აქტუალობადაკარგული საქართველო და დასავლეთის განსხვავებული დამოკიდებულება
ამობეჭდვა · 2017-07-12 00:20:00 · 575 ნახვა

ბოლო დროს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე საქართველო აქტუალობას კარგავს, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიის შესუსტებითა და დასავლეთის მხრიდან მოვლენების არასწორი შეფასებითაა განპირობებული. ეს "დიდი ოცეულის" სამიტზეც გამოიკვეთა, სადაც მხოლოდ უკრაინის ოკუპაცია ახსენეს და საქართველო "სხვა ქვეყნების" რიგებში მოხვდა.

ამასთან, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც სამიტამდე რადენიმე დღით ადრე რუსეთმა საოკუპაციო ხაზი კიდევ 700 მეტრით გადმოწია და ბანერი დაამონტაჟა.

ანალიტიკოსები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რისი გამოწვევაც საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს აქტუალობის დაკარგვას შეუძლია.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი არათუ მცოცავ ოკუპაციას გააგრძელებს, არამედ შესაძლოა, კიდევ უფრო რადიკალურ ზომას მიმართოს.

"შესაძლოა, რუსეთის მხარემ საქართველო დაადანაშაულოს, რომ თითქოს ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას ამზადებს, რაზეც რუსეთი გულგრილი ვერ დარჩება, რადგან, არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრემლი ვალდებულია, დაიცვას სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი და ამიტომ გადაკეტოს მაგისტრალი.

"რა თქმა უნდა, ეს იქნება ტყუილი ბრალდება, მაგრამ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ყურადღების შესუსტებას რამდენიმე მიზეზი აქვს:

"ალბათ ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ ჩვენი დიპლომატია ვერ მუშაობს სათანადოდ. აუცილებელია, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის შესაბამისმა წარმომადგენლებმა გარკვეული ლობირება გაუწიონ და დაიცვან საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.

"სხვადასხვა ფორუმის მეშვეობით დაარწმუნონ დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოება, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არათუ უკრაინისაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, არამედ გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია.

"იმიტომ, რომ უკრაინის ტერიტორიის 7%-ია ოკუპირებული და, ამასთან, ოკუპაციის შედეგად უკრაინის სახელმწიფოებრიობა რომ გაქრეს, კიევს რუსეთის მხრიდან ასეთი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენს შემთხვევაში კი რუსეთს არ სჭირდება თბილისზე შემოტევა, მას შეუძლია, გადაკეტოს მაგისტრალი და ამით ხერხემალში გადატეხოს ჩვენი ქვეყანა. თუმცა მხოლოდ ჩვენს მხარესაც ვერ დავაბრალებთ არსებულ მდგომარეობას.

"საქართველოს საკითხი საერთაშორისო სამთავრობო წრეებში სრულიად არასწორად აღიქმება. ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ განსხვავებული მიდგომაა საქართველოსა და უკრაინის საკითხების მიმართ. თუ ყირიმის შემთხვევაში მაშინვე აღიარეს ოკუპაცია, საქართველოსთან მიმართებით 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედების გამო დასავლეთს სანქციები არ აუმოქმედებია და ინტერვენცია თუ ოკუპაცია ამ ქმედებას მხოლოდ 2011 წელს ეწოდა, როდესაც ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუცია მიიღო.

"ამიტომ, მე ვფიქრობ, დასავლეთის მხრიდან შეცდომით ხდება ვითარების შეფასება, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ არასწორი მიდგომაა.

"მიაჩნიათ, რადგან უკრაინა უფრო დიდი ტერიტორიაა და ევროპაში მდებარეობს, იქ უფრო მეტი საფრთხე არსებობს, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში, რაც სრულიად არასწორია," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მისი თქმით, ქართულმა დიპლომატიამ საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს და დაარწმუნოს დასავლეთი, რომ ჩვენი ქვეყნის ვითარება გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე უკრაინის.

"ასევე, ამა თუ იმ საერთაშორისო ფორუმზე დასავლელ პარტნიორებს უნდა დაუმტკიცონ, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტები უნდა გახორციელდეს და ეს დასავლეთისთვისაც მომგებიანი იქნება.

"ამასთან, ქართულმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის ცაკლეულ საკანონმდებლო ორგანოებთან, რათა შეიქმნას ლობისტური ჯგუფები.

"ამისთვის ხელისუფლების მიერ შეიძლება თანხებიც კი გამოიყოს, რათა ამ ჯგუფებმა, აშშ-ის კონგრესი იქნება თუ ბუნდესტაგი, მაქსიმალური ლობირება გაუწიონ საქართველოს ინტერესებს. იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ჩვენი საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის და აუცილებელია, ყოველთვის იდგეს დღის წერიგში და პირველ პლანზე," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, მართალია, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ზოგადი კონცეფცია საერთაშორისო ურთიერთობაში, მაგრამ მოქმედების ინტენსივობა საკმაოდ შესუსტებულია.

"საქართველოს ხელისუფლებას აქვს ზოგადი კონცეფცია საერთაშორისო ურთიერთობაში, რაღაც ნაბიჯებს სწორად დგამს, მაგრამ ვფიქრობ, მოქმედებათა ინტენსივობა საკმაოდ შესუსტებულია.

"ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმით, რომ გვსურს, რუსეთთან ჩვენი ქმედებები არ იყოს კონფრონტაციული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მიამიტური მიდგომაა, რაც აჩვენა კიდეც ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა. ვცდილობთ, რუსეთს დავუყვავოთ, მაგრამ ის კიდევ ახლოს მოიწევს.

"არ მინდა ჩვენი საგარეო მიდგომის ზედმეტი კრიტიკა, მაგრამ ფაქტია, ინტენსივობა შესუსტებულია და, სიმართლე გითხრათ, პირადად მე ამ ყველაფერში ვერც მწყობრ სტრატეგიას ვხედავ," - აცხადებს გია ხუხაშვილი.