აგვისტოს ომიდან მე-9 წლისთავზე - ყველაზე მასშტაბური ნატო-ს წვრთნები საქართველოში
ამობეჭდვა · 2017-07-26 00:40:00 · 551 ნახვა

საქართველოში მრავალეროვნული სწავლება - "ღირსეული პარტნიორობა 2017" იწყება. ექსპერტების შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაზე მასშტაბური წვრთნებია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ აგვისტოს მოვლენებიდან მე-9 წლისთავს ემთხვევა.

ამასთან, აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხივნალის რეგიონში რუსეთის მხრიდან დაწყებული წვრთნები, გარკვეულწილად, საქართევლოში ნატო-ს სწავლებებს უკავშირდება.

"ღირსეული პარტნიორი 2017" აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება.

სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულისა და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული.

სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვითსა და შეტევით ოპერაციებში, მათ შორის, აერომობილური ელემენტების გამოყენებასაც.

სცენარი განკუთვნილია ბრიგადისა და უფრო დაბალი (ოცეულის ჩათვლით) დონის ქვედანაყოფებისთვის თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას გადაწყვეტილების მისაღებად მართვისა და კონტროლის სავარჯიშოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ "ღირსეული პარტნიორი 2017" საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. პირველად 2015 წელს ჩატარდა, წელს კი მასშტაბები გაიზარდა და მასში ნატო-ს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო.

წელს პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი "ბოქსერი" ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები "აბრამსები", ქვეითთა საბრძოლო მანქანები "ბრედლი" და "სტრაიკერი", ასევე სი-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. რაც შეეხება სამხედროებს, მასში 2 800-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ჩამოსვლა ეტაპობრივად მოხდება. ფოთის პორტში უკვე შემოვიდა წვრთნაში მონაწილე სამხედრო ტექნიკა და დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაადგილდება.

"ღირსეული პარტნიორი 2017" ოფიციალურად 30 ივლისს ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნება და სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

"არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული წვრთნების ფარგლებში დამუშავებული იქნება როგორც თავდაცვითი, ისე შემტევი ოპერაციების დროს სხვადასხვა ქვეყნის, საბრძოლო დანაყოფების ერთობლივი მოქმედებები.

"რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ ქართული სამხედრო დანაყოფები თავის პარტნიორ, პირველ რიგში, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად დახვეწავენ ურთიერთმოქმედებას. ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართევლოს ტერიტორიაზე ხდება ასეთი სერიოზული სწავლების ჩატარება.

"ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს ხდება საქართველო-რუსეთის ომიდან მე-9 წლისთავზე. ასეთი სწავლებები ამაღლებენ საქართველოს უსაფრთხოებას.

"იმ დროს, როცა ნატო არ იჩენს უფრო მეტ ინიციატივას და არ აჩქარებს საკუთარ რიგებში საქართველოს მიღებას, ეს ერთგვარი ამოსავალია, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ ასეთი მრავალეროვნული სწავლებები ჩატარდეს ინტენსიურად, ერთმანეთის მიყოლებით", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი და აღნიშნავს, რომ სწავლებების ფარგლებში სამხედროების რაოდენობაც კიდევ უფრო გაზრდილია.

"სამხედროების რაოდენობა ამ სწავლების ფარგლებში კიდევ უფრო გაიზარდა. ასევე საბძოლო ტექნიკა, რომელიც იქნება შემოტანილი უფრო დიდი რაოდენობით და რაც მთავარია, მრავალფეროვანი.

"აქ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან საბრძოლო ტექნიკის საქართველოში გადმოსროლის დახვეწა, მათ შორის - საზღვაო ტრანსპორტით ფოთის პორტიდან, ასევე, სარკინიგზო ტრანსპორტით", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

მისი შეფასებით, ამ ყველაფერზე რუსეთის რეაქცია ყურადღებამისაქცევია.

"ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ამ სწავლებებში პირველად მონაწილეობს სომხეთი, რომელიც რუსეთის საკმაოდ აქტიური პარტნიორია და საინტერესოა, რა რეაქცია ექნება ამასთან დაკავშირებით კრემლს", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი და აღნიშნავს, რომ ღია დაპირისპირებაზე რუსეთი ამ ეტაპზე არ წავა.

თუმცა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაწყებული წვრთნები გარკვეულწილად საქართველოში ნატო-ს სწავლებებს უკავშირდება.