ვინ მოიგებს თბილისს - სოციოლოგიური კვლევები რადიკალურად განსხვავებულ შედეგს გვაძლევს
ამობეჭდვა · 2017-07-29 00:19:00 · 822 ნახვა

არჩევნებამდე 3 თვეზე ცოტა ნაკლებია დარჩენილი და სოციოლოგიური კვლევებით ერთგვარი მანიპულაციაც უკვე დაიწყო. ამ დროისთვის გამოქვეყნებულია "ენ-დი-აი"-ს კვლევა. "რეზონანსთან" ასევე საუბრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამაც" ჩაატარა პარტიის შიდა კვლევა და პროცენტული მონაცემები და პოლიტიკური სურათი განსხვავებულია. ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ თბილისის მერობისთვის ბროლაში პირველი ადგილი უჭირავს კახა კალაძეს, თუმცა "ენ-დი-აი"-ს კვლევაში მას 30% აქვს და მეორე ტურის ალბათობა დიდია, "ოცნების" შიდა კვლევაში - 40%-მდე და მეორე ტურის საჭიროება არ ჩანს, რადგან ოპოზიცია სერიოზული კონკურენციისათვის საკმარის ხმებს ჯამურადაც ვერ აგროვებს.

მაგალითად, გუშინ გამოქვეყნდა "ენ-დი-აი"-ს სოციოლოგიური კვლევა, სადაც შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს, კახა კალაძეს ("ქართული ოცნება") აქვს 30%, ალეკო ელისაშვილს (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 19%, ზაალ უდუმაშვილს ("ნაციონალური მოძრაობა") - 18%, ელენე ხოშტარიას ("ევროპული საქართველო")- 5%, არ იცის 12%-მა და პასუხზე უარს ამბობს 4%.

კვლევის მიხედვით, თბილისში არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდებოდა საჭირო. ოპოზიციის კანდიდატებს, ერთად აღებულს, მმართველი პარტიის წარმომადგენელზე მეტი რეიტინგი აქვთ - 41% ოპოზიციას, 30% კალაძეს და, პოლიტოლოგების ნაწილის მტკიცებით, მეორე ტურში ელისაშვილის გასვლისა და ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში კალაძის დამარცხების რაღაც შანსი არსებობს.

თანაც, "ენ-დი-აი"-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას - 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდა ხმას და, პოლიტოლოგთა დიდი ნაწილის თქმით, არჩევნების ბედს დიდწილად სწორედ ამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე პარტიების წარმატებული მუშაობა გადაწყვეტს.

"ენ-დი-აი"-ს კვლევით, პარტიების მაჩვენებელი ასეთია: 22% "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, 7% - "ნაცმოძრაობას" და 3% - "ევროპულ საქართველოს". კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში ჩატარდა.

განსხვავებულ სურათს ხატავს "რეზონანსთან" საუბრისას ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის კომპანია "ფსიქო-პროექტი" მმართველი ძალისთვის შიდა კვლევებს ატარებს.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ მათაც ჩაატარეს "ქართული ოცნებისთვის" კვლევა ნდობის მაჩვენებლებზე და პირველ ადგილზე გავიდა კახა კალაძე 40%-მდე მხარდაჭერით, მეორე ადგილი დაიკავა ზაალ უდუმაშვილმა, ხოლო ელისაშვილისა და ხოშტარიას პროცენტები დაახლოებით ერთნაირი იყო.

გარდა ამისა, ბიგვავა ამბობს, რომ მათ კვლევაში ოპოზიციის პროცენტების საერთო ჯამი კალაძის მაჩვენებელს არ აღემატებოდა და თან, მათი კვლევით, მეორე ტურის ალბათობა მინიმალური იყო, რადგან მეორე არჩევანის შემთხვევაში უმეტესობა "ოცნებას" უჭერდა მხარს.

ბიგვავა ასევე საუბრობს, რომ მათ პარტიების რეიტინგიც გამოიკვლიეს და პირველ ადგილზე გავიდა "ოცნება", მეორეზე - ნაციონალები, მესამეზე - "ევროპული საქართველო", ბარიერს გადალახავენ "პატრიოტთა ალიანსი" და ალბათ ლეიბორისტებიც.

იგი ამბობს, რომ მისთვის გასაკვირი იყო, მაგრამ ნაციონალებს "ევროპულ საქართველო" მხოლოდ ძალიან მცირედით ჩამორჩებოდა.

ზურაბ ბიგვავა: "ნდობის რეიტინგი გავაკეთეთ, კალაძე პირველ ადგილზეა და მისი რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ყველა დანარჩენის. მეორე ადგილზე ელისაშვილის ნაცვლად უდუმაშვილია. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი ვერ აჭარბებდა კალაძის რეიტინგს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ბევრი იყო, 30%-ზე მეტი. ამ კვლევამ არ აჩვენა, რომ მეორე ტური იქნება თბილისში, კალაძეს აქვს შანსი, პირველსავე ტურში მოიგოს. კვლევისას არსებობს ალოკაციის მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ის ხალხი, ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს არჩევანი, საით გადაიხრება. ჩვენი კვლევით, გადამწყვეტად დიდი პროცენტი სახელისუფლებო კანდიდატებისკენ გადაიხრება. როცა ვეკითხებოდით, იმისდა მიუხედავად, თქვენ ვის აძლევთ ხმას, თქვენი აზრით, რომელი პარტიის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ, 62% ამბობდა, რომ "ოცნების" კანდიდატები."

ბიგვავას თქმით, მეორე ტური რომც შედგეს თბილისში, ოპოზიცია ვერ გაერთიანდება.

"პარადოქსულად არ ჩათვალოთ და კალაძისთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ელენე ხოშტარია, უდუმაშვილსა და ელისაშვილს კი ადვილად მოუგებს," - დასძენს ბიგვავა.

რადგანაც თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის ბრძოლა ერთ-ერთ საკვანძო პოლიტიკურ ბრძოლად მიიჩნევა, სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილიც დედაქალაქის მერის არჩევნეზე აკეთებს აქცენტს. ის ამბობს, რომ თუ პოლიტიკური პროცესები წესისა და რიგის მიხედვით წავიდა, მეორე ტური გარდაუვალია.

"წინა არჩევნებზეც არ ეგონა "ოცნებას," მეორე ტური რომ იქნებოდა თბილისში, მაგრამ შედგა. ახლაც თბილისში ყველაზე მეტად მოსალოდნელია, ისევ ვნახოთ მეორე ტური, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იმუშავებს სახელისუფლებო კანდიდატი, როგორ გამოიყენებს რესურსს. შესაძლოა, რაღაც პოლიტიკური ძვრებიც მოხდეს. ჩვენთან არჩევნები კლასიკური სახით არ ტარდება, სოციოლოგიურ კვლევებში ძალიან დიდი ცდომილებებია, ამიტომაც ძნელია წინასწარ თქვა, რა როგორ იქნება," - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

იგი ამბობს, რომ პირველ ტურში იქნება ეს თუ მეორე ტურში, თბილისის მერი კალაძე გახდება, ყველაფერი მის სასარგებლოდ მუშაობს, ადმინისტრაციული რესურსიც, გამოცდილებაც, დაფინანსებაც, თავად პიროვნების რეიტინგიც და არც ეს 30%-ია მცირე რიცხვი. გარდა ამისა, ოპოზიციაც რომ ერთიანი არ არის და ამდენი კონკურენტული კანდიდატი წამოაყენეს, ესეც კალაძის სასარგებლოდ მუშაობს.



ავტორი: "რეზონანსი"