„დაუმთავრებელი ხუდონჰესი გარემოსათვის გაცილებით უფრო პრობლემატურია, ვიდრე აშენებული ხუდონჰესი იქნებოდა"
ამობეჭდვა · 2017-07-16 19:41:00 · 495 ნახვა

„დაწყებული და დაუმთავრებელი მშენებლობა გარემოს უფრო დიდი ზიანს აყენებს", - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ რადიო „კომერსანტს" განუცხადა.


მისი თქმით, საქართველოსთვის სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა რთულია, თუმცა ენერგოუსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია.


„ჩვენ ნავთობი და გაზი არ გვაქვს, ამდენად სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა რთული იქნება. ენერგოუსაფრთხოება კი მიღწევადია. თუ დავაკვირდებით ჩვენს ენერგეტიკულ ბალანსს, საშუალოდ წლის განმავლობაში, ზამთრის პერიოდში დაახლოებით 50 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის დამატება გვიწევს. თუ ჩვენ სადგურების მშენებლობას ასე ინტენსიურად გავაგრძელებთ, თუ ჩვენ ხუდონჰესს დავამთავრებთ, ენერგოუსაფრთოებას და დამოუკიდებლობას ძალიან მალე მივაღწევთ", - განაცხადა არაბიძემ.


მისი თქმით, დაუმთავრებელი ჰუდონჰესი გარემოსთვის უფრო მეტ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე აშენებული ხუდონჰესი იქნებოდა.


„მესმის რომ პრობლემებია, ზოგი ხელოვნური, ზოგი ბუნებრივი, მაგრამ ისე უნდა აშენდეს, რომ რასაც გარემოს დამცველები ითხოვენ, დარეგულირდეს. არის მეორე ფაქტორიც, დღეს დაუმთავრებელი ხუდონჰესი გარემოსათვის გაცილებით უფრო პრობლემატურია, ვიდრე აშენებული ხუდონჰესი იქნებოდა. დაწყებული და დაუმთავრებელი მშენებლობა გარემოს უფრო დიდი ზიანს აყენებს. 1993 წელს ხუდონჰესი ექსპლუატაციაში რომ შესულიყო და დღეს ჩვენს ენერგოსისტემას მილიარდნახევრიანი კილოვატსაათი ელექტრული ენერგია ჰქონოდა, ფაქტობრივად, ჩვენი ბალანსი მთლიანად შეიცვლებოდა და ჩვენი ტარიფები სხვაგვარი იქნებოდა", - აღნიშნა გია არაბიძემ.



ავტორი: commersant.ge