ენგურის უფასო დენს აფხაზეთში ე.წ. ინვესტორები ისრუტავენ
ამობეჭდვა · 2017-07-05 00:39:00 · 585 ნახვა

ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში მცირე და საშუალო საწარმოები მომრავლდა. მათი უმეტესობა რუსული, სომხური, ჩინური და უკრაინულია. როგორც "ბიზნეს-რეზონანსმა" გაარკვია, უცხოელი ინვესტორების აქტიურობა განპირობებულია პროდუქციის თვითღირებულების დაბალი ფასით, რაც იაფ ენერგიას და მუშახელს უკავშირდება. პირველ რიგში კი, ეს არის უფასო დენი, რომლითაც საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიას ამარაგებს. მისი მომხმარებელი სწორედ უცხოური საწარმოებია, რომლებიც მიზერული ტარიფით დიდ სარგებელს იღებენ, მაგრამ საქართველო მხოლოდ ზარალობს. აფხაზეთისთვის მიწოდებული დენის საფასურს საქართველოს ბიუჯეტი ფარავს.

აფხაზეთში მცირეა სამომხმარებლო ტარიფიც (15 ლარი 1 ოჯახზე), მაგრამ მოსახლეობა ასეთი შეღავათით ნაკლებად სარგებლობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მთელი აფხაზეთი, ცენტრალური ნაწილის გარდა, ხშირად ჩაბნელებულია და კვირაში 2-3 დღე ისე გადის, რომ დენი არ მიეწოდებათ. სამაგიეროდ, გალაღებულნი არიან საწარმოები, რომლებიც მიზერულ გადასახადს იხდიან ენგურიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაში. საქართველო ზარალდება, ხოლო სეპარატისტულ რეგიონში მოკალათებული ე.წ. ინვესტორები კარგად ხეირობენ.

ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ადასტურებს, რომ რუსი და სხვა ეროვნების მეწარმეების ინტერესი აფხაზეთში ელექტროენერგიის დაბალ ფასს უკავშირდება. რა ტიპის საწარმოებია და კონკრეტულად ვინ არიან მეწარმეები, დეპუტატს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია.

"მსხვილი ინვესტიციებით აფხაზეთი ნამდვილად არ გამოირჩევა და არც არის იქ ამისთვის შესაფერისი გარემო. უფრო მეტად აქტიურობენ მცირე საწარმოები. ეს შეიძლება იყოს როგორც რუსული, ასევე უკრაინული, ჩინური და სხვა. მაქვს ინფორმაცია, რომ მეწარმეები სპეციალურად ჩადიან იქ, აწარმოებენ პროდუქციას და მერე მიაქვთ უკან. ელექტროენერგიის თვითღირებულება დაბალია, მუშახელიც იაფია, სწორედ ეს განაპირობებს მათ ინტერესს.

არ ვიცი, რა საწარმოებია, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. სავარაუდოდ, მცირე სიმძლავრის საკონდიტრო საწარმოები მუშაობენ. არც სხვა ტიპის გადამამუშავებელი პატარა ფირმები არ არის გამორიცხული", - ამბობს არველაძე.

როგორიც უნდა იყოს დენის მოხმარება აფხაზეთში, ქართველი ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობას გარკვეული მოსაზრების გამო არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

აფხაზეთის ექსპერტთა წრეში დაწვრილებით ფლობენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორია სამეწარმეო საქმიანობა ოკუპირებულ აფხაზეთში, რა ინტერესი აქვთ იქ დროებით თუ დიდი ხნით ჩასულ "ინვესტორებს" და რა როლს თამაშობს ამ პროცესში იაფი ელექტროენერგია. როგორც ექსპერტმა კონფლიქტების საკითხებში ირაკლი ცქიტიშვილმა "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, საწარმოო პროცესში ლიდერობენ რუსები, თუმცა აქტიურობენ ჩინელებიც, რომლებმაც აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც მოიწყვეს.

"რუსები უპირობო ლიდერები არიან, მაგრამ აგრარულ სექტორში ჩინელებიც ძალიან აქტიურობენ. ისინი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ამუშავებენ და მოჰყავთ პროდუქცია. ცხადია, ისე არავინ ჩავა აფხაზეთში, რომ რისკი არ უღირდეს. ეს არის ბიზნესი - სადაც იაფი რესურსია, იქ მიდიან.

ჩინელები აფხაზეთის ტერიტორიაზე იწევენ კიტრს, პომიდორს და სხვა ადგილობრივ პროდუქციას, რასაც ადგილობრივები ხელს არ ჰკიდებენ. ამ ბოლო დროს მათდამი უფრო გაჩნდა ნდობა, შესაძლოა, ფასიდან გამომდინარეც. ამიტომ ჩინელებს თავიანთი პროდუქცია თუ ადრე სოჭის ბაზარზე გაჰქონდათ, უკვე ადგილზეც კარგად ასაღებენ.

ასე რომ, ასეთი საწარმოები იყო, არის და კიდევ გაიხსნება. ფული ვისაც აქვს, ის აკეთებს, უფრო მაინც რუსები ლიდერობენ. 2-3 წელია, რაც უფრო გააქტიურდნენ და ეს ელექტროენერგიის მოხმარებასაც აშკარად დაეტყო," - აცხადებს ცქიტიშვილი და დასძენს, რომ აფხაზეთში სერიოზული პრობლემაა დენის ტარიფის გადახდასთან დაკავშირებით.

"სამომხმარებლო სექტორიდან დენის საფასურის ამოღება ძალიან დაბალ დონეზეა. არ აინტერესებს ხალხს - ხარჯავს და არ იხდის, ხოლო დასჯის არანაირი მექანიზმი არ არის შემუშავებული. ერთადერთი გადამხდელი კომერციული სექტორია. რაც დრო გადის, მით მეტი საწარმო იხსნება, მეტი ბიზნესი ვითარდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს. შესაბამისად, მოხმარება მატულობს. აფხაზეთში მოქმედ კორუფციულ სქემაში მისთვის ელექტროენერგიის მიღება მოსახლეობის ხარჯზე გაცილებით მარტივია.

იაფ გადასახადებთან ერთად, იაფია მუშახელიც, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რომ მეწარმეები აფხაზეთით დაინტერესდნენ. რამდენი საწარმო მოქმედებს სეპარატისტულ რეგიონში, ეს არსად არ არის აღნიშნული, ასეთი საჯარო მონაცემი არ არსებობს," - განმარტავს ირაკლი ცქიტიშვილი.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბიზნესის მხრიდან სამომავლოდ იაფ ელექტროენერგიაზე კიდევ გაიზარდოს მოთხოვნა და ეს პროცესი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცუდად დასრულდეს.

"რაც დრო გადის, აფხაზეთში ელექტროენერგიის პრობლემაა - მოხმარება მატულობს, ხოლო არსებული რესურსი არასაკმარისია. გარკვეულ დოენზე ეს მიზეზი არსებობდა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და ახლაც იგივეა. დღეს მათ ჩვენგან აქვთ უფასო ელექტროენერგია, რომელსაც აფხაზური "ჩერნომორენერგო" ყიდის იაფად, მაგრამ გადახდა არავის უნდა.

ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დეფიციტი გაღრმავდება და მივა იქამდე, რომ რუსეთისგან მოუწევთ ელექტროენერგიის ყიდვა. ამიტომაა, რომ რუსეთის მიმართ დავალიანება 1 მლრდ რუბლამდე გაეზარდათ. ეს მაჩვენებელი კიდევ მოიმატებს. უფრო მეტად ეფლობიან ამ ჭაობში და ხდებიან კრემლზე არა მარტო პოლიტიკურად დამოკიდებული, არამედ ეკონომიკურადაც. მოსკოვი კი გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც მოუნდება აფხაზეთში და უარს ვერავინ ეტყვის", - ამბობს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 წელიწადში აფხაზეთში დენის მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. როგორც ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემიდან ჩანს, დე ფაქტო ტერიტორიის ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბი უფრო გაზრდილია, ვიდრე მთელი საქართველოსი. კერძოდ, 2014 წელს აფხაზეთმა წაიღო 1 მლრდ 638 კვტ/სთ ელექტროენერგია. 2015 წელს ეს მონაცემი, რა თქმა უნდა, შეიცვალა და 1 მლრდ 800 მლნ კვტ/სთ შეადგინა, 2016 წლისათვის კი 1 მლრდ 926 კვტ/სთ-ს მიაღწია. სტატისტიკურად, აფხაზეთის ენერგომოხმარება 3 წელიწადში 18%-ით არის გაზრდილი.