პირველად ისტორიაში - ამერიკული "პეტრიოტი" ბალტიისპირეთში
ამობეჭდვა · 2017-07-14 00:40:00 · 519 ნახვა

ნატო-მ ლიტვაში ამერიკული სარაკეტო კომპლექსი "პატრიოტი" განალაგა, რაზეც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამით ჩდრილოატლანტიკური ალიანსი ერთიანი საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

თუმცა, აღნიშნავენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები დიდი ხანია, ნატო-ს წევრები არიან, მაგრამ მათ ტერიტორიაზე ნატო-ს ასეთი გაძლიერება აქამადე არ შეიმჩნეოდა. ამის გამომწვევ მიზეზად ყირიმის მოვლენებსა და მსოფლიო არენაზე რუსეთის გააქტიურებას ასახელებენ.

ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შორი რადიუსის მოქმედებების სარაკეტო სისტემა ნატო-ს წვრთნების ფარგლებში დამონტაჟდა და ამით აშშ ახდენს იმის დემონტრირებას, რომ ლიტვის, როგორც სტრატეგიული მოკავშირის, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რადგან იგი მოსკოვის სამხედრო ძალის მხრიდან სერიოზული საფრთხის წინაშეა.

წვრთნებში ჩართულია ნატო-ს ხუთი ქვეყნის (მათ შორის: აშშ-ის, ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიტვის) ჯარი და საჰაერო თავდაცვის სისტემა. ლიტვის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 000 სამხედროა განლაგებული.

სწავლებები 22 ივლისამდე გაგრძელდება.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებს აძლიერებს და ანალოგიურად იქცევა ნატო-ც, რომელიც ყირიმის მოვლენების შემდეგ გამოფხიზლდა და აღმოსავლეთის მიმართულებით საპასუხოდ გააქტიურდა.

"ეს არის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის დაფარვის ზონა დაახლოებით, 100 კილომეტრამდე. თუმცა, სხვადასხვა მოდიფიკაციაა და წყარებში არ სახელდება, ზუსტად რომელზეა საუბარი.

"რაც შეეხება თვითონ ამ სისტემების განლაგებას, მოგეხსენებათ, ლიტვა და ზოგადად ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ნატო-ს წევრები არიან, ამიტომ ნატო თავის მხრივ ერთიანი საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სწავლებები, რომლებიც ახლა ტარდება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

"აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნატო-ს მასშტაბური სწავლებები დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია განვითარების სხვა ფაზაში გადავიდა და გააქტიურდა ყველა მიმართულებით", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ყირიმის მოვლენებმა და რუსეთის გააქტიურებამ სირიაში დასავლეთს, ნატო-ს, აშშ-ს მოვლენები სხვა თვალით დაანახვა.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით რუსეთი გააქტიურებულია და მუდმივად მიმდინარეობდა სხვადასხვა მასშტაბის სწავლებები. მათ შორის ერთ-ერთი - "დასავეთი 2017" სექტემბერში გაიმართება.

"აღნიშნული სწავლება 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ბელარუსისა და რუსეთის შეარაღებული ძალები. როგორც მედიით ვრცელდება, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სწავლება.

"შესაბამისად, ეს არის ურთიერთსაპასუხო სწავლებები. ერთი მხრივ, აქტიურდება რუსეთი და, მეორე მხრივ, ნატო აღმოსავლეთ საზღვრებზე ძლიერდება", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთის ქმედებებმა განაპირობა ის, რომ დასავლეთმა მოსკოვის სამხედრო შესაძლებლობები უკეთ აღიქვა.

"ბევრისთვის და პირველ რიგში, აშშ-ისთვის მოულოდნელი იყო ის აქტივობა, რაც რუსეთმა სირიაში მოულოდნელად განახორციელა - დაწყებული ფრთოსანი რაკეტების გაშვებით, დამთავრებული საჰაერო კოსმოსური ძალების მოქმედებით. ამიტომ ვამბობ, რომ სხვა თვალით შეხედეს რუსეთს და იწყებენ აღმოსავლეთის საზღვრების გაძლიერებას.

"მე გამოვრიცხავ, რომ ნატო-ს რამე სამხედრო მიზნები ჰქონდეს რუსეთთან მიმართებით და საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადებოდეს. ანალოგიურად რუსეთიც არაფერს გეგმავს. უბრალოდ, ეს არის ძალის დემონსტრირება ერთი მხრიდან და საპასუხო ქმედება მეორისგან", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთმა მთელ თავის პერიმეტრზე თითქმის დაასრულა ანტისარაკეტო ფარის შექმნა, ის ყველა მიმართულებით ძლიერდება და, წესით, მისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, როდესაც ნატო ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების გაძლიერებას ახდენს, თანაც - კანონის სრული დაცვით.