ამერიკული არმიის ახალი ლაზერული სუპერიარაღი
ამობეჭდვა · 2017-07-22 00:40:00 · 523 ნახვა

მსოფლიოს ისტორიაში პირველად აშშ-ში ლაზერული იარაღი გამოსცადეს. სამხედრო საზღვაო ფლოტის კაპიტან კრისტოფერ უელსის განცხადებით, ლაზერი მოქმედებს სინათლის სხივის ეფექტით, ბალისტიკურ რაკეტაზე 50 000-ჯერ უფრო სწრაფად.

ლაზერული იარაღის ღირებულება 40 მილიონი დოლარია და ჯერჯერობით ის უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე რადიუსიანი რაკეტების გასანადგურებლადაა შექმნილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ გასროლის თვალსაზრისით ლაზერული იარაღი ძალიან ეკონომიურია და მუშაობს ახალი ტიპის ტექნოლოგიებზე.

"ლაზერული იარაღი იძლევა იმის საშუალებას, რომ ის გამოყენებული იყოს მცირეგაბარიტიანი საფრენი საშუალებებისა და ზოგიერთ შემთხვევაში იმ სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ, რომელთა დაფარვის არეალი არ აღემატება 100 კილომეტრს.

"თუმცა ამერიკელები ახლა მუშაობენ, რომ კიდევ უფრო გააფართოონ არეალი და გადავიდნენ ისეთი შეიარაღების ტიპებზე, რომლებიც უფრო მსხვილგაბარიტიან არეალზე იმუშავებს.

"მინდა გითხრათ, რომ ლაზერული იარაღის დანერგვა საკმაოდ წარმატებულია, რადგან ის მეხუთე თაობის იარაღების ტიპს მიეკუთვნება," - აცხადებს ვახტანგ მაისაია და აღნიშნავს, რომ ლაზერულ ქვემეხზე მუშაობა რუსეთშიც მიმდინარეობს.

"სიმართლე რომ ვთქვათ, ლაზერული იარაღი რუსული "ნოუ ჰაუ" უფრო არის, ვიდრე ამერიკული, რადგან რუსეთმა ლაზერულ ქვემეხზე მუშაობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს პროექტის - "მახვილი და ფარი" ფარგლებში დაიწყო. ეს იყო მიმართული ე.წ ვარსკვლავური ომების ტექნოლოგიის წინააღმდეგ."ამერიკელებმა თქვეს, რომ იწყებდნენ ლაზერულ ქვემეხზე მუშაობას, რომლის განლაგებასაც კოსმოსურ სივრცეში აპირებდნენ და სარაკეტო კომპლექსების იქიდან ჩამოგდებას. თუმცა ეს იმ პერიოდში ვერანაირად ვერ განხორციელდებოდა, რადგან ტექნოლოგია შესაბამისად განვითარებული არ იყო.

"მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირი ამ სატყუარას წამოეგო და, შეიძლება ითქვას, თავისი წვლილი შეიტანა ამ ტექნოლოგიის განვითარებაში, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ამაზე მუშაობა დაიწყო. როგორც ჩანს, ამერიკელებმა ამის გარდაქმნის პერიოდში შესაბამისი მეცნიერებიც კი წაიყვანეს აშშ-ში და ისინიც ჩართეს ამ პროცესში.

"რუსეთში ახლა ამუშავებენ ლაზერული ქვემეხის იდეას და, რა თქმა უნდა, ეს არის ამერიკასა და რუსეთს შორის შეიარაღების რბოლის ახალი ეტაპი," - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ბრიგადის გენერლის, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის თქმით, ლაზერული იარაღი გამოიყენება მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო თუ სამრეწველო პოტენციალის გასანადგურებლად.

"გამოიყენებენ სამხედრო მოქმედებისას სხვადასხვა ოპერაციაში, შესაძლოა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათი ობიექტების გასანადგურებლად ან სხვა დაპირისპირების დროს.

"ლაზერული იარაღი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა მოითხოვს გასანადგურებელი მიზნის ოპტიკური საშუალებით ხილვადობას, რაც საარტილერიო ან სარაკეტო სისტემებისთვის საჭირო არაა," - ამბობს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება აშშ-ის შეიარაღებაზე რუსეთის საპასუხო ქმედებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ აშშ და რუსეთი სამხედრო შეიარაღების განვითარებაში ერთმანეთს ფეხდაფეხ მისდევენ.

"რუსეთი, დიდი ხანია, მუშაობს ლაზერულ შეიარაღებაზე, ზოგადად, ლაზერის გამოყენებაზე სამხედრო დანიშნულებისთვის და წარმატებულადაც. ასე რომ, რუსეთისთვის, როგორც ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფოსთვის, აშშ-ის მსგავსი ტექნოლოგიები პრობლემა არაა. რა თქმა უნდა, ერთმანეთს მისდევენ სამხედრო შეიარაღების განვითარებაში," - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ფოტო: "ლაზერული იარაღი იძლევა იმის საშუალებას, რომ ის გამოყენებული იყოს მცირეგაბარიტიანი საფრენი საშუალებებისა და იმ სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ, რომელთა დაფარვის არეალი არ აღემატება 100 კილომეტრს."



ავტორი: "რეზონანსი"