შემდეგი ეტაპი ექსტრადირებაა
ამობეჭდვა · 2017-07-27 15:07:00 · 439 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და უკრაინაში შესვლაც აუკრძალეს. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა „მოქალაქეობის“ შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეუწყვიტა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ანკეტაში მცდარი მონაცემები მიუთითა. მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი ამ დროისთვის აშშ-ში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე  პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ. უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტთან არსებულმა 20-კაციანმა კომისიამ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს არამართლზომიერად ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალაქეობა, რადგან უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს, მის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა.

„უკრაინის პრეზიდენტთან არსებულმა 20-კაციანმა კომისიამ იმსჯელა, რამდენად მართლზომიერად ჰქონდა მინიჭებული მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს არამართლზომიერად მოხდა, რადგან უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს, მის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა, რაზეც უკრაინას ინფორმაცია არ გააჩნდა“, - განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადას დეპუტატმა, იგორ მოსიიჩუკმასოციალური ქსელის საშუალებით პირველმა გაავრცელა.

„მშვიდობით, მიხო! მე მიდასტურებენ, რომ ქართველ იანუკოვიჩს, მიხო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს იმას ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ როგორც იქნა დაიწყო თავისი შეცდომების აღიარება. მან არაკანონიერად მიანიჭა ჩვენი მოქალაქეობა და ახლა თავის შეცდომებს ასწორებს“, - დაწერა იგორ მოსიიჩუკმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გია გეწაძე. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის მოქალაქეობისა და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე დარჩა.

„ზედმეტი კომენტარი აქ უადგილოა. ნათელია, რომ უკრაინამ მიიღო მორიგი „იანუკოვიჩი“- ერთი განსხვავებით, ის ინგლისურად საუბრობს. ყველასთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება - უკრაინა აღმოჩნდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ზღვარზე. ადამიანი, რომელიც ამის შესახებ ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს დარჩა უკრაინის მოქალაქეობის და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე“, - წერს დავით საყვარელიძე, რომლისთვისაც უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს პრეზიდენტთან არსებული სპეციალური კომისია სწავლობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა გააჩნია.

„როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა მისი პოლიტიკური დევნის მიზნით. შესაბამისად, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მას აქვს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა. ძალიან ფუნდამენტური საერთაშორისო სტანდარტია, რომ ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ არის შესაძლებელი.

მაშინაც კი, როცა სახელმწიფოები არცთუ ისე დემოკრატიულები არიან, როგორც წესი, მათი წარმომადგენლები ერიდებიან ხოლმე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. ამ განცხადების ავთენტურობას, რომელიც გაავრცელა რადას წევრმა, მე ვერ დავადასტურებ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს არამართლზომიერად ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალაქეობა, რადგან უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს მის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა, ამაზე ღიად საუბრობდა უმაღლესი რადას დეპუტატი ფრაქცია „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო, რომლის განცხადებით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ფორსირებულად გადაწყდა და, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვდა.

მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული ზემოთ დასახელებული ვალდებულებებისა, უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარი განაცხადა ძებნილი ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე.

მეტიც, პროკურატური მოთხოვნიდან ზუსტად 4 თვეში, 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იძებნება და დაპატიმრების შემთხვევაში მას 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება, უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და მოგვიანებით ოდესის გუბერნატორად დანიშნა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ 2015 წლის დეკემებრში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

თუმცა, მოგვიანებით პოროშენკომ სააკაშვილი ჯერ თანამდებობიდან გაათავისუფლა, შემდეგ პარტიის გარეშეც დატოვა და შესაბამის სამსახურებს, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით, მასალების მოძიება დაავალა. პოროშენკომ სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე დატოვა.

for.ge-სთან საუბრისას სამართლის ექსპეტრი თემურ მონიავა ამბობს, რომ რადგან სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა იმ მოტივით ჩამოერთვა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, ამ შემთხვევაში მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი უნდა დაბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობაში - ანუ, დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა.

„თუ ჩამოართვა მოქალაქეობა, ეს ნიშნავს, რომ თავის დროზე, როდესაც მიანიჭა უკრაინის მოქალაქობა, დარღვეული იყო უკრაინის კანონის მოთხოვნები. თუ მას არ დაუწერია განცხადება და უარი არ უთქვამს საქართველოს მოქალაქეობაზე, ამ შემთხვევაში ის უნდა აღდგეს თავდაპირველ მდგომარეობაში. მოქალაქეობის გარეშე ვერ დარჩება, უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. ასეთ შემთხვევაში კი, საქართველოს ექნება სრული უფლება, მოითხოვოს მისი ექსტრადირება“, - აცხადებს თემურ მონიავა.

არსებული ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვა პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომდაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები. თეა წულუკიანის განცხადებით, ქართველი პროკურორები უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას ამ საქმეზე მომავალშიც გააგრძელებენ. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქართული მხარისთვის გადაცემა არ არის პოლიტიკური საკითხი, მოთხოვნა ემყარება მტკიცებულებებს, მტკიცებულებები კი მიხეილ სააკაშვილის საზიანოდ მეტყველებს.

„მტკიცებულებები არის გაგზავნილი და ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები, თუმცა, რა თქმა უნდა, პროკურორები გააგრძელებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. როგორც უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი, ეს არის მტკიცებულებების საკითხი და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა



ავტორი: for.ge