„გამწვანებლის მაჩვენებლით, თბილისი ევროპულ ქალაქებს 10-ჯერ მაინც ჩამორჩება“
ამობეჭდვა · 2017-07-25 00:39:00 · 1343 ნახვა

მსოფლიოში ყველაზე გამწვანებულად ქალაქად ვენა ითვლება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 120 კვადრატული მეტრი გამწვანებაა.

რაც შეეხება თბილისს, აქ გამწვანებული ფართობი ერთ სულ მოსახლეზე 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია, ეს მაშინ, როცა ევროპაში საშუალოდ - 35, 5 კვ.მეტრია.

გამწვანებლის მაჩვენებლით, თბილისი ევროპულ ქალაქებს 10-ჯერ მაინც ჩამორჩება და მწვანე სივრცეთა უკმარისობას განიცდის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი ჩვენთან ერთ სულზე 13 კვ/მ-ს შეადგენდა.

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი სამომავლოდ რეალისტურად მიიჩნევს ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 10 კვ/მ ურბანული მწვანე სივრცის არსებობას. შედეგად, 2030 წლისთვის ჩვენი ქალაქი მიიღებს 1327 ჰექტარ საერთო სარგებლობის ურბანულ ტერიტორიას. ეს გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი იქნება, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მსხვილ ქალაქებში გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე, სულ მცირე, 9 კვ/მ უნდა იყოს.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ შემოერთებული ახალი ტერიტორიების მიუხედავად, ჩვენი დედაქალაქის გამწვანება მაინც მცირეა. ამიტომ ბევრად უფრო რეალისტური პროგნოზია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 10 კვ/მ ურბანული მწვანე სივრცის არსებობას მივაღწიოთ, ვიდრე 25 კვ/მ-ის.

„2030 წლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, მაგრამ კიდევ შესაძლებელია, ამ დრომდე ქალაქის უფრო მეტ გამწვანებას მივაღწიოთ. 2020 წლისთვის ამას, ალბათ, ვერ მივაღწევთ, რადგან, სამწუხაროდ, ნარგავების გახარების პროცენტი თბილისის ფარგლებში მკვეთრად შემცირებულია. გამონაბქოლვის გამო მცენარეთა გახარება ასე მარტივი არ არის. ამ გეგმას კარგი დამუშავება სჭირდება, თუ სად უნდა გაკეთდეს დამატებითი რეკრეაციული ზონები, რადგან, სადაც ადრე იყო რეკრეაციული ზონები, იქ უკვე კორპუსები დგას. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალია დამატებითი ახალი რეკრეაციული ზონების მოწყობა თბილისის მუნიციპალიტეტების მიხედვით. ეს არ ნიშნავს უკვე არსებულის შემცირებას, მკაცრად უნდა იყოს აკრძალული ნებისმიერი სკვერისა თუ პარკის გამოყენება შენობა-ნაგებობისთვის. თუ ეს ტერიტორიები უკვე გასხვისებულია, მაშინ თბილისის მერიამ უნდა ჩაანაცვლოს ეს ადგილები და სკვერისა და პარკის სანაცვლოდ სხვა ტერიტორია მისცეს მეპატრონეს“,-აღნიშნა ნინო ჩხობაძემ For.ge-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, გამწვანებაზე უარყოფითად მოქმედებს ასე მოზღვავებული ტრანსპორტი, რომლის შედეგადაც ცენტრალურ ქუჩებში ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია, პირადი ავტომანქანების შემცირების ხარჯზე მუნიციპალური ტრანსპორტის რიცხვმა მოიმატოს. ძალიან მკაცრი ტექდათვალიერება უნდა შემოიღონ თბილისში, რადგან საშინელი გამონაბოლქვია. გზების საფარი უნდა მოწესრიგდეს, რადგან ესეც ერთი-ერთი პირობაა გამონაბქოლვის არსებობისთვის. ცუდ გზაზე მანქანა როდესაც ჩერდება და ნელა მოძრაობს, გამონაბოლქვიც მატულობს.

„რაც მთავარია, საწვავის ხარისხი ქალაქის ტერიტორიაზე უნდა გამკაცრდეს. ევროპის გამოცდილებით, დედაქალაქებში სულ სხვა ხარისხის საწვავი იყიდება, ვიდრე ჩვეულებრივ ქალაქებში, რათა არ დაბინძურდეს დედაქალაქები“.

საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრს, პროფესორ თემურ ვეკუას აინტერესებს, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ავტორები რის ხარჯზე აპირებენ მწვანე სივრცის 10 კვადრატულ მეტრამდე გაზრდას ერთ სულ მოსახლეზე? თუ ეს თბილისისთვის შემოერთებული ტერიტორიების ხარჯზე ხდება, რა თქმა უნდა, ეს დედაქალაქის ცენტრში მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე დადებითად არ აისახება. მით უმეტეს, რომ თბილისში უამრავი განადგურებული მწვანე ზოლია, სადაც სახლები ააშენეს.

For.ge-სთან საუბარში თემურ ვეკუა აცხადებს, რად გვინდა, სუყველა ხე თბილისის ირგვლივ იყოს? ჩვენთვის ხომ მთავარია, ეს ხეები დედაქალაქის შიგნით არსებობდეს. ქალაქში კი ის ხეებიც არ არის მოვლილი, რაც გვაქვს. თუნდაც მარშალ გელოვანის ქუჩაზე რომ გავიდეთ დიღმის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, იქ ნახავთ, როგორი „მოვლილია“ მწვანე მასივი და რა ნაგავი ყრია შიგნით. უფრო მეტიც, წლების წინ ზოგიერთ ჩვენს ლიდერს პლასტმასის პალმები ჩამოჰქონდა და ასეთი „პალმებითაა“ მოფენილი ბევრი ქალაქი, მათ შორის, - ზუგდიდიც.

„ჩვენისთანა ავარიულ ქალაქს მაინცდამაინც მწვანე ნარგავები კი არ სჭირდება, არამედ სპეციალური ნარგავები, სპეციალური ხეები, რომლებიც მავნე ნივთიერებებს გაუძლებენ. აქ სერიოზული კვლევაა ჩასატარებელი, თბილისის რომელ რაიონს რა სჭირდება. რას ნიშნავს ეს ციფრი-10 კვ/მ გამწვანება ერთ სულზე? დარწმუნებული ვარ, ეს ისეთივე გამწვანება იქნება, როგორც ერთი მილიონი ხის დარგვა. წარმოიდგინეთ პეკინის ქუჩაზე მცხოვრები ხალხის მდგომარეობა, რა დღეში არიან ისინი, სად არის გამწვანება? რა პარკებია იქ, ჭადრაკს რომ თამაშობენ?“, -აცხადებს თემურ ვეკუა.

მისივე თქმით, ადრე არსებობდა გამწვანების ნორმები და თბილისიც ერთ-ერთ გამწვანებულ და ლამაზ ქალაქად ითვლებოდა. ახლა კი ტერიტორიების მექანიკური შეერთება მოხდა და ამით გვაჯერებენ, თითქოს გამწვანების ზოლი გაიზარდა. სინამდვილეში, გამწვანება მხოლოდ სტატისტიკურად იზრდება, ეფექტი კი არ ექნება. ეს მაშინ, როცა სწორედ შაბათობების დროს შენდებოდა თბილისში არსებული ხელოვნური ხეებიცა და ტყეებიც.

ეკოლოგი განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ თბილისი არ არის ამ მდგომარეობაში. ბორჯომის ხეობაშიც ხეებს სერიოზული დაავადებები უჩნდება. ამიტომ სჯობს, ბორჯომსაც მიხედონ და საირმის ხეობასაც, რომლებიც ბუნებრივ ძეგლებს წარმოადგენენ. თუ შვეიცარიასა და ავსტრიაში ყველაფერი გაკეთებულია შრომით, ანუ არაბუნებრივად, ჩვენთან ეს ტყეები ბუნებრივია და ისიც ისპობა.

„წლეულს, ამ სიცხეში ნახეთ, რამდენი ტყის ხანძარი იქნება, ათასობით ჰექტარი განადგურდება, რადგან არავის ახსოვს, რომ ხეს დაცვა სჭირდება, პრევენციული ზომებია მისაღები. ახლანდელ მეტყევეებსაც ცოტა ანაზღაურება აქვთ, სადღა არიან ამ საქმეზე შეყვარებული მეტყევეები, გულისაშვილი და სხვები? საქართველოს ტყეები თვალსაჩინო იყო. ახლა კი სპეციალურ ხსნარებს იყენებენ, რომ ხეები დაავადდეს. ამას ვერ დავამტკიცებ, გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რომ სამეგრელოში თხილის დაავადებები ხელოვნურად არ არის გამოწვეული. კონკურენტ სახელმწიფოებს არ აწყობთ, რომ მსოფლიოში თხილის ექსპორტის 10% საქართველოდან ხდებოდა. ეს ცოტა პროცენტი არ იყო. ამდენად, წელს განადგურებულია თხილი. ულმობელია ახალი სისტემა მაშინ, როცა დაუცველი გაქვს საზღვრები“. 



ავტორი: for.ge