უნდა დანიშნოს თუ არა მარგველაშვილმა რეფერენდუმი, რომ პრეზიდენტს ირჩევდეს ხალხი და არა 300 ხმოსანი
ამობეჭდვა · 2017-07-07 00:19:00 · 610 ნახვა

"თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?" - ცესკო-მა საინიციატივო ჯგუფის ეს შეკითხვა უკვე დაარეგისტრირა და ახლა 3 თვეში 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებასა და შემდეგ პრეზიდენტის თანხმობა-უარზეა დამოკიდებული7 ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი.

რა ნაბიჯს გადადგმას პრეზიდენტი, ხელმოწერების მოგროვების შემდეგ დათანხმდება თუ არა რეფერენდუმის დანიშვნას, ეს უცნობია. "რეზონანსთან" საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ რადგანაც ჯერ მოთხოვნა პრეზიდენტთან არ შესულა, წინასწარ განცხადებებს ვერ გააკეთებენ.

გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე კი აცხადებს, რომ "ზოგადად, ხალხის ჩართულობის ყველა მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, ეს იქნება პლებისციტი თუ რეფერენდუმი, თუმცა ჯერ პარლამენტში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი უნდა შეჩერდეს და ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ ცალკეულ საკითხებზე.

"თუ ის პროცესი არ გაჩერდა, რომელიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, აბსოლუტურად აზრი ეკარგება ყველაფერს, რადგან მიღებულ გადაწყვეტილებებზე თავიდან დაბრუნება სახალხო გამოკითხვების ფორმით შედეგს არ მოიტანს," - ამბობს ჩიხრაძე.

"ქართულმა ოცნებამ" უკვე 2 მოსმენით მიიღო კონსტიტუციის პროექტი, რის მიხედვითაც 2024 წლიდან პრეზიდენტს წინასწარ შერჩეული 300 ხმოსანი არაპირდაპირი წესით აირჩევს და, გიორგი მარგველაშვილის, ოპოზიციის, მოსახლეობის უმეტესობისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, "ოცნება" გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

"ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. მოსახლეობის 81% მხარს უჭერს პრეზიდენტის არჩევას პირდაპირი წესით, ასევე მოსახლეობის 75% მხარს უჭერს პრემიერის არჩევას პირდაპირი წესით. ეს მარტივი ექსპერიმენტი მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ხალხს არ შეუქმნი წარმოდგენას სისტემის არსის თაობაზე, მარტივად შეიძლება ის შეიყვანო შეცდომაში. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, რომ მანიპულირებისა და სპეკულირებისგან თავი შეიკავოს და უკეთ აუხსნას საზოგადოებას იმ სისტემის შინაარსი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ რეფერენდუმის ჩატარება საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ საკითხზე მიზანშეწონილი არ არის, თუ ვინმეს ეს სურდა, უნდა ჩატარებულიყო 2010 წელს და ხალხისთვის ეკითხა, სურდა თუ არა საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა და პრეზიდენტის უფლებამოსილების უკიდურესობამდე შეზღუდვა.

"2018 წელს ჩატარდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და ეს იქნება ძალიან კარგი დემონსტრირება. მაშინ ვნახავთ, რა კამპანია უნდა ჩაატაროს ასეთი უფლებამოსილების პრეზიდენტმა. როცა ხალხი შეეკითხება პრეზიდენტობის კანდიდატს, რას გამიკეთებო და ამაზე ან პასუხი ვერ ექნება კანდიდატს, ან ტყუილი უნდა თქვას, ეს იქნება თვალსაჩინო მაგალითი, რატომ არ უნდა იყოს პირდაპირი არჩევნები. ბალანსს დავამყარებ და კარგი არბიტრი ვიქნებიო, ამის დამტკიცების გამო საარჩევნო კამპანიის ჩატარება, არ ვიცი, რა იქნება," - ამბობს ქანთარია.

ვინ იქნება 2018 წელს "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, დასახელდება თუ არა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ამაზე ქანთარია ამბობს, რომ არაფერს გამორიცხავს, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა და განხილვები არც დაწყებულა.

ცნობისათვის, სარეფერენდუმო შეკითხვა ცესკო-მა 27 ივნისს დაარეგისტრირა. რეფერენდუმის გამართვის მსურველი საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ზურაბ თოლორაია, ვახტანგ ასპანიძე, კახაბერ ნიქაბაძე, დავით კუჭავა, თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი ჯინჭარაძე და ბადრი კვირიკაშვილი. ინიციატორებმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვონ 200 ათასი ხელმოწერა და ამის შემდეგ ცესკო ერთი თვის ვადაში სარეფერენდუმო შეკითხვის დანიშვნაზე მოთხოვნას გაუგზავნის პრეზიდენტს განსახილველად, პრეზიდენტი კი 30 დღის ვადაში იმსჯელებს, დანიშნოს თუ არა რეფერენდუმი.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გამოკითხვას მიესალმება. საგულისხმოა ისიც, რომ ერთი "ევროპულმა საქართველომ" შეაგროვა ხელმოწერები და მთავრობის ადმინისტრაციას წინა თვეს უკვე მიმართა პლებისციტის გამართვის მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე, მათ შორის - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დატოვებაზეც, თუმცა გიორგი კვირიკაშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი აღნიშნავს, მათ პლებისციტი უფრო ადეკვატურად მიაჩნიათ, რადგან 20% არის ოკუპირებული და რეფერენდუმს გარკვეულწილად პრობლემა შეიძლება შეექმნას, საერთო-სახალხო გამოკითხვის ჩატარება კი აუცილებელია.

საგულისხმოა ის, რომ გასულ წელს პრეზიდენტმა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაზე უარი განაცხადა და ერთ-ერთამოტივად დაასახელა ის, რომ რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტარდება და რადგან ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას თავად ამარგველაშვილიც აპროტესტებს, დიდია ალბათობა, რომ რეფერენდუმის დანიშვნაზე იგივე არგუმენტით უარი თქვას.

იურისტი ლევან ალაფიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ძალიან რთულ არჩევანის წინაშე დგას გასულ წელს დასახელებული არგუმენტის გამო, თუმცა თვლის, რომ პრეზიდენტს შეუძლია სხვა, პოლიტიკურადაც უფრო მომგებიანი გზა აირჩიოს - ინიციატივით გამოვიდეს და პრემიერს მიმართოს პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით, რადგან პლებისციტის დანიშვნის უფლება მხოლოდ და მხოლოდ პრემიერს აქვს, ან საკუთარი ინიციატივით, ან საინიციატივო ჯგუფის მიერ დაწყებული პროცედურით.

"პრემიერისთვის მიმართვით რეალურად ბურთი მმართველი პოლიტიკური ძალის მხარეს გადმოვა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან, თუკი ამ წინადადებაზე არ წავლენ. შარშან მმართველმა ძალამ ეს პროცესი თავად გაიარა, როდესაც მხარს უჭერდა ქორწინების დეფინიციაზე რეფერენდუმის გამართვას და 200 ათასი ხელმოწერაც შეგროვდა და თუკი აშარშან მისაღები იყო ეს გზა, წელს რატომაა მიუღებელი?! მეორეც, 200 ათასი ხელმოწერა თუ შეგროვდა, მაშინ რას შვებიან?!" - ამბობს ალაფიშვილი, რომელიც თვლის, რომ გონიერი პოლიტიკოსი პლებისციტზე უარს არ იტყოდა: "იქნება თუ არა გონიერი პოლიტიკოს კვირიკაშვილი და ასე თვლის თუ არა თავს, ამას მის გადაწყვეტილებებში დავინახავთ... ორივე მხარისთვის, (პრეზიდენტისა და პრემიერისთვის) გასაღებად შეიძლება იქცეს ეს საკითხი იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც დღეს ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვგულისხმობ. თუ პლებისციტზე წავლენ, ეს ნიშნავს, რომ შეაჩერებენ ჩიხში შესულ პროცესს და ახალი გზის დაწყების საშუალება იქნება."