„ნამდვილი რეფორმა სწორედ ახლა იწყება“
ამობეჭდვა · 2017-07-26 00:20:00 · 529 ნახვა

პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების მოწვევის მოთხოვნით მიმართავს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტებზე 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. პარლამენტში ბიუროს სხდომა 24 ივლისისთვის ჩაინიშნა, სადაც რიგგარეშე სხდომების მოწვევის მოთხოვნაზე იმსჯელებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანისგანცხადებით, ვინაიდან, პრეზიდენტის ვეტო არდადეგებს დაემთხვა, რეგლამენტის გათვალისწინებით, შესაძლებლობა არსებობს, ვეტო საშემოდგომო სესიაზე განიხილონ, ან რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ.

ამ დრომდე უცნობია დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას. თუმცა პარლამენტი უფლებამოსილია, სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს. უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მობილიზაცია დასჭირდება. უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება.

„ქართულ ოცნებაში“ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებად აფასებენ და 7 ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის გაუქმებას პრობლემად არ მიიჩნევენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფოკილაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოების ასე ხშირი გამოყენება მიანიშნებს იმას, რომ გიორგი მარგველაშვილს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. კილაძე ამბობს, რომ არგუმენტირებულ შენიშვნებს გაეცნობიან და თუ მისაღები იქნა გაითვალისწინებენ კიდეც.

„აუცილებელია წავიკითხოთ, გავითავისოთ ზუსტად რა წერია იმ არგუმენტებში, თუ მისაღებია, რა თქმა უნდა, მივიღოთ. მაგრამ, მე ვფიქრობ, ასეთი გახშირებული ვეტოები ზოგადად არ არის მიზანშეწონილი და ეს უფრო მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და აქედან გამომდინარე იყენებს ვეტოებს“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია იმ პოტენციურად უარყოფით შედეგებს, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ მასშტაბურ ცვლილებას მოჰყვება, გულისყურით დაუკვირდეს უმრავლესობის თითოეული წევრი.

მისი თქმით, არჩევნებამდე 3 თვით ადრე ორ მასშტაბურ ცვლილებაზე უმრავლესობა თუ აიღებს პასუხისმგებლობას, ასეთ შემთხვევაში უნდა გაიაზროს ის საკმაოდ სერიოზული შედეგები დემოკრატიულობის ხარისხის გაუარესებასთან, რომელიც შეიძლება ამ ცვლილებებს მოჰყვეს.

„ეს არის საკმაოდ ფართომასშტაბიანი საკითხი, საკმაოდ სერიოზული ცვლილებები და ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ უმრავლესობის თუ ოპოზიციის ნებისმიერ წევრთან ვაწარმოოთ კონსულტაცია და მივაწოდოთ მათ ჩვენი დასაბუთება. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, რომ პრეზიდენტის ვეტო ეყრდნობა იმ უამრავ მოსაზრებას და მიმართვას, რომელიც სამოქალქო სექტორიდან და პოლიტიკური პარტიებიდან მივიღეთ.

თვითმმართველობების გაუქმება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენი პოზიციით, წარმოდგენილი ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის თავად „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული რეფორმების უკან შეტრიალება და მიუღებელია მათი განხორციელება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ რაღაც 3 თვეა დარჩენილი და ამ დროს თვითმმართველობა ერთმევა 7 თვითმმართველ ქალაქს“, - განაცხადა ანადოლიძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, თუკი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით თვითმმართველობებში დემოკრატიის პირობები უარესდება, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ამას ვერ მიიღებს.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დაშვებულია როგორც მუნიციპალიტეტების გაყოფა, ასევე მათი გაერთიანება და ამ მხრივ, ხელისუფლებამ კანონით დაშვებული უფლება გამოიყენა.

„პრეზიდენტის ვეტოზე გადაწყვეტილების მისაღებად, პირველ რიგში, დაგვჭირდება მოტივირებული შენიშვნების შინაარსს გავეცნოთ - რა ნაწილშია უთანხმოება, რა ნაწილშია განსხვავებული მოსაზრებები. პრეზიდენტის შენიშვნებს საფუძვლიანად, ყურადღღებით გავეცნობით, ავწონ-დავწონით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არა მგონია, რაიმე შენიშვნა იყოს.

როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზეპირსიტყვიერად გადმოგვცა, აქ საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობებში დემოკრატიის პირობები უარესდება. თუკი ეს არის სამოტივაციო ნაწილის ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. რაკი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ იმთავითვე უშვებს მუნიციპალიტეტების გაერთიანებს, ესე იგი ეს არის კანონიერი და დემოკრატიული პროცესი“, -აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი

ოპოზიცია თვლის, რომ მმართველ გუნდმა უნდა გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგიკანდელაკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს არ ენდობა და სწორედ ამიტომ ართმევს რამდენიმე ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს.

„ერთ-ერთი ზიანი, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყანას მოუტანა, არის ადგილობრივ თვითმმართველობებში სიტუაციის უკიდურესად დამძიმება - ბიუროკრატიის გაბერვა, ნეპოტიზმი, მეგობრებისა და ნათესავების დასაქმება, თვითმმართველობები წერა-კითხვის უცოდინარი ხალხით არის სავსე და ბევრი ტყუილად იღებს ხელფასს.

ამასთან ერთად, „ქართული ოცნება“ რამდენიმე ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ართმევს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარ თანამოქალაქეებს არ ენდობა. ზოგადად, ყველაფერი პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ინსტიტუციურ კინკლაობაშია გადაზრდილი და ამან არაჯანსაღი სახე მიიღო“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგიკანდელაკმა.

კანდელაკი თავს იკავებს პრეზიდენტის იმ ვეტოს შეფასებისგან, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოიყენა. როგორც ცნობილია. აღნიშნულ პროექტში ერთ-ერთი ინიციატივა, რომლითაც მერობის კანდიდატებს საკრებულოს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობაც ექნებათ, სწორედ საპარლამენტო უმცირესობის წინადადების გათვალისწინებით აისახა.

პრეზდიენტის ვეტოს იზიარებენ და თვითმმართველობათა შესუსტებას პროგნოზირებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„შემოთავაზებული ცვლილებები თვითმმართველობის კანონში მართლაც ზღუდავს ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული წარმომადგენლობის პრინციპების გაძლიერებას. შესაბამისად მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორია და ჩვენ ვიზიარებთ ამ ვეტოს სულისკვეთებას“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეიტინგის შემცირებას პროგნოზირებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ლევან ალაფიშვილი და იმედი აქვს, რომ ხელისუფლება თუნდაც ამ პირობებში, დაფიქრდება კიდევ ერთხელ, უღირს თუ არა საკუთარივე მხარდამჭერებისთვის იმის თქმა, რომ ისინი უკვე არ აინტერესებს.

„უთხრას, რომ ისინი აღარ სჭირდება და გათელოს მათი ინტერესები, ისევე როგორც გათელოს კანონი და კონსტიტუცია ფეხქვეშ. არჩევნებიდან 6 თვის თავზე, როდესაც ასე იქცევა ხელისუფლება და წინ კიდევ არჩევნები აქვს, ეს საკმაოდ მძიმე და ძვირ პოლიტიკურ ფასად შეიძლება დაუჯდეს მმართველ პოლიტიკურ ძალას“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტების დაშლა-დანაწევრებაზე უარის თქმა არ ნიშნავს მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის რეფორმაზე უარის თქმას, პირიქით - ნამდვილი რეფორმა სწორედ ახლა იწყება.

ზარდიაშვილი დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციის მიღების შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ქვეყნის მიერ დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მიღება იქნება, რაც ამ წლის ბოლომდე აუცილებლად მოხდება.

„იმედი მაქვს, რომ ამ სტრატეგიას საქართველოს პარლამენტი, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მიიღებს. ამასთან, გათვალისწინებული იქნება თავად თვითმმართველობის, ე.ი. ადგილობრივი თვითმმართველობის ხედვა. ეს ხედვა ჩამოყალიბებულია მის დოკუმენტში -„გრძელვადიანი სტრატეგია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის 2017-29 წწ. ძირითადი ორიენტირები“.

რაც შეეხება განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის მორიგ ვეტოს, სხვა არაფერია, თუ არა „ლოზუნგური დემოკრატიის“ კიდევ ერთი ფუჭი ჭექა-ქუხილი. ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ, რომ ამ მყვირალა ლოზუნგების, რასაც ბოლოს პრეზიდენტი ვეტოთი ახმოვანებს ხოლმე, უკან მხოლოდ სიცარიელეა“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.