რთული კრიმინოგენური ვითარების გამო სოხუმის ქუჩებში ნიღბიანი პატრული გამოჩნდა
ამობეჭდვა · 2017-07-31 00:39:00 · 410 ნახვა

სოხუმში პატრულირება ნიღბიანმა ე.წ. სპეცრაზმელებმა დაიწყეს. მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინოგენური ვითარების უკიდურესი გამწვავება გახდა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვითარება საკმაოდ რთულია და, 2017 წლის ექვსი თვის მუშაობის შედეგების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.

როგორც დე ფაქტო ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ამჟამად სისხლის სამართლის დანაშაულის 382 შემთხვევაა უკვე რეგისტრირებული, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 298 იყო. გამოვლენილია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის 78 ფაქტი, ხოლო გასულ წელს ეს მაჩვენებელი 47 იყო.

მათივე ინფორმაციით, 78 ფაქტზე აღძრულია მხოლოდ 42 ე.წ. სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 82 ადამიანი, მათ შორის რუსეთის 14 მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ ყაჩაღობისა თუ გატაცების ძირითადი სუბიექტები ტურისტები არიან. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ორი მოქალაქე გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი.

როგორც ცნობილია, პროფესიით მშენებელი ქალები ოკუპირებულ რეგიონში მოტყუებით ჩაიყვანეს, პასპორტები წაართვეს და მონურ შრომას აიძულებდნენ, მოგვიანებით კი ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნიც გახდნენ.

უკრაინის ორმა მოქალაქემ ბოლოს თავს გაქცევით უშველა. სამეგრელოში გადასვლის შემდეგ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. ახლა ორივე ქალბატონი უკვე უკრაინაშია.

კრიმინოგენური ვითარების გამო სოხუმში დანაშაულთან ბრძოლის აფხაზურ-რუსული ერთობლივი ცენტრიც შეიქმნა, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას, სისხლის სამართლით დევნილ პირთა მოძებნასა და გაცემაში დახმარების გაწევას ემსახურება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია აცხადებს, რომ კრიმინალი იქ ყოველთვის ხდებოდა, უბრალოდ, სოციალური მედიით ამის გაშექებამ იმატა.

"აფხაზეთისთვის ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მით უფრო, რომ ტურისტული სეზონი მათ, ფაქტობრივად, ჩაუვარდათ. ამ მიმართულებით ძალიან უჭირთ, შემოსავალმა იკლო, იქ ქართველები აღარ არიან, გალის ტერიტორიაზე კი იმდენი რუსი სამხედრო დგას, მათთან ყაჩაღური დაჯგუფებები ვერაფერს ახერხებენ და, შესაბამისად, ტურისტების სეგმენტიღა დარჩათ.

"აფხაზები არ არიან შრომის მოყვარული ხალხი. საბჭოთა კავშირის დროს აფხაზი ინიშნებოდა თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის აფხაზი იყო და არა იმიტომ, რომ კარგად მუშაობდა. აფხაზობით გაჰქონდათ თავი. დღეს უკვე ასე აღარ ხდება, რუსები მათ არაფრად აგდებენ და გაღიზიანებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ რუსები კარგი მანქანებით დადიან, ტურისტები ფულს ხარჯავენ და ა.შ. ამიტომ ზოგიერთ ჯგუფს ისღა დარჩენია, რომ მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს," - აცხადებს პაატა დავითაია.

რაც შეეხება ნიღბიანების პატრულირებას, დავითაია ამბობს, რომ ეს ვითარებას ვერ შეცვლის.

"ამდენი წელია, არაფერი გამოსწორებულა და ახლა რაღა გამოასწორებს?! მე რასაც თქვენ გიყვებით, ეს ყველაფერი მათ გენეტიკაშია. ეს არის ხალხი, რომელსაც არ უყვარს მუშაობა, არიან შეიარაღებულები, ჩადიან დანაშაულს და ასე იქნება ყოველთვის," - აცხადებს პაატა დავითაია.



ავტორი: "რეზონანსი"