ტრამპი-პუტინის 2-საათიანი რთული მოლაპარაკება და შეთანხმება მხოლოდ სირიაზე
ამობეჭდვა · 2017-07-11 00:39:00 · 558 ნახვა

"ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობა და მთელ რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა შეხვედრის ფორმატზეც აისახა", - ასე აფასებენ ანალიტიკოსები "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც დაგეგმილზე 4-ჯერ მეტ ხანს (30 წუთის ნაცვლად, 2 საათსა და 16 წუთს) გაგარძელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა სირიის, კიბერუსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხები განიხილეს. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, შეხვედრის ხანგრძლივობა მიუთითებს, რომ დახურულ კარს მიღმა კიდევ სხვა ბევრი საკითხის განხილვა მოხდა, რასაც დრო გამოაჩენს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის თემით დაიწყო. თუმცა, აღნიშნული ვლადიმერ პუტინმა უარყო.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული საკითხი აშშ-რუსეთის ურთიერთობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

მისივე თქმით, მხარეებმა სირიაზეც ისაუბრეს და გადაწყვიტეს, რომ მისი მომავალი ხელმძღვანელობის საკითხზე საჭიროა დისკუსიების წარმართვა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეფასებებს, მისი თქმით, ამერიკის ლიდერთან განიხილა უკრაინასა და სირიაში არსებული ვითარება, ასევე - ტერორიზმსა და კიბერთავდასხმებთან დაკავშირებული საკითხები.

"მე ხანგრძლივი საუბარი მქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ბევრი საკითხი დაგროვდა - აქ არის უკრაინა, სირია და სხვა პრობლემები, ზოგიერთი ორმხრივი საკითხი. ჩვენ კვლავ დავუბრუნდით ტერორიზმთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს", - განაცხადა პუტინმა.

ანალიტიკოს, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტ ირაკლი კიკიანის შეფასებით, შეხვედრის ხანგრძლივობა მეტყველებს, რომ მხარეებს მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმება გაუჭირდათ.

"სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ამ ეტაპზე, მათი ურთიერთობა საკმაოდ რთულად ვითარდება და არსებობს რიგი გადაუჭრელი საკითხებისა. ეს ოფიციალურადაც გაცხადებულია და ბუნებრივია, რომ შეხვედრის ფორმატზეც აისახა", - აცხადებს ირაკლი კიკიანი.

ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძის შეფასებით, რომ არა ორმხრივი სურვილი, ტრამპი გრაფიკს მოიმიზეზებდა და საუბარს ადრე დაასრულებდა.

"ასეთი სამიტებისას წინასწარაა გაწერილი, ვინ როდის ვის ხვდება და რამდენი ხნით, რადგან ოფიციალური ღონისძიებების გარდა სამიტის პანელზე ორმხრივი და მრავალმხირივი შეხვედრებიც იმართება ხოლმე. შესაბამისად, როცა ორი ლიდერი მოლაპარაკებას ასრულებს, მათ შემდეგ სხვა შეხვედრები აქვთ და ცდილობენ, გრაფიკი დაიცვან.

"რექს ტილერსონის განცხადებით, იმდენად დიდხანს გასტანა შეხვედრამ, რომ პირველ ლედის დაარეკვინეს, რათა ჩვენ გამოვეყვანეთ იქიდანო. არსებობს ვიდეოკადრებიც, როცა მელანია ტრამპი მივიდა მოლაპარაკების ოთახთან და, რუსული მედიის განცხადებით, ოთახში შეიხედა.

"შესაბამისად, რომ არა ორმხრივი სურვილი, ტრამპი მოიმიზეზებდა გრაფიკს, შემდეგ შეხვედრას და ადრე დაასრულებდა საუბარს. თუმცა, ცხადია, რომ ხანგრძლივი საუბარი და ვრცელი თემების მოცვა უფრო მეტად პუტინის ინტერესებში შედიოდა", - აცხადებს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ტრამპის შემდეგ პუტინი ჩინეთის ლიდერს ხვდებოდა, სადაც საკმაოდ საინტერესო დეტალი იკვეთება.

"ამ შეხვედრაზე დაგვიანების გამო, პუტინს ბოდიშის მოხდაც მოუწია. აქ საინტერესო ის არის, რომ სი ძინპინი ორი დღით ადრე იყო ვიზიტით მოსკოვში და პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა. შესაბამისად, სამიტზე შეხვედრის აუცილებლობა არ უნდა დამდგარიყო.

"პუტინსაც და სი ძინპინსაც ეს პანელი უფრო სხვა ლიდერებთან შესახვედრად უნდა გამოეყენებინათ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ლიდერი დაინტერესებული იყო ტრამპი-პუტინის შეხვედრის შედეგების გაგებით", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისი შეფასებით, შეხვედრით არც ამერიკული, არც რუსული მხარე კმაყოფილებას არ მალავს და ტრამპმა პუტინთან შეხვედრა სხვა ლიდერებთან შედარებით ყველაზე შედეგიანად შეაფასა, მეტიც, მას ბრწყინვალე მოლაპარაკება უწოდა.

"მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდა სირიის საკითხში. მხარეებმა მოილაპარაკეს სირიის სამხრეთ-დასავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. საუბარი რუსეთის კიბერშეტევებსა და ამერიკის არჩევნებში ჩარევასაც შეეხო. რა თქმა უნდა, პუტინმა იუარა, ტრამპმაც ეს პასუხი მიიღო.

"ჩემს აზრს გეტყვით ამ საკითხზე: დამამცირებლად მიმაჩნია მსოფლიოს ზესახელმწიფოს მხრიდან რუსეთის მიერ არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენაზე საუბარი. ცხადია, რომ ეს უფრო ტრამპის წინააღმდეგაა მიმართული", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ სავარაუდოდ, დახურულ კარს მიღმა სხვა თემებზეც იყო საუბარი, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ასაჯაროვებს.

"ფაქტია, რომ 2 საათსა 15 წუთში მეტი თემის მოცვა უნდა მოესწროთ. ამ თემების გაშიფვრა დროში მოგვიწევს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პროცესები სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, გარკვეული პერიოდის შემდეგ რომელიმე მხარე აცხადებს ხოლმე, რომ ამა და ამ საკითხზე ორმა ლიდერმა ჯი-20-ის შეხვედრაზე მოილაპარაკეს. ასე რომ, მივადევნოთ თვალი",- აცხადებს ამირან სალუქვაძე.