თეა წულუკიანის „გზანი წამებისანი“
ამობეჭდვა · 2017-07-27 00:19:00 · 449 ნახვა

იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში სამკაციანი სიის წარსადგენად, ქვეყნის შიგნით კონკურსი მესამედ გამოცხადდება. საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი 1 მაისს შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ  სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა.

საქართველოს მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია - ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე. ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნია.

რაც შეეხება სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, ახალი წესების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გეწაძე არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ხოლო სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, თუმცა მასშტაბი და ხანგრძლივობა არის ხანმოკლე. თუმცა, ევროპული სასამართლოს ისტორიაში არის შემთხვევა როდესაც 34, 35, 36 წლის ასაკის ადამიანები დაუნიშნავთ მოსამართლედ.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოში კანდიდატთა სია სამი პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი - შოთა გეწაძის და სოფიო ჯაფარიძის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება. ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შეტანისთვის მსურველებს ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ. სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ორი წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში ცვლილება შევა და ასაკობრივი ზღვარი გაიზრდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ვერ, ან არ უზრუნველყო სტრასბურგში კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის კოლეგიამ საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთი, ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მოიწონა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ საქართველომ სტრასბურგში ძლიერი კანდიდატები წარადგინა. მისი თქმით, შემოდგომაზე ევროპის საბჭო დაასრულებს შერჩევის პროცესს და ქართველი მოსამართლე შეუერთდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

„ჯაფარიძეც და გეწაძეც ვფიქრობ ძლიერი კანდიდატები არიან და მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არავის შეუტანია. ჩვენს ოპონენტებს სურთ წარმოაჩინონ, თითქოს პროცესი ისევ ჩიხშია - ეს ასე არ არის. ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატი გადავიდა შერჩევის პროცედურით გათვალისწინებულ შემდეგ ეტაპზე.

იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი რისკი კონკურსის მომდევნო ეტაპზე, უპრიანია ბატონ ლადო ჭანტურიასთან ერთად, დამატებით კიდევ ორი კანდიდატურა წარვადგინოთ, თუმცა ამის ვალდებულება ნამდვილად არ არსებობს. შემოდგომაზე ევროპის საბჭო დაასრულებს შერჩევის პროცესს და ქართველი მოსამართლე შეუერთდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი სოფიო ჯაფარიძე ამბობს, რომ ევროპის საბჭო საკმაოდ მკაცრად უდგება შეფასების კრიტერიუმებს. მისი თქმით, ეს არის პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რომლებიც მხედველობაში იღებენ სხვადასხვა ფაქტორებს.

„ნამდვილად მნიშვნელოვანია ის აღიარება, რომელიც მათგან მოსულ წერილში არის ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან, განათლებასთან და გამოცდილებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს, ასაკიდან გამომდინარე, 14-წლიანი სამუშაო გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მათი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულიყო“, - განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის მეორე კანდიდატი, შოთა გეწაძე ამბობს, რომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გამხდარიყო მოსამართლე, თუმცა თავად ამბობს, რომ ასაკმა არ შეუწყო ხელი.

„სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის საჯარო ინფორმაცია, ევროპული სასამართლოს საიტზე არის ყველა მოსამართლიოს ბიოგრაფია და თუ ელემენტარულ მათემატიკას მოვიშველიებთ და გამოვაკლებთ ასაკს ნამუშევარ წლებს, მივხვდებით, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ამ ასაკის მოსამართლეები დანიშნულან. მაგრამ, ეს არ არის კანონი, ამ შემთხვევაში, პანელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. სხვას ვერაფერს ვერ ვიზამთ“, - განაცხადა შოთა გეწაძემ.

„ევროპული საქართველო“ პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს აკისრებს. როგორც პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმააღნიშნა, იუსტიციის მინისტრი შეეცადა, რომ საზოგადოებისთვის წარმატებად გაესაღებინა მორიგი სკანდალი და სირცხვილი, რაც მისი თქმით, მინისტრმა წულუკიანმა უკვე მეორედ მოუტანა ქვეყანას. კანდელაკის შეფასებით, მეორედ ხდება, რომ საქართველო ფორმალური კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც კი, ევროსასამართლოში აგზავნის შეუფერებელ კანდიდატებს.

„ბატონი ჭანტურია არავის დაუმტკიცებია მოსამართლედ. მთელი პროცესი, რომელიც ჩაატარა მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ, აღსავსე იყო მაქინაციებით იმისათვის, რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ მოხვედრილიყვნენ იმ სამეულში, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგში.

თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების სია, რომელთა მიერ წარგზავნილი სიის უარყოფა ხდება მთლიანად და იცით, რომ ჩვენს ისტორიაში პირველად, იანვარში მოხდა მთლიანი სიის უარყოფა და დაწუნება, რომელიც გაიგზავნა სასამართლოდან.

მისივე შეფასებით, ის, რომ იუსტიციის სამინისტრო ახალ კონკურსს აცხადებს, რის ვალდებულებასაც მას ფორმალურად არ აქვს, ნიშნავს, რომ წულუკიანი აღიარებს, რომ მთლიანი პროცესი, რაც წარმართა, არის დისკრედიტებული. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იგი იქნებოდა გადამდგარი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ხდება იმიტომ, რომ მთავრობა მთლიანად არის ჩართული ამ მანიპულაციაში იმისათვის, რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ გავიდნენ“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით,  უპრეცედენტოა, რომ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში მოსამართლის დასანიშნად მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება. მისი თქმით, საქართველო დღეს ნდობის მანდატს არ ამართლებს და ფაქტობრივად ევროპის საბჭოს მოთხოვნების სტანდარტს ვერ პასუხობს.

„სტრასბურგის სასამართლოში ევროპული მხარის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატის წარდგენა ქვეყნის პრესტიჟის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო თავად იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილაბას მოსამართლის შერჩევისას, კანდიდატების სიის წარდგენა შესაბამისი ქვეყნის პრეროგატივაა, რადგან იგულისხმება, რომ ამ ქვეყანას საკმარისად სანდო და გამჭვირვალე პროცესი აქვს კანდიდატების შესარჩევად.

მეორედ ჩავარდნილმა კანდიდატთა სიამ დაადასტურა, რომ სამწუხაროდ, საქართველო დღეს ამ ნდობის მანდატს არ ამართლებს და ფაქტობრივად, ვერ პასუხობს ევროპის საბჭოს მოთხოვნების სტანდარტს. ეს არის ნეპოტისტური და პოლიტიზირებული პროცესის შედეგი, რომელმაც შერჩევის პროცესი და კონკურსი ფარსად აქცია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოდან წარდგენილი 3 კანდიდატიდან, 2 მათგანის დაწუნებას შეფასებები მოჰყვა არასამთავრობო სექტორის მიერ. საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, თუ რა მიზეზით დაიწუნეს წარდგენილი 2 კანდიდატი, რადგან საქართველოსთვის სტრასბურგიდან სიის დაბრუნების ფაქტი, უკვე პირველი არ არის.

„მაშინ, როდესაც კონკურსში მონაწილეობდა არაერთი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, სათანადო გამოცდილებისა და კალიბრის მქონე პროფესიონალი იურისტი და მოხდა ამ ადამიანების ხელოვნურად დაბლოკვა, რათა ისინი სტრასბურგამდე ვერ მისულიყვნენ. ეს ნათლად აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, მეორეჯერაც კომისიამ ვერ შეასრულა მისთვის დაკისრებული მისია ჯეროვნად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის დავით ჯანდიერის განცხადებით, რაც არ უნდა შეალამაზოს იუსტიციის მინისტრმა, ფაქტია, რომ სია არ არსებობს. სია არის დაწუნებული და ხელახლა არის შესადგენი. მისი თქმით, თუკი სამი ადამიანისგან შემდგარი სია არ იქნება, სტრასბურგი ამ პროცედურებს ვერ განახორციელებს შემოდგომაზე.

ჯანდიერი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული კონკურსისმიზანი იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში გარკვეული კანდიდატების ჩაყენება და არ ჰქონოდა სტრასბურგის შესაბამის ორგანოებს შესაძლებლობა, რომ რეალური კონკურსი და არჩევანის შესაძლებლობა მისცემოდა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა აქვს იუსტიციის მინისტრს და იმ სახელისუფლებო კომისიის წევრებს, რომელთაც არაკეთილსინდისიერად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა.

„კანდიდატები ისე შეარჩიეს, როგორც შიდა კონკურესების დროს არიან მიჩვეულები - საკუთარი პოლიტიკური და ნაცნობ-მეგობრული ურთერთობებით დააწინაურონ ან დაჩაგრონ ადამიანები. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევენ ადამიანის უფლებების დამრღვევი სახელისუფლებო წარმომადგენლები.

ასეთ ხალხს კეთილსინდისიერებას ვერ მოთხოვ. საგანგებო ბრიფინგების ჩატარების ნაცვლად ქალბატონ მინიტრს ურჩევნია რეალური კონკურსი ჩატაროს. მითითება იმაზე, რომ საქართველომ უკვე მესამედ წარადგინა არაპროფესიონალი კანდიდატები, რომელთაც სტრასბურგის შეფასებით არ გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება ქვეყნის იმიჯს აზიანებს“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.
 



ავტორი: for.ge