საქართველოს დილემა - ოკუპაციის შეჩერება და კონფლიქტის აცილება
ამობეჭდვა · 2017-07-13 00:39:00 · 659 ნახვა

"ტერიტორიების ოკუპაციის მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება," - ასეთია კონფლიქტოლოგების პროგნოზი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, იმ ფაქტს, რომ ქართველი სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას არ ან ვერ ახდენენ, რუსი ოკუპანტები კარგად იყენებენ და მათი მხრიდან მომავალში კიდევ უფრო რადიკალურ ქმედებებს უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში 4 ივლისს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს. ადგილობრივების თქმით, ამის შედეგად მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონი აბაშიძის განცხადებაა, სადაც იგი ამბობს, რომ საოკუპაციო საზღვრის კიდევ გადმოწევას არ გამორიცხავს.

"მან მთელ ამ მოლაპარაკებათა პროცესში პირველად და ღიად განაცხადა ამის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკების დროს მსგავსი მესიჯები მიიღო," - აცხადებს პაატა დავითაია და აღნიშნავს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.

"ამ ხელისუფლების პირობებში ვითარება კიდევ უფრო გართულდება, რადგან ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან. შესაბამისად, ამ ყველაფრის შემყურე რუსების მოქმედება არის ადეკვატური, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენგან განსხვავებით, მათ იციან, რა უნდათ."მოდით, ვთქვათ რეალურად, 2008 წლის შემდეგ 2012 წლამდე რატომ არ იყო მცოცავი ოკუპაცია?! იმიტომ, რომ თუ ისინი მიიღებენ მკაცრ პასუხს, არ იქნება მცოცავი ოკუპაცია. ერთია ბრძოლით დაკარგული და მეორე - დუმილით.

"მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს ბრძოლით დაკარგული ტერიტორია უფრო ნაკლებია, ვიდრე 2012 წლის შემდეგ - მცოცავი ოკუპაციით. ეს არის დათმობის და ე.წ შერბილებული პოლიტიკის შედეგი," - აცხადებს პაატა დავითაია, რომელიც აღნიშნავს, რომ ქართველი სამართალდამცავი ორგანოები ყველა უკანონობაზე შესაბამის რეაგირებას უნდა ახდენდნენ.

მისი თქმით, არსებობს იმის საფრთხეც, რომ რუსეთმა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის არსებული ავტომაგისტრალი გადაკეტოს.

"გადაკეტვა ნიშნავს, იგივე გასროლას ოკუპირებული ტერიტორიიდან (450 მეტრიდან, რაც არის ავტომატის დაფარვის ზონა) და 5 ტყვია რომ მოხვდეს მანქანას, პარალიზებულია მოძრაობა. ანუ რუსეთმა სულ 5 ტყვია რომ იყიდოს, 10 ლარი დაუჯდება საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა," - აცხადებს ექსპერტი.

პაატა დავითაიასგან განსხვავებული პოზიცია აქვს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს, რომელიც აქცენტს მშვიდობიან ქმედებაზე აკეთებს.

მისი თქმით, ერგნეთის მოლაპარაკების საშუალებით გარკვეული ხნის განმავლობაში ბანერის დადგმის პროცესი ოსეთის მხრიდან შეჩერებული იყო, ხოლო 4 ივლისის ქმედების შემდეგ რუსებს სამუშაოები არ განუახლებიათ, რადგან ახლაც მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"ეს პროცესი ახლაც შეჩერებულია, რადგან ერგნეთის მოლაპარაკება მიმდინარეობს. როგორ დასრულდება, ვერ გეტყვით. ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება ამ საკითხს.

"მოგეხსენებათ, მავთულხლართების გაბმა და ბანერების დამონტაჟება ომის შემდეგ მოხდა რამდენიმე ადგილას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მშვიდად მივიტანოთ სათქმელი რუსებთანაც და ცხინვალელებთანაც, რომ ასე არ შეიძლება და ძალით რამეს გაკეთება არ გამოდის," - ამბობს დიმიტრი სანაკოევი.

კითხვაზე, ქართველი სამართალდამცავები უნდა რეაგირებდნენ თუ არა ოკუპანტების მიერ ჩადენილ დარღვევებზე, სანაკოევი ამბობს, რომ, მისი პირადი მოსაზრებით, კი, თუმცა არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყოველგვარი ქმდება, რაც კონფლიქტის პროვიცირებას მოახდენს, დაუშვებელია.

"მესმის ნებისმიერი პატრიოტული სულისკვეთების და ჩემი პირადი მოსაზებაა, რომ მათ დარღვევებს ჩვენც ადეკვატურად ვუპასუხოთ.

"თუმცა, საერთოდ, აგვისტოს ომის შემდეგ არსებობს ხელშეკრულება, ევროკავშირის მიერ დადებული, რომლის მიხედვითაც, სიტუაცია არ უნდა გავამწვავოთ და, რაც მთავარია, მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ კონფლიქტი. იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან მსგავსი ქმედებით, შესაძლოა, მოხდეს იმის პროვოცირება, რათა კონფლიქტი ხელახლა დაწყოს. თუმცა ჩვენთან არსებობს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი კანონდამრღვევის დასჯა შეგვიძლია," - აცხადებს დიმიტრი სანაკოევი.