ყოფილიყო, რა, მისაღები იქნებოდა?! რა თქმა უნდა, არა. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ეთნიკური ნიშნის განზოგადებასთან მიმართებით და თუ კონკრეტულ ადამიანებს ეთნიკური ნიშნით ინტერესები ამოძრავებთ, ცოტა სხვა ტიპის ღონისძიებები სჭირდებათ და არა მსგავსი ბრძოლა ამ ადამიანებთან. ეს, მინიმუმ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე", - აცხადებს არჩილ გამზარდია.



ავტორი: "რეზონანსი"