გალის შემდეგ ქართულ სკოლებს სეპარატისტები ახალგორშიც აუქმებენ
ამობეჭდვა · 2017-08-01 00:20:00 · 414 ნახვა

ოკუპირებული გალის შემდეგ ახლა უკვე ახალგორშიც უქმდება ქართული სკოლები. გადაწყვეტილია, რომ სექტემბრიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებულ 8 ქართულ სკოლაში ქართულად სწავლება აიკრძალება. მოსწავლეები რუსული სახელმძღვანელოებით ისწავლიან, ის ქართველი პედაგოგები კი, ვინც ე.წ. ატესტაციას თავის საგანში რუსულად ვერ ჩააბარებენ, სამსახურის გარეშე დარჩებიან და მათ ცხინვალიდან ოსი პედაგოგები შეცვლიან.

ახალგორის ქართული სკოლების დირექტორები და პედაგოგები ცხინვალში, დე ფაქტო განათლების სამინისტროში უკვე დაიბარეს, ჩატარდა პირველი "ატესტაციაც" და ახალგორელებისთვის სექტემბრიდან მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვაც უკვე ცნობილია.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებაა, ახალგორიდან როგორმე ქართველები გააძევოს, ოღონდ არა ძალით, არამედ მათ ნებაყოფლობით დატოვონ "რესპუბლიკა" და ამისთვის ერთ-ერთ ხერხად ქართული სკოლების დახურვა გამოიყენა.

"ახალგორში სკოლების გარუსებას იყენებენ იმისთვის, რომ ქართველები იძულებული გახადონ, იქიდან წამოვიდნენ. მით უმეტეს, იციან, რომ წეროვანის დასახლებაში ბევრ ახალგორელს აქვს სახლი და ამიტომ ფიქრობენ, რომ ეს გეგმა იმუშავებს. ეს არის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის ინიციატივა და ანატოლი ბიბილოვმა "გაპრეზიდენტების" შემდეგ მალევე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. მიაღწევენ თუ არა მიზანს, რთული სათქმელია. ალბათ რაღაც ნაწილი იძულებული გახდება, დატოვოს საკუთარი სახლი," - ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, ბიბილოვი თავიდანვე აცხადებდა, რომ სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება" უნდა მოხდეს და რომ ამ მხრივ ახალგორელი ქართველები დიდი პრობლემაა.

არეშიძის განცხადებით, ქართულ მხარეს არაფრის გაკეთების საშუალება არ აქვს, ერთადერთი, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისაუბროს იმაზე, რომ ადამიანებს მშობლიურ ენაზე სწავლება ეკრძალებათ.

ქართულად სწავლება იკრძალება ახალგორის რაიონში მოქმედ ექვს სკოლაში, ასევე, საჩხერის სოფელ სინაგურისა და ზნაურის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ თითო ქართულ სკოლაში, სადაც 1-დან 4 კლასის მოსწავლეები ყველა საგანს რუსულად ისწავლიან, ქართული კი ერთ რიგით საგნად დარჩება.

როგორც აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას "გაპრეზიდენტებას" მოჰყვა ქართველების უფრო და უფრო შევიწროება და დღეს გალში ერთი ქართული სკოლაც არ არსებობს, სწორედ იგივე პოლიტიკა იწყება ახლა სამხრეთ ოსეთში ანატოლი ბიბილოვის "პრეზიდენტად" მივლინების შემდეგ. ჯერ კიდევ მაისში ბიბილოვი ახალგორს ეწვია და რამდენიმე დავალებაც გასცა. ერთი, რომ იმ სახლებში, რომლებშიც ბოლო 5 წელია, ქართველები მუდმივად არ ცხოვრობენ, ოსები შეესახლებინათ და მეორე - ქართულ სკოლებში სწავლება რუსულით ჩანაცვლდეს, ქართული კი უნდა დარჩეს მხოლოდ რიგით საგნად.

ბიბილოვმა მაშინ თქვა, რომ სკოლები ე.წ. რესპუბლიკის საერთო განათლების სისტემაში უნდა მოექცეს და ამიტომაც უნდა გაუქმდეს ქართულად სწავლებაც და ქართული სახელმძღვანელოების გამოყენებაც.

"პრეზიდენტის" ამ დავალების ასრულებას ცხინვალში ოპერატიულად შეუდგნენ ე.წ. განათლების სამინისტროში.

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ე.წ. განათლების მინისტრის მოადგილე ელისო გაგლოევა აცხადებდა, რომ "განათლების სამინისტრომ დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები ქართულ სკოლებში სწავლების რესპუბლიკის სტანდარტებზე გადასაყვანად" და ყველა ქართული სკოლა გადავა ამ ახალ სტანდარტზე, რაც ყველა საგნის რუსულად სწავლებას გულისხმობს.

"სექტემბრიდან მათ უკვე ექნებათ ის პროგრამა, რაც არის "რესპუბლიკის" სხვა ყველა სკოლაში," - ამბობს გაგლოევა.

ის ყველაზე დიდ პრობლემად ისტორიის სწავლებას ასახელებს. ამბობს, რომ ქართულ სკოლებში ისტორიას მათ საწინააღმდეგოდ ტენდენციურად ასწავლიდნენ, ეს წიგნები რეალურად სამხრეთ ოსეთის "რესპუბლიკის" წინააღმდეგ იყო, რის გამოც სახელმძღვანელოები სკოლებიდან გააძევეს. ახლა კი ჯერი მთლიანად ქართულ ენაზე სწავლებაზეც მიდგა.

საგულისხმოა, რომ ახალგორის ქართულ სკოლებში არც პედაგოგებმა და არც ქართველმა ბავშვებმა რუსული ენა არ იციან, რაც ცნობილია ე.წ. სამინისტროშიც, თუმცა აცხადებენ, რომ ეს მათი პრობლემა არ არის.

"რა, ოსმა ბავშვებმა იცოდნენ რუსული ენა? ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში, რუსულს ფლობდნენ? არა, მაგრამ ისინი მოდიან პირველ კლასში და სწავლობენ რუსულ ენაზე. ისწავლონ რუსული ენა. ოსებმა ხომ ისწავლეს? რაც მეტი ენა იცის ადამიანმა, მით უკეთესია," - ამბობს გაგლოევა.

ე.წ. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქართველი პედაგოგებისთვის სავალდებულო ხდება რუსული ენის სრულყოფილად ფლობა, რადგან მათ საგნები რუსულად უნდა ასწავლონ. ამიტომ ვინც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.