როგორია პარტიების რეიტინგი არჩევნებამდე 3 თვით ადრე
ამობეჭდვა · 2017-07-06 00:20:00 · 688 ნახვა

არჩევნებამდე 3 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგები. ბოლო რამდენიმე თვეა, სოციოლოგიური კვლევების შედეგებიც არ დადებულა. თუმცა პოლიტოლოგთა უმეტესობა მაინც დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი უპირატესობით "ქართული ოცნება" მოიგებს. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, საერთო ჯამში, პარტიების რეიტინგი შემცირებულია, თუმცა "ოცნების" რეიტინგი 3-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული პარტიის რეიტინგს.

აღსანიშნავია, რომ ასეთ სოციოლოგიურ კვლევებს პერიოდულად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ("ენ-დი-აი") და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ("აი-არ-აი") აქვეყნებენ.

"ენ-დი-აის" ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, "ქართული ოცნება" ლიდერობს, მეორე ადგილზე გადის "ნაციონალური მოძრაობა" 10%-ით."აი-არ-აის" კვლევის შედეგი კი, რომლის გამოკითხვა მარტში ჩატარდა, ასე გამოყურება: "ქართული ოცნება" - 26%, "ნაციონალური მოძრაობა" - 15% და 7% - "ევროპული საქართველო".

ბიგვავას განცხადებით, საერთო ჯამში პარტიების რეიტინგი შემცირებულია, თუმცა აქედან მეტ-ნაკლებად ობიექტურ შედეგებს "ენ-დი-აის" კვლევა წარმოადგენს.

"შარშანდელთან შედარებით, პარტიების რეიტინგი მთლიანობაში მეტ-ნაკლებად შემცირებულია. თუმცა "ქართულ ოცნებას" აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი, სულ ცოტა, სამჯერ მეტი აქვს, ვიდრე მომდევნო პარტიას. მეორე ადგილზე დაახლოებით თანაბრად მიდიან "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". მეოთხე ადგილზე "პატრიოტთა ალიანსია". ოდნავ მოემატათ რეიტინგი "ლეიბორსიტებს".

"ენ-დი-აის" კვლევა ობიექტურად ახლოს იყო, თუმცა ცოტა მეტი რეიტინგი აქვს "ოცნებას".

"ჩემი აზრით, დიდი ალბათობით, თითქმის ყველა რეგიონში არჩევნებს მმართველი ძალა მოიგებს. ნაკლებ სავარაუდოა მეორე ტური, თუმცა სადღაც რეგიონებში ალბათ იქნება, თბილისში კი, არა მგონია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ზურაბ ბიგვავა.

იმაში, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მმართველი ძალა მოიგებს, ანალიტოკოსი არჩილ გამზარდიაც დარწმუნებულია. თუმცა ფიქრობს, რომ ამ შედეგს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" სიძულვილის ფაქტორი განაპირობებს და არა ზოგადად პარტიის რეიტინგი.

"პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ რისი დადგენა გვინდა - რეიტინგის თუ პონტენციური ხმის რაოდენობა. ისეთ პარადოქსულ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ გვაქვს, ხმები რეიტინგის წინაპირობა არ არის. რეიტინგის არსებობის მიუხედავად, ეს შეიძლება ამა თუ იმ ძალის ხმებზე არ აისახოს.

"მაგალითად, ასეთი შემთხვევა გვქონდა 2016 წლის ოქტომბერში -

ამომრჩეველებმა, რომლებსაც "ქართული ოცნება" არ მოსწონდათ, ხმა მაინც ამ პარტიას მისცეს.

"ასე რომ, შესაძლოა, რეიტინგი ჰქონდეს დაბალი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხმა მიიღოს. თუ ჩვენ ვადგენთ, ვინ შეიძლება წაიღოს ხმის დიდი ულუფა და შემდეგ ვინ, სხვა არის, რეიტინგების მიხედვით კი - სხვა.

"ენ-დი-აის" კვლევებს გავიხსენებ, თითქმის თანაბარ დონეზე ჰქონდა მაჩვენებელი "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას". აქტიური ამომრჩევლის თავლსაზრისით, არ იყო გამორიცხული, არჩევნებზე შედეგებიც ასეთი დამდგარიყო. მაგრამ შედეგი სხვა დადგა. ამ არჩევნებზეც ანალოგიურ ვითარებასთან გვექნება საქმე. პროცენტულად საუბარი გამიჭირდება, მაგრამ განრიგის მიხედვით პერსპექტივები, ბუნებრივია, ჯერ აქვს სახელისუფლებო ძალას. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მერე დრო გავიდა, მაინც არ მგონია, მზად იყოს საზოგადოება, "ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" ნეგატივის ხარჯზე არ მისცეს ხმა.

"ამ არჩევნებზეც ისევ იგივე ფაქტორი იმოქმედებს, საპრეზიდენტოზე კიდევ შეიძლება, ეს ფაქტორი ნაკლებად იყოს.

"მეორე ადგილზე ალბათ გავა "ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

"რაც შეეხება ახალ პარტიას, უსუფაშვილთან დაკავშირებით ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, ამ ეტაპზე მხოლოდ მისი ფაქტორი ჩანს", - გვითხრა გამზარდიამ.

მისივე თქმით, სოციალური ფონის გამო მმართველი ძალის რეიტინგი შემცირებულია, თუმცა ეს არ აისახება არჩევნების შედეგებზე.

"ოცნების" რეიტინგი მაღალი არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ, ის იღებდა სააკაშვილის ფონზე ბევრ ხმას. თუმცა, სოციალური პოლიტიკის გამო და არჩევნების შემდგომ დამძიმებულ რეალობაზე მისი რეიტინგი მეტ-ნაკლებად შემცირებულია. მაგრამ რეიტინგის ვარდნამ არა მგონია, არჩევნებზე ხმების შემცირებით იმოქმედოს," - განაცხადა ანალიტიკოსმა.