2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმება - ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებას
ამობეჭდვა · 2017-07-25 00:19:00 · 498 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების დაგეგმილი შეხვედრა ჩაშლის ზღვარზეა. პარლამენტის მანდატების გარეშე დარჩენილი პარტიების პრინციპული მოთხოვნაა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებასთან საუბრის აზრს ვერ ხედავენ. "ოცნება" კი ოპოზიციას ულტიმატუმის წამოყენებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ახლახან ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო იყო ჩამოსული და ერთ-ერთ რეკომენდაციად მხარეებს შორის ფართო კონსენსუსის მიღწევა დაასახელა.

"ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს და საჭიროა, გაგრძელდეს კონსულტაციები იმისთვის, რომ ფართო კონსენსუსის მისაღწევად საერთო ენა გამოინახოს," - განაცხადა მაშინ ბუკიკიომ.

პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით მიიღო, ხოლო საბოლოო დამტკიცებამდე საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაცია გაითვალიწინა და ოპოზიციასთან შესახვედრად მზადყოფნა გამოთქვა.

თუმცა ამ ეტაპზე შეხვედრის ნაცვლად ორივე მხარე დისტანციურად ურთიერთბრალდებებით არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია შეხვედრის აზრს ვეღარ ხედავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს ოპოზიციის ულტიმატუმი არ მოსწონს, თუმცა, მიუხედავად ამისა, იმედოვნებს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

"ოპოზიციის ნაწილმა წერილი გააგზავნა ვენეციის კომისიაში, რაც ნამდვილად უდროო იყო, რადგან ეს კონსენსუსს არ უწყობს ხელს. ულტიმატუმები ჩვენ მაშინ არ წაგვიყენებია, როდესაც სახალხო განხილვა მიმდინარეობდა.

"ჩვენ ჩავწერეთ, რომ 2020 წლისთვის ბარიერი იქნებოდა 3% და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ. მიუხედვადა ამისა, კვლავაც მზად ვართ, შევხვდეთ ოპოზიციას და ვესაუბროთ. თუ იქნება მათი მხრიდან თანმხვედრი ნაბიჯი, ვიფიქრებთ შესაბამისი გადაწყვეტილების მექანიზმებზე.

"იმედი გვაქვს, რომ დიალოგის დროს მივიღებთ პასუხს მთავარ კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს კონსტიტუციის პროექტს. ვიმედოვნებთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იქნება ისეთი, რომელიც კიდევ უფრო ღრმად შეიყვანს მათ ჩიხში.

"როდესაც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, რომ ხელისუფლება გველაპარაკება ულტიმატუმის ენაზეო, ასეთი პათოსი თავად ოპოზიციიდან არ უნდა მოდიოდეს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, მზად ვართ დიალოგისათვის, ველოდებით რაციონალურ წინადადებებს. იმედია, არ იქნება ისეთი მოთხოვნები, რაც ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას," - უთხრა "მთელ კვირას" მდინარაძემ.

კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერს ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტს მხარს, მათ კატეგორიული პასუხი აქვთ - მათი პრინციპული პოზიციაა 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავენ.

"ამ მოლაპარაკების ამოსავალი წერტილია 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. თუ ამ თემაზე არ იქნება მსჯელობა და ხელისუფლება ულტიმატუმით გააგრძელებს საუბარს, რომ მხოლოდ ბლოკების დათმობაზე დაგელაპარაკებითო, ბუნებრივია, ამაზე სალაპარაკოდ არავინ წავა.

"ამიტომ ვამბობ, შეხვედრას არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოლაპარაკების ჩაშლა ჩვენ არ დაგვბრალებოდა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ოპოზიცია ულტიმატუმებს აყენებს, არ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან.

"ამიტომ ხელისუფლებას გავუგზავნეთ წერილი და განცხადებაც გამოვაქვეყნეთ. აღვნიშნეთ, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზად ვართ, დავიწყოთ ლაპარაკი საარჩევნო გარემოზე და თქვენც თუ ხართ ამისათვის მზად, გვითხარით! ანუ არავითარი წინაპირობა არ დაგვიყენებია," - გვითხრა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა გიორგი ახვლედიანმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მას ეჭვი ეპარება, რომ ეს შეხვედრა შედგეს - "ხელისუფლებას ერთი სული ჰქონდა, ეთქვა, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით გველაპარაკებაო, რასაც ვერ ამბობდა ვერანაირად, იმიტომ, რომ ჩვენ არ მივეცით ამის საშუალება.

"მაგრამ როდესაც თვითონ ულტიმატუმი წამოგვიყენეს, მერე ჩვენ ვუთხარით, თქვენთან საუბარს რაღა აზრი აქვს - მოვიდეთ და მესამე მოსმენისთვის მხოლოდ წერტილ-მძიმეებზე ვისაუბროთ?!

"აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, რომ ეს შეხვედრა შედგეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ ამ მოლაპარაკებაზე წასვლის პერსპექტივას, თუ ხელისუფლება არ შეცვლის თავის ულტიმატუმს," - უთხრა "მთელ კვირას" ახვლედიანმა.



ავტორი: "რეზონანსი"