„ჩვენ შევასრულებთ აღებულ ვალდებულებებს“ - რას ფიქრობს მაიკ პენსი ნატო-ზე, მოკავშირეებზე, რუსეთზე და გლობალურ საფრთხეებზე
ამობეჭდვა · 2017-07-30 23:59:00 · 434 ნახვა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ: „ჩვენ შევასრულებთ აღებულ ვალდებულებებს, უზრუნველვყოფთ მოკავშირეების კოლექტიურ თავდაცვას. თავდასხმა ერთ წევრ ქვეყანაზე არის თავდასხმა ყველაზე. ნატო-ს ორი მთავარი პრინციპი აქვს, რაც ასახულია მესამე და მეხუთე მუხლებში. მესამე მუხლი ფინანსური ვალდებულებების თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს. ეს პრინციპი ბევრმა წევრმა დაივიწყა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოკავშირეების დადებული პირობის შესრულებას ელოდება. ბევრისთვის ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტის გასაკეთებლად დრო უკვე დადგა“. 

პენსი ნატო-ს გაფართოების შესახებ: „ნატო-ს კარი ღია იყო და ღია კარის პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს. დღეს ნატო ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც იყო 70 წლის წინ“. 

პენსი ტერორიზმის შესახებ: „ჩვენს მტრებს სურთ ჩვენი დაყოფა, რათა დაგვამარცხონ, მაგრამ ჩვენმა ალიანსმა უფრო დიდ საფრთხეებს გაუძლო და გამარჯვებული გამოვიდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გავაქრობთ დედამიწიდან ტერორიზმის სიმსივნეს. ეს არის საფრთხე, რომელიც ყველას თანაბრად გვემუქრება. ახლა ნატოში ერთიანობის დროა. მე ვიცი, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ალიანსი გაძლიერდება და ჩვენი მოსახლეობა უფრო დაცულად იგრძნობს თავს. ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისათვის განგაშის საფუძველი უნდა იყოს ის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად კონცერტებზე თუ მარათონებზე სამხედროების მობილიზაცია გვჭირდება. მსოფლიო დღეს უფრო სახიფათოა, ვიდრე ოდესმე. დარწმუნებულები იყავით, პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არ მოისვენებს მანამდე, სანამ ამერიკის ყველა მტერი არ განადგურდება და ჩვენი ქვეყანა ისევ უსაფრთხო არ გახდება. რადიკალური ისლამური ექსტრემისტული ძალები ცდილობენ არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის განადგურებას, არამედ თვით ცხოვრების განადგურებას“. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2017 წლის თებერვალში ბელგიის დედაქალაქს ეწვია. პენსი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა. პენსთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის განუკურნებელი პროამერიკელი ევროპელია, ვისაც ფანატიკურად სწამს და სჯერა ტრანსატლანტიკური კავშირების. 

მაიკ პენსმა განაცხადა: „განსხვავებების მიუხედავად, ჩვენს კონტინენტებს საერთო ღირებულებები და საერთო მემკვიდრეობა გვაერთიანებს. ყველაფერზე მაღლა კი დგას ჩვენი საერთო მიზანი - დავამყაროთ მშვიდობა, დავიცვათ კანონის უზენაესობა და უზრუნველვყოთ თავისუფლება“. 

მაიკ პენსი რუსეთზე: „რუსეთის შესახებ ჩვენ ნათლად ჩამოვაყალიბეთ პოზიცია. პირველი - რუსეთი პასუხისმგებელია აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის დასრულებაზე. მეორე - პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ რუსეთთან შესაძლებელია მაგალითად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ხედვის პოვნა, მაშინ ის მზადაა, რუსეთთან ეს მიდგომა შეინარჩუნოს. რუსეთისთვის დრო დადგა, 2013 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს სირიაში ქიმიური იარაღის მარაგის განადგურების შესახებ. განვიხილავთ ყველა შესაძლო საპასუხო ქმედებას სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე, რომელზე პასუხისმგებლობასაც აშშ და მისი მოკავშირეები ბაშარ ასადის რეჟიმს აკისრებენ“. 

მაიკ პენსის მიერ გაკეთებული განცხადება 2016 წლის სექტემბერში: „ვფიქრობ უდავოა, რომ ვლადიმერ პუტინი უკეთესი პრეზიდენტია, ვიდრე ბარაკ ობამა იყო შეერთებული შტატებისთვის. ეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით შეიცვლება“. 

მისივე განცხადება ერთი თვის შემდეგ, 2016 წლის ოქტომბერში: „რუსეთის პატარა ლიდერი შეერთებულ შტატებს წესებს ვერ უკარნახებს“. 

მაიკ პენსი უკრაინის შესახებ აცხადებს: „ვაშინგტონი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მზად არის, დონბასში არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად იმუშაოს. უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმებების განხორციელების თვალსაზრისით პროგრესი აუცილებელია“. 

2017 წლიდან მაიკლ რიჩარდ პენსი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტია. 2013-2017 წლებში პენსი ინდიანას შტატის გუბერნატორი იყო, 2001- 2013 წლებში წარმომადგენელთა პალატის წევრი. დონალდ ტრამპა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი 2016 წლის ივლისში დაასახელა. 

„არჩევანი ამაზე ნათელი არასდროს ყოფილა. ამერიკელებს შეუძლიათ აირჩიონ ვიღაც, ვინც ვაშინგტონში წარუმატებელ ხელისუფლებას წარმოადგენს ან შეგვიძლია ავირჩიოთ ლიდერი, რომელიც ყოველდღე იბრძოლებს იმისათვის, რომ ამერიკა ისევ დიდებული გახდეს. ეს არის ცვლილება სტატუს-კვოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პენსიმ

31 ივლისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვევა. 

 

წყარო