ტენდერი გამოცხადდა, გაზსაცავის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება
ამობეჭდვა · 2017-07-20 00:20:00 · 492 ნახვა

სტრატეგიული ობიექტის - მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. დაახლოებით 4 წლის შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა ქვეყნის მთლიანი წლიური მოხმარების 15% დაიმარაგოს და ფორსმადორულ სიტუაციაში გამოიყენოს.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის მიზნით „პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების“ მომსახურების შესყიდვისთვის ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესების შესაბამისად განხორციელდება, რომლებიც ნაწილობრივ აფინანსებენ გაზსაცავის პროექტს. საერთაშორისო ტენდერის პირველი ეტაპი მოიცავს პროცესს, რომლის ფარგლებში კორპორაცია შეარჩევს შესაბამისი გამოცდილებისა და ფინანსური შესაძლებლობების მქონე კონტრაქტორების ჯგუფს.

გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში. მშენებლობის პირველ ეტაპზე ორი შემფასებელი ჭაბუღილი გაიბურღება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები.

სამგორის გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. ამ დროისთვის შაჰ-დენიზის გაზსადენიდან საქართველოსთვის მოსაწოდებელი გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თამჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი არაერთ კომპანიას აქვს, მათ შორის აზერბაიჯანულ „სოკარსაც“. ასევე დაინტერესებაა საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მხრიდანაც: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, KFW, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტები. კორპორაციაში ამბობენ, რომ პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მინიმუმ 51% იქნება.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არა აქვს, რაც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად დააბალანსოს ბუნებრივ აირზე ზაფხულისა და ზამთრის მოთხოვნილება. ამასთან, გაზსაცავის არქონა გაზის მიწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს რისკის წინაშე აყენებს.

როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, ამ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობით ამაღლდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, რადგან ბუნებრივი გაზის ქვეყნის გარედან მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მომხმარებლებისათვის გაზსაცავიდან გაზის მიწოდება. ასევე, გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირება და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილება.

გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დამუშავებულ ნავთობის საბადოზე აშენდება და იქ 300 მლნ კბ/მ-მდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. ეს ქვეყნის დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ია.