"ოცნება" პრეზიდენტის მრჩევლისგან ბოდიშს ითხოვს
ამობეჭდვა · 2017-07-21 00:19:00 · 440 ნახვა

მცირე პაუზის შემდეგ "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონფლიქტი განახლდა. "ქართული ოცნების" დეპუტატები პრეზიდენტისგან ბოდშის მოხდას მოითხოვენ. მმართველი ძალის უკმაყოფილება და გაღიზიანება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებები "ამბასადორიალზე" "ელჩებისთვის პარტიული დავალებების მიცემად" შეაფასა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა "ამბასადორიალი 2017"-ის პანელში - "დემოკრატიული განვითარება" და საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესის, ასევე, დოკუმენტის შინაარსის შესახებ ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისია ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შეიქმნა და მისი 73 წევრიდან მუშაობაში მონაწილეობა მხოლოდ სამმა წევრმა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ მიიღეს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური იყო და იმ ინიციატივების 80%, რომელიც საბოლოო ჯამში, აისახა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, მოდიოდა სწორედ ოპოზიციური პარტიების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში არ არის არც ერთი ნორმა, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას უპირატესობა ენიჭება.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს "ამბასადორიალზე" ელჩებისთვის პარტიული დავალებების მიცემად აფასებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის დავალებების მიცემა დიპლომატიური კორპუსისათვის სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია.

"სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება როგორც პარტიულ აქტივს და აძლევს პარტიულ დავალებებს.

"დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანაბანაა, რომ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ არ ეძლევათ პარტიული დავალებები. უაღრესად სამწუხაროა და ძალიან ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება როგორც პარტიულ აქტივს და აძლევს პარტიულ დავალებებს. ეს არის, სხვათა შორის, ის სამართლიანი პრეტენზია, რომელსაც ქართული საზოგადოება უყენებდა წინა ხელისუფლებას და რისი პრაქტიკაც დასრულდა 2012 წელს. მსგავსი ტიპის დავალებების მიცემა დიპლომატიური კორპუსისათვის არის სრულიად მიუღებელი და სრულიად დაუშვებელი," - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა უკმაყოფილება მმართველ გუნდში. როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარისა და მთლიანად დიპლომატიური კორპუსის შეურაცხყოფა და პრეზიდენტმა თავისი მოხელის გადაცდომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

"ალბათ ოპოზიციურ ფრთაზე უფრო მიკერძოებული უნდა იყო, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებში პარტიული დავალებები ამოიკითხო. ეს უკვე ინტერპრეტირების აქამდე ცნობილ ფარგლებსაც კი სცილდება. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც პრეზიდენტის მხარე პარტიულ აქტივად მოიხსენიებს.

"სწორედ ამის გამო, წესით, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსი შეურაცხყო," - განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის, შეფასებას ვიცე- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასანანია, როდესაც "ამბასადორიალის" პოლიტიზება ხდება. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს სრულიად დეპოლიტიზებულია.

"ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადება და ძალიან დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება სწორედ ამ საკითხის და, ზოგადად, "ამბასადორიალის" პოლიტიზება.

"მე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ "ამბასადორიალის" ფარგლებში არსებობს შესაძლებლობა ყველა აზრის გამოხატვის და მოსმენის. ჩვენ ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების მოხსენებებზე, მათი პოზიციების გაცნობაზე და ა.შ. ამიტომ ეს განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო და ემსახურება სწორედ ამ პროცესის პოლიტიზებას.

"მინდა, მოვუწოდო დანარჩენ პირებს, რომლებიც ასევე გამოეხმაურნენ ამ უსაფუძვლო განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არის სრულიად დეპოლიტიზებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასრულებს თავის მოვალეობას მსოფლიოს მასშტაბით და დღეს ჩვენ გვქონდა დიდი პატივი, გვემასპინძლა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ გააცნო ინფორმაცია ჩვენს დიპლომატებს, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა და ეს ინფორმაცია, მოსმენილი პირველწყაროდან, კომისიის თავმჯდომარისგან, იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი დიპლომატებისთვის," - განაცხადა ჯანელიძემ.