ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალმა სისტემური სახე მიიღო, ტურისტების რიცხვი შემცირდა
ამობეჭდვა · 2017-07-20 00:40:00 · 473 ნახვა

აფხაზეთში კრიმინალმა საგანგაშო ხასიათი მიიღო. დაყაჩაღება, გატაცება, გაუპატიურება, მკვლელობა, ეს ის დანაშაულებია, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე სისტემატურად ხდება.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რუსი ტურისტის მკვლელობა იყო, რის გამოც ბევრი დამსვენებელი აფხაზეთში ჩასვლისგან თავს იკავებს.

თბილისში კი ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში კრიმინალი იარსებებს მანამ, სანამ ის საქართველოს იურისდიქციას არ დაუბრუნდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილ მინისტრ ლევან კიკნაძის შეფასებით, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ დე ფაქტო ხელისუფლება თავად კრიმინალურია.

"აფხაზეთში კრიმინალი იმ დროიდან მოყოლებული არსებობს, რაც იქიდან წამოვედით და გრძელდება დღემდე. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ თვითონ ხელისუფლებაა იქ კრიმინალური, რომელიც ერთმანეთს ცვლის, მაგრამ ამ კრიმინალური გავლენიდან ვერ გამოდის. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ იქ კრიმინალის დონე საკმაოდ მაღალია. აფხაზეთში კრიმინალის პრობლემა იქნება მანამ, სანამ ეს ტერიტორია არ დაუბრუნდება საქართველოს იურისდიქციას," - ამბობს ლევან კიკნაძე.

მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება სათავეში კრიმინალებთან გარიგებით მოდის.

"ნებისმიერი ხელისუფლება აფხაზეთში სანამ საწადელს მიაღწევს და სათავეში მოვა, გარიგებაში შედის კრიმინალებთან. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ებრძვის მათ, რადგან მათი დახმარებით ხდება აფახზეთის ე.წ. მთავრობა. ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც კრიმინალების დახმარებით კი არა, მათთან საბრძოლველად მოვიდა ხელისუფლებაში, ეს ანქვაბი იყო, რომელსაც არ დაასრულებინეს საპრეზიდენტო ვადა, ისე ჩამოაშორეს ხელისუფლებას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდათ აფხაზეთში კრიმინალის წინააღმდეგ ნამდვილი ბროძლა," - აღნიშნავს ლევან კიკნაძე.

რაც შეეხება კრიმინალის გამო ტურისტების ნაკლებობას, კიკნაძე ამბობს, რომ ეს მდგომარეობა აფხაზეთში სოციალურ ფონს კიდევ უფრო გააუარესებს.

"ყველამ კარგად ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ტურისტებს აფხაზეთისთვის. ეს კერძო სექტორისთვის თუ ადგილობრივებისთვის იყო დამატებითი შემოსავალი და წარმოიდგინეთ, როდესაც ტურისტები შემცირდებიან, რა დღეში ჩავარდება ეს ხალხი. განსაკუთღებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინი, ვინც ტურისტულ სეზონზე იყვნენ ორიენტირებულნი," - აცხადებს ლევან კიკნაძე.

"კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულზე ადგილობრივი ხელისუფლების რეაქცია ცალკეული ადამიანების დასჯა იყო, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კრიმინალის რაოდენობას ვერ ამცირებს.

"აფხაზეთში კანონის უზენაესობასა და კრიმინალთან მიმართებით კანონის აღსულებასთან დაკავშირებით დღემდე სისტემური პრობლემებია. შესაბამისად, ეს ის საკითხია, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო თუ ისე ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ვერ უმკლავდება. კრიმინალის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია იმან, რომ ბოლო დროს ბევრი ასეთი დანაშაული დაემთხვა ერთმანეთს. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლებისგან რეაქცია იყო ცალკეული ადამიანების დასჯა, რაც მოკლევადიანად მოქმედებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამის აღმოფხვრა ვერ ხდება. ჩემი აზრით, ამ პრობლემისთვის თავის გართმევას ვერც მოახერხებენ," - ამბობს გიორგი კანაშვილი და აღნიშნავს, რომ ტურისტების შემცირების მიზეზი სერვისებისა და ფასების შეუსაბამობა იყო, რასაც ახლა კრიმინალის ზოგადი მაჩვებენელიც დაემატა.

"აფაზეთში ინფრასტრუქტურა არცთუ ისე გამართულია. რაც მოწესრიგებულია, ძვირია. ამიტომ, ტურისტების ვიზიტები განპირობებული იყო იმით, რომ შედარებით დაბალი ფასებია. თუმცა, ბოლო პერიოდში მიდის საუბრები, რომ ფასები და სერვისები მაინც შეუსაბამოა. ამას კიდევ ემატება ზოგადი კრიმინალის დონე. შესაბამისად, ეს უკვე თავის ასახვას ჰპოვებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აფხაზეთი ბევრს არაფერს აწარმოებს და ძირითადი შემოსავალი (თუ რუსეთიდან შესულ ფულს არ ჩავთვლით) ტურისტებს უკავშირდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება ფხაზეთის ეკონომიკაზე," - აცხადებს გიორგი კანაშვილი.



ავტორი: "რეზონანსი"