„დღემდე არაა გარკვეული, რას მოეწერა ხელი სარკოზი-სააკაშვილ-მედვედევის შეთანხმებისას“
ამობეჭდვა · 2017-07-11 00:19:00 · 567 ნახვა

კარასინი ოკუპანტის ენით ლაპარაკს განაგრძობს. ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ბანერის გადმოწევასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასება ასეთია: „ხდება ის, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი და ამას აკეთებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. მათ არაერთხელ მოითხოვეს საზღვრის დემარკაციის საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არ სურს“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დამპყრობი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიების გამიჯვნას უხეშად იღებს საკუთარ თავზე. 2015 წელსაც ანალოგიური მოხდა, როცა პუტინის მრჩეველი, კრემლის რუხი კარდინალი ვლადისლავ სურკოვი რაულ ხაჯიმბასთან ერთად ე.წ. ჩვენი საზღვრის კორექტირებას გეგმავდა და აფხაზებს მიმართავდა: „ჩვენს შორის საზღვარი არ უნდა იყოს“. სურკოვი ამას რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულებით ხსნიდა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელ ექსპერტ გელა ხუციშვილს მიაჩნია, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი პოლიტიკური საკითხების მოგვარებას არ ითვალისწინებს და მის კომპეტენციაში სულაც არ შედის სადემარკაციო ხაზის განსაზღვრა. შესაბამისად, დაუყოვნებლივ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ მოვლენას, რომელიც 2008 წელს მოხდა და მძიმე შედეგით დამთავრდა საქართველოსთვის პასუხისმგებლობის მქონე პირების უპასუხისმგებლობის გამო. უნდა გაირკვეს, სააკაშვილმა რას მოაწერა ხელი - სარკოზი, სააკაშვილის და მედვედევის შეთანხმებისას.

„ეს არის სადემარკაციო ხაზი, ანუ ცეცხლის შეწყვეტის, კონფლიქტის დასრულების შემდეგ გავლებული სადემარკაციო ხაზი და არა - საზღვარი. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ხმარებიდან უნდა ამოიღონ ეს ტერმინი. სანამ ჩვენ სადემარკაციო ხაზს საზღვარს დავარქმევთ და ვიძახებთ, რომ რუსებმა საზღვარი გამოდმოსწიეს, უფრო და უფრო გამყარდება სასაუბრო ტერმინებში საზღვრის თემატიკა. სად დაისვა მიჯნა, ჩვენ არაფერი ვიცით. ქართულ მხარეს მთელი რიგი მომენტები ხელიდან აქვს გაშვებული. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ასეთი საკითხები განხილულ იქნას სახელმწიფოებრივ მოლაპარაკებათა ფორმატში და არამც და არამც კერძო შეხვედრებში.

სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. საბჭოთა ფედერაციის დაშლის შემდეგ, როცა საქართველო ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ჩვენ განსაკუთრებული ხელშეკრულებები გვქონდა გაფორმებული. ეს ხელშეკრულებები არსებობს. ამიტომ უფრო შორს უნდა გავიხედოთ, რადგან სიბრიყვეს ჩავდივართ ყოველ ნაბიჯზე. ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებითაც. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა მიმდინარეობს საქართველოში და ადმინისტრაციული საზღვრების მიჯნები დღემდე გაურკვეველია. როდესაც მიწის პრივატიზაციას ატარებ და კერძო საკუთრებაში გადასცემ მიწას რაიონს, სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის მიჯნები დადგენილი უნდა გქონდეს. ამ მხრივაც არაფერი გაკეთებულა. ჰაერშია ყველაფერი, უპასუხისმგებლობისა და უვიცობის საშინელი დოღია გამართული საქართველოში“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში გელა ხუციშვილი.

მისივე განმარტებით, 1945 წლის შემდეგ საზღვრების ურღვევობის შესახებ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ხელახალ გადასინჯვას არ ექვემდებარება. ეს იყო ომის შემდგომი საზღვრები, მაგრამ მოგვიანებით დამატებითი ოქმი მიიღეს, რომლითაც ერებს თვითგამორკვევის უფლება ენიჭებოდათ. ამ საკითხს ვერც ერთი კონკრეტული ეთნოსი ვერ წამოჭრიდა, თუ ის მთლიანად არ აკონტროლებდა თავის ადმინისტრაციულ ტერიტორიას. ამ დროს კი, სააკაშვილმა კოდორიც და ახალგორიც „გაუპრავა“ აფხაზებსა და ოსებს. თუმცა ამის გამოსწორება კიდევ შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობით რუსეთთან და არა- კულუარული საუბრებით.

გელა ხუციშვილის აზრით, ჩვენ უნდა დავიწყოთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ძველი ხელშეკრულების მიხედვით, რადგან რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა და ის ვალდებულია, ის სამართლებრივი აქტები აღასრულოს, რომელსაც ხელს აწერდა.

„1937 წელს ჩვენ რა ტერიტორიითაც შევედით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, 1991 წელს ზუსტად იმავე ტერიტორიით გამოვედით. არც რუსეთია არხეინად. ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ კიდევ ბევრი რამ გაირკვევა. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კონსტიტუციის მეორე თავი, სადაც წერია, რომ საზღვრების ცვალებადობის საკითხი ეხება მხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და სხვას არავის. რაც თურქეთის მონაკვეთზე მოხდა, ეს აბსურდი და თაღლითობაა. შეცდომაშია შეყვანილი პრემიერი. როგორი მიმართულებითაც არ უნდა წასულიყო მდინარე, ან საერთოდაც რომ გამქრალიყო, მიჯნები ისეა გავლებული, რომ იქ საზღვარი ურღვევი უნდა ყოფილიყო“.

არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე For.ge-სთან საუბარში კარასინის განცხადებას საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სადემარკაციო ხაზის გავლების შესახებ ამორალურსა და სიცრუეზე აგებულს უწოდებს. მისი მოსაზრებით, კარასინი რუსი შოვინისტია. ამიტომაც, საეჭვოა, რამდენად საჭიროა აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნება? რას მიაღწიეს ამ შეხვედრებით? მწვანილი გაიტანეს რუსეთის ბაზარზე და მეტი არაფერი?

„კარასინთან შეხვედრები არაფრის მომცემია. რუსი მესაზღვრეები მოიწევენ აქეთ, თორემ ოსებს ვინ რას ეკითხება? საკმარისია ჩვენ ევროპაში ან ნატოში წარმატებას მივაღწიოთ, მაშინვე გვიხდიან სამაგიეროს. ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია და ამ დროს რომელი საზღვრის დემარკაციაზეა საუბარი?“ - აინტერესებს ბონდო არველაძეს.